"მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" ეთერში გიორგი გაბუნიამ მონოლოგის დროს მარადიულ თემაზე - "ოცნების" და "ნაციონალების" დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სააკაშვილი მმართველობას ვეღარ დაბრუნდება და ამით ივანიშვილი მხოლოდ აშინებს საზოგადოებას.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულმა მიმართვამ მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ყოფილმა პრეზიდენტმა გაბუნიას უპასუხა.
აი, რაზე ისაუბრა წამყვანმა მონოლოგში:
"...სააკაშვილი მეც არ მომწონს ბევრი თვალსაზრისით და შესაბამისად, არც არასოდეს ვყოფილვარ მასზე გადარეული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვხედავ მასში დადებითს და იმ დიდ სარგებელს, რაც მან მოუტანა ერთ დროს ამ ქვეყანას.
საერთოდ, არ წარმომიდგენია, ჩვენს ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკოსი გიყვარდეს. ხელისუფლებებმა, პარტიებმა იმდენად გაუცრუვეს იმედი ხალხს, მცნება პოლიტიკოსი იმდენად გაუფასურებულია, რომ ხალხს ისინი უფრო მეტად სძულთ, ვიდრე უყვართ...
ხალხმა უნდა ვმართოთ ქვეყანა, გამოვიყენოთ პოლიტიკოსები და არა პირიქით. დროა დავიჯეროთ საკუთარი ძალის და არ გვეშინოდეს, რომ სამსახურიდან გამაგდებენ თუ ბიძინას ხმას არ მივცემ, ან "სისხლიანი ცხრა წელი" დაბრუნდება თუ ხმას არ მივცემ... რატომ აშინებინებთ თავს? რა გჭირთ ტო?
ჯერ ერთი, საქართველო შეიცვალა - ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. მას ამის უფლებას აღარავინ მისცემს. ეს თვითონაც კარგად იცის და ამიტომაც დასთანხმდა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას.
ეს სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს აწყობს, რომ თუ "ქართულ ოცნებას" არ მისცემენ ხმას, აუცილებლად "ნაციონალები" წამოაჯდებიან ქვეყანას თავზე. ვერ წამოაჯდებიან, რადგან ზუსტად ის ოპოზიციური პარტიები გამოჭამენ ყელს, რომლებიც ახლა მათ გვერდით იბრძვიან, შემდეგ კი ხალხი გასცემთ ამაზე პასუხს..." - აღნიშნა გაბუნიამ გადაცემის მონოლოგში.
როგორც ჩანს, სწორედ ამ ფრაზებმა გააღიზიანა ექს-პრეზიდენტი და ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა კიდეც:
"ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს, რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა, ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი, ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე.
თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. მას აქვს უფლება გამოთქვას ყველანაირი აზრი და ხალხს ზუსტად ასევე აქვს უფლება ეს აზრი გაატაროს.
Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში - ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. დაიმახსოვრეთ, საზოგადოების ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That’s how f-n democracy functions stupid! (ასე მუშაობს დემოკრატია, სულელო) და ისე გილოცავთ ნათლისღებას!" - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.