2019 წლის 30 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მდებარე "სპარში" მომხდარი ინციდენტის შედეგად, სუპერმარკეტის თანამშრომელი მათე ჯომიდავა დაშავდა. ბიჭი, რომელიც თავდამსხმელის მხრიდან ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმის შედეგად მძიმე მდგომარეობაში იყო, გუშინ გარდაიცვალა.
19 წლის ახალგაზრდა თითქმის ერთი თვე კომაში იყო. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ჯომიდავა "სპარში" კონსულტანტად მუშაობდა. 30 დეკემბერს მაღაზიაში ერთმანეთს გამყიდველი და მომხმარებელი დაუპირისპირდენ.
ჩხუბმა სუპერმარკეტიდან ქუჩაში, მაღაზიის მიმდებარე ტროტუარზე გადაინაცვლა, სადაც თავდამსხმელმა ჯომიდავას სავარაუდოდ, ქვაფენილის ფილა ჩაარტყა თავში.
"იმ საღამოს მაღაზიაში ოთხი ახალგაზრდა ბიჭი შესულა, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ ოთხივე. ყვიროდნენ და ბილწსიტყვაობდნენ. მათე მისულა მათთან დასალაპარაკებლად, რის შემდეგაც შელაპარაკება მოსვლიათ. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ მათესთვის, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ამ დროს, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, ზუსტად არ ვიცი რა საგანი, სავარაუდოდ ქვა ჩაარტყა თავში. როგორც ოჯახმა გაიგო, ამ ოთხიდან ორი პირი დააკავეს და ორივე გირაოთია გათავისუფლებული“ - უთხრა AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ბიძაშვილმა.
19 წლის სტუდენტი აფხაზეთიდან დევნილი იყო. მისი ოჯახის წევრები გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობენ. ჯომიდავების ნათესავის თქმით, გარდაცვლილს აფხაზეთში ხვალ გადაასვენებენ.
"ეს უწესიერესი ბავშვი ილიას უნივერსიტეტში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კონსულტანტად. წვალობდა, რომ სწავლის საფასური გადაეხადა... მკვლელი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, არავის არ უნდა შერჩეს მათეს მკვლელობა!
შესაბამის დოკუმენტებს აკეთებს ჩემი ძმა და ხვალ აფხაზეთში გადაასვენებენ, საბერიოში" - განუცხადა AMBEBI.GE -ს გარდაცვლილის ნათესავმა მარინა ჯომიდავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ შემთხვევიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს ერთი ადამიანი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებამ სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.