თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, მუხიანის დასახლებაში მოძრავი № 17 სამარშრუტო ავტობუსი “ISUZU”-ს მარკის რვა მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა. ახალი ავტობუსები მგზავრებს მუხიანის IV ბ მიკრო რაიონიდან, გადასასვლელ ხიდამდე მოემსახურებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი ქეთევან ჯოხაძე დღეს ახალი ავტობუსების გასვლის პროცესს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
„თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, მუხიანის დასახლებაში კიდევ ერთი სამარშრუტო ხაზის მგზავრებს ახალი, ევროპული სტანდარტების ავტობუსები მოემსახურებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღეიდან, მათთვის ავტობუსით ყოველდღიური მგზავრობა უფრო კომფორტული, სწრაფი და მოსახერხებელი იქნება,“ - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
ორი დღის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრუტზე გადანაწილდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება:
N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი
N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება
N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი
N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი
N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“
N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება
N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა
N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი
უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი შეემატება.
„ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, გარდა ამისა, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე USB-დამტენები.