ავტორი:

"ეტლს მიჯაჭვულმა საკანში 9 თვე გავატარე" - რატომ აბრუნებენ ციხეში აგვისტოს ომის მონაწილეს, რომელიც წამების შედეგად დაინვალიდდა

"ეტლს მიჯაჭვულმა საკანში 9 თვე გავატარე" - რატომ აბრუნებენ ციხეში აგვისტოს ომის მონაწილეს, რომელიც წამების შედეგად დაინვალიდდა

31 წლის აკაკი თოხაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. საპატიმროში გატარებულმა ორმა მძიმე წელმა, ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, მას ზურგის ტვინი დაუზიანა და ეტლს სამუდამოდ მიაჯაჭვა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია - თოხაძეს ქვედა კიდურები სრულად, ხოლო ხელები ნაწილობრივ პარალიზებული აქვს, კანონი სასჯელისგან მის გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას სასჯელი 2013 წლიდან გადაუვადდა, მაგრამ 2019 წლის თებერვალში კვლავ საპყრობილეში დააბრუნეს.

აკაკი თოხაძე AMBEBI.GE-ს საკუთარ ისტორიას უყვება და ამბობს, რომ თუ 2020 წლის ივნისში სამედიცინო ექსპერტიზას საკუთარი ხარჯებით არ ჩაიტარებს და სახელმწიფოს არ დაუმტკიცებს, რომ კვლავ შშმ პირია, ისევ ციხეში შეაბრუნებენ.

"თავდაცვის სამინისტროში ვმსახურობდი წლების განმავლობაში. 2008 წელს მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის ნაღმტყორცნელთა გაცვლის მეთაური ვიყავი. ჯარში ყოფნის დროს ვირუსი შემეყარა, გორის ჰოსპიტალში გამომიშვეს, საიდანაც დამიწერეს ისეთი შვებულება, რომ ნომერ პირველი განგაშიც კი არ მეხებოდა.

ტელევიზიით რომ გავიგე ომის დაწყების შესახებ, ჩემი ნებით გადავწყვიტე წავსულიყავი ომში. 20 წლის ვიყავი მაშინ. საჭირო იყო ოჯახის წევრების თანხმობა. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, 8 აგვისტოს უკვე კოდორის ხეობაში ვიყავი. სენაკის აეროპორტიდან გავფრინდით. სამი დღე ვიბრძოდით. იქედან 11 აგვისტოს ღამით გამოვედით. ძირითადად ფეხით მოგვიწია წამოსვლა, დაბომბვის საფრთხე იყო.

ჩვენ გვქონდა ბრძანება, რომ დაგვეტოვებინა კოდორი, ჩვენი მეთაურები, ახლა რომ გმირებად ჰყავთ შერაცხული, სენაკში კვადროციკლებით გაიქცნენ, ბრძოლის ველზე მარტო დაგვტოვეს და იქედან გვიბრძანეს, რომ დაგვეტოვებინა კოდორი. ბრძანების წინააღმდეგ ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებდით, ამიტომ მოვიქეცით ბრძანების შესაბამისად, თუმცა მერე ჩვენ დაგვაბრალეს, თითქოს ჩვენი ნებით დავიხიეთ უკან...

ამის შემდეგ, მათთან მუშაობა აღარ შეიძლებოდა. ისევ რომ ყოფილიყო ბრძოლა, მაგათ გვერდით ნამდვილად არ გვსურდა არაფერი. 2009 წლიდან სამუდამოდ ამოვეწერე სამხედრო სამსახურიდან" - იხსენებს თოხაძე.

რესპონდენტი AMBEBI.GE-ს უყვება იმ დანაშაულის შესახებაც, რომლის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა. თოხაძე ციხეში 2011 წელს მოხვდა. გამოიარა ცნობილი "კარანტინები" და "წითელი პარასკევები", სასტიკი ცემისა და წამების შედეგად, პატიმრობის ორი წლის თავზე წელსქვემოთ მოწყდა.

"2011 წელს მუშაობა უნდა დამეწყო სამგორში მაღაზიაში, გამყიდველად. სტაჟირებაზე ვიყავი. ამ დროს მართლაც ჩავიდინე დანაშაული - ნავაჭრი თანხა და პროდუქტები გავიტანე მაღაზიიდან... ყველაფერი ჯამში 2 000 ლარის ღირებულების იყო. თუმცა, როცა დამაკავეს, ფაქტიდან 15 დღეში, ბრალი წამიყენეს ორჯერ მეტი თანხის მითვისებისთვის.

მედავებოდნენ სხვისი ქონების მითვისებას, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების 7 წლით აღკვეთას. მომისაჯეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა და გადამიყვანეს გლდანის მერვე დაწესებულებაში. იმ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება, რასაც მოჰყვა ჩემი სამუდამო დაინვალიდება...

თავიდან საკარანტინო ოთახში ჩამიყვანეს, სადაც ყველა ახალდაკავებული ბრალდებული იყო. თან ჩემი მისვლა ე.წ. წითელ პარასკევს დაემთხვა. პირველივე დღეს მომიწია ცნობილი "გავლა". 30 ადამიანი ჩაგვამწკრივეს, დასაწყისში 10 მეტრის მანძილზე აქედან და იქედან იყვნენ ჩამწკრივებული ზონდერები. ჩვენ უნდა გაგვევლო ეს რიგი. ბოლოში იჯდა ალექსანდრე მუხაძე (გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ავტ) და ოლეგ ფაცაცია (გლდანის ციხის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი). მათთვის უნდა მიგვეწოდებინა საკნებში განაწილების ბარათები, რომლებზეც ჩვენი სახელები, გვარები და ის მუხლები ეწერა, რისთვისაც ვიყავით დაკავებულები.

სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა, მესმოდა არაადამიანური, შემზარავი ხმები: "ვაიმე , დედა", "ნუ მომკლავთ", "რას მერჩით"... დარტყმის და ტირილის ხმები. ეს ხმები კიდევ უფრო გვტეხავდა ფსიქოლოგიურად. ვოცნებობდი, ნეტა პირველი მე გამევლომეთქი... გვცემდნენ ხელებით, წიხლებით, სკამის ფეხებით, „დუბინკებით“. როცა მორჩა "გავლა", შეგვიყვანეს ოთახში, შემოვიდა ლადო ბედუკაძე (გლდანის #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, ციხის კადრების გამავრცელებელი. ავტ) და გამოაცხადა სახელებით და გვარებით, ვინ ადიოდა საკნებში და ვინ რჩებოდა კარანტინის ოთახებში. მე დამტოვეს იქ.

ერთი კვირა მომიწია ლოდინი და ამიყვანეს ყველაზე მძიმე "C კორპუსში", 254-ე საკანში. ექვსკაციან საკანში შემასახლეს. პატიმრები ნორმალურად ექცეოდნენ ერთმანეთს. ვინ გაბედავდა ჩხუბს?! ხმამაღლა საუბარის გამო სიკვდილამდე სცემდნენ პატიმრებს. ჩურჩულით ვსაუბრობდით მთელი დღე. იყო სასტიკი ცემა და არაადამიანური მოპყრობა. აბანოში შესასვლელად 3-4 წუთი გქონდა გამოყოფილი. რამდენიმე წამით დამაგვიანდა აბანოდან გამოსვლა. რის გამოც სასტიკად მცემეს, აბანოში დამაბეს შიშველი ერთი კვირა და ზემოდან წვეთობით მესხმებოდა წყალი...

ამის შემდეგ დამეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. ელვის სისწრაფით მძიმდებოდა ჩემი მდგომარეობა. დამემართა ტუბერკულოზი, ფეხები წამერთვა. საბოლოოდ, სრულად დავინვალიდდი. ეტლი მომიტანეს და ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულმა საკანში გავატარე ცხრა თვე.

საბოლოოდ მომისაჯეს ექვსი წელი. ამნისტია შემეხო და გამინახევრდა სასჯელი. ორი წელი გავატარე საკანში. ვიდრე შიმშილობა არ გამოვაცხადე, არავინ ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით. ბოლოს როგორც იქნა, გადამივადეს სასჯელი და გამომიშვეს 2013 წელს.

როგორც ექიმები მიხსნიან, ზურგის ტვინის ცენტრალურ არხში დაიკარგა ზურგის ტვინის სითხე და მის ადგილას კისტები წარმოიქმნა. ჩემი მდგომარეობა განკურნებას არ ექვემდებარება. საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის სრული მოშლა მაქვს. ფეხები ხომ სრულად პარალიზებული მაქვს, თუ ცოტა შემცივდა ხელებიც პარალიზებული მიხდება. ჩამიტარეს გამოკვლევები ციხეში და რომ დარწმუნდნენ გამოჯანმრთელების შანსი არ მქონდა, გადამივადეს სასჯელი.

თუმცა, 2019 წლის თებერვალში კვლავ საპყრობილეში დამაბრუნეს, რადგან სავალდებულო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ვერ შევძელი. სამი თვე გავატარე ციხეში, ჩამიტარეს გამოკვლევები და ისევ გადამივადეს. ახლაც იგივე მემუქრება. 2020 წლის ივნისის თვეში თუ ექსპერტიზას არ ჩავიტარებ და ხელახალ დასკვნას არ წარვუდგენ პენიტენციურ სამსახურს, ისევ შემაბრუნებენ ციხეში. რა კანონია ასეთი?! 1500 ლარის გადახდის საშულება ნამდვილად არ მაქვს და ვერ შევძლებ ექსპერტიზის ჩატარებას..." - უყვება AMBEBI.GE-ს აკაკი თოხაძე.

ყოფილი ჯარისკაცის უფლებებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე იცავს. უფლებადამცველის თქმით, თოხაძე ფაქტობრივად, წამების მსხვერპლია, რადგან არ არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შებრუნების ობიექტური საჭიროება.

"ეს არის ფაქტობრივად ადამიანის წამება. თუ საკუთარი სახსრებით ვერ ჩაიტარებს ექსპერტიზას, რისი საშუალებაც მას არ აქვს, შეაბრუნებენ ციხეში. 1 500 ლარზე მეტი ღირს ეს ექსპერტიზა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯამრთელობის მდგომარეობა არის უმძიმესი და პროგრესირებადი, მას არ ათავისუფლებენ სასჯელისგან, უვადებენ და გადავადების პერიოდში რა დროის გატარებაც უწევს საპატიმროში, ის დრო არ აკლდება მთავარ სასჯელს.

სულ დარჩენილი აქვს დააახლოებით ერთი წელი. გასულ წელს როცა შეაბრუნეს ციხეში, სანამ ექსპერტიზა ჩაუტარეს და დასკვა მოვიდა, სამი თვე მოუხდა საკანში ყოფნა, თუმცა ეს პერიოდი არ გამოაკლდა მის სასჯელს. ახლაც იგივე განმეორდება სავარაუდოდ, თუ არ შეცვალეს რამე.

საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ეს ადამიანი ფაქტობრივად ტრიალებს წრეზე და მუდმივი პატიმარია" - აცხადებს დიმიტრი ნოზაძე.