ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურებული, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ უხანში, რომელიც ინფექციის გავრცელების კერაა - სწორედ ამ ქალაქში გამოვლინდა ვირუსის პირველი შემთხვევა.(გაფრთხილება: მასალა შეიცავს მძიმე ფოტოებს).
უცხოური მედიასაშუალებები ქალაქიდან შემზარავ ფოტოებს ავრცელებენ, რომლებზეც აღბეჭდილია ვირუსის გამო ქუჩებში გარდაცვლილი და გონებადაკარგული ადამიანები.
გამოცემა The Sun წერს, რომ მედიკოსები ქუჩებში გარდაცვლილ ადამიანებს პოულობენ და ისინი პროზექტურაში გადაჰყავთ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს სპეციალური დამცავი ნიღბები უკეთიათ და შესაბამისი სამოსი აცვიათ.
BBC-ის ცნობით, ჩინეთის ქალაქებში აფთიაქებთან კილომეტრიანი რიგებია. აფთიაქების უმეტეს ნაწილში კი დეფიციტია მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო ნიღბებზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება „ძალიან ადრეა.“
შეგახსენებთ, გუშინ ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც.
დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.