"ინტერპრესნიუსს" 20 წელი შეუსრულდა... ჟურნალისტი კობა ბენდელიანი საინფორმაციო სააგენტოში დაარსების დღიდან მუშაობს - მის თვალწინ შეიქმნა, ჩამოყალიბდა, განვითარდა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს "ინტერპრესნიუსი", რომელმაც მკითხველის ნდობა თავიდანვე მოიპოვა.
კობა ბენდელიანის ჟურნალისტობა გაცილებით ადრე, 1992 წელს შემთხვევით, სოხუმში საომარი მოქმედებებისას დაიწყო... ამ სფეროში მაშინ მოვიდა და დარჩა. დღეს მისთვის, ჟურნალისტური საქმიანობა ცხოვრების წესია...
AMBEBI.GE-სთან საუბარში კობა ბენდელიანმა 20-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილებიდან ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა. ერთ-ერთი, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" პერიოდს ეხება და ბევრი თქვენგანი, ამ ისტორიას პირველად წაიკითხავს...
"უამრავი ამბავი მომხდარა, რაც ჩვენი სააგენტოს ისტორია კი არა, უახლოესი საქართველოს კუთვნილებაა. ჩვენ მუდამ ამ პროცესების ამსახველები ვიყავით, ახლოდან ვუყურებდით ხშირად დრამატულ მოვლენებს, რომლებიც ბოლო წლებში განვითარებულა.
გასახსენებელი ამბავი ბევრია, ზოგის გახსენება ძალიან მძიმეა. ოდესმე შევეცდები, ეს აღვწერო. ახლა საიუბილეოდ, ჯობს გავხალისდეთ...
ჩვენი მთავარი რედაქტორი ბაია ცანავა კარგი მთავარი რედაქტორი, საუკეთესო მედია-მენეჯერი და უკარგესი კოლეგა გახლდათ, ამასთან, ის ყოველთვის გამოირჩეოდა იმის ანალიზით, თუ როგორ განვითარდებოდა სავარაუდოდ, პროცესები.
2003 წლის ნოემბერია, როგორც იტყვიან, ქუჩაში რევოლუცია მძვინვარებს. პარლამენტის წინ მდებარე მოედანსა და აქციაზე ვარ. მირეკავს ბაია და მეუბნება - "ჩვენი გოგონები კანცელარიასთან დგანან, გადადი კანცელარიასთან, შენს პოზიციაზე გოგონები გადმოვლენ. თავს გაუფრთხილდი, ისე მიდის საქმე, შეიძლება დღეს კანცელარიაც აიღონ. მოკლედ, გადადი!"
როგორც იქნა, მივაღწიე კანცელარიას. უი, საოცრებავ, ცოტა ხანში რევოლუციონერებმა კანცელარიის „შტურმი“ მართლაც დაიწყეს. ინგოროყვას ქუჩიდან დაიწყო პროცესი. ანუ კანცელარიის ზედა შესასვლელთან ზედახორაა... ვგრძნობ დაილეწება აქაურობა. არადა, ამ შენობაში შესასვლელი საშვი 11 წელია მაქვს და მენანება აქაურობის მილეწ-მოლეწვა.
გავერიე ხალხში, ვთხოვ, არ დალეწონ არაფერი, არ დაამსხვრიონ და გააფუჭონ. ერთი კი შემომხედეს უცნაურად, მაგრამ რევოლუციონერებმა რატამღაც მაინც თავისიანად ჩამთვალეს.
სულ ცოტა ხანში კანცელარია გაივსო ხალხით. უზარმაზარი ხალხის ნაკადით გაივსო კორიდორები და კიბეები. როგორც იქნა, მეთერთმეტე სართულამდე ავედი. დაიწყო შევარდნაძის კაბინეტის დალუქვის პროცესი. ჟურნალისტებს შემოგვთავაზეს შევარდნაძის კაბინეტში შესვლა, მე არ შევსულვარ. ეტყობა იმიტომ არ მოვინდომე შესვლა, რომ მანამდე ამ კაბინეტში სულ ცოტა 5-ჯერ მაინც ვიყავი ნამყოფი.
მას შემდეგ, რაც შევარდნაძის კაბინეტი დაილუქა, გია ბარამიძე მოვძებნე, ვუთხარი, კიბეებზე იმდენი ხალხი დგას, შესაძლოა, ვერ გაუძლოს და რამე უბედურება რომ არ მოხდეს, იქნებ როგორმე დაიწყონ ქვემოთ ჩასვლა-თქო.
როგორც ჩანს, ბარამიძეს ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა. მეგაფონით მიმართა ხალხს და სთხოვა, ქვემოთ ჩასულიყვნენ. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ შენობის მეთერთმეტე სართულის მისადგომებთან მეგრული ლაპარაკი ისმოდა, გია ბარამიძემ სამეგრელოდან ჩამოსულ ხალხს მიმართა - თქვენ მეშვიდე სართულზე უშიშროების საბჭო უნდა ჩაგაბაროთო.
ამის თქმა იყო, ისე სწრაფად ჩავედით მეშვიდე სართულზე, მეც კი გამიკვირდა. რევოლუციონერები ყველა სართულზე ტოვებდნენ 10-10 კაცს, საკმაოდ სწრაფად ჩავედით ვესტიბიულში, რომელშიც შესასვლელი ინგოროყვას ქუჩიდანაა.
"დალაშქრული" კანცელარიიდან კარგად ჩანს, რომ შენობის ირგვლივ უამრავი ხალხია. ხალხი აღფრთოვანებულია პრეზიდენტის კანცელარიის აღებით რევოლუციონერების მიერ.
კანცელარიის ვერსტიბიულში ასეთი სცენაა: რევოლუციონერი გოროზია (შემდგომში სამეგრელო-ზემო-სვანეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) გია ბარამიძეს ეუბნება - ბატონო გია, ხალხი შევარდნაძის სკამს ითხოვს. გია ბარამიძე - რას სკამს, ადამიანო? გოროზია პასუხობს: "შევარდნაძის სკამის დაწვას ითხოვენ".
გია ბარამიძე დაფიქრდა, რა ქნას. გოროზია მიხვდა, რომ შევარდნაძის სკამი არავის ჩამოუტანია, ოთახი მხოლოდ დაილუქა და იწყებს სკამის ძებნას. ორიოდ წუთში მოაქვს საკმაოდ მშვენიერი სავარძელი, რომელიც შესასვლელში მდებარე გარდერობის მუშაკ ქალბატონს ეკუთვნოდა. გოროზია ამ სავარძელს ბარამიძეს აჩვენებს და თან ეკითხება - ივარგებს? ბარამიძე - "მშვენიერია. რას იზამ შეეწიროს რევოლუციას!!!"
კანცელარიის ფოიედან თვალს ვადევნებთ თუ როგორ გააქვთ „შევარდნაძის სკამი“. ხალხი ხმაურიანი ოვაციებით ხვდება ამ ამბავს. ცოტა ხანში კანცელარიის წინამდებარე მოედანზე ასეთი სურათია - ცეცხლმოკიდებული სკამი „რევოლუციურად“ იწვის. ასე შეეწირა 2003 წლის რევოლუციას პრეზიდენტის კანცელარიის მეგარდერობეს სავარძელი..." - იხსენებს კობა ბენდელიანი.
წაიკითხეთ ვრცლად ინტერვიუ: "აქაურობა ჩემთვის სოხუმის სახლივით ძვირფასია" - რას იხსნებს ჟურნალისტი, რომელიც "ინტერპრესნიუსში" დაარსების დღიდან მუშაობს