ტკივილი მენსტრუაციის დროს, ჭარბი გამონადენი საშოდან, შარდსასქესო სისტემების დაავადებები - ქალებსა და მამაკაცებში მთელი რიგი დაავადებების მიზეზი, შესაძლოა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იყოს.
როგორც აღმოჩნდა, მათგან თავის დასაცავად და რისკების შესამცირებლად, მამაკაცების ნაწილი ხშირად წინდაცვეთასაც მიმართავს. AMBEBI.GE-მ საჭირო და საინტერესო თემებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგ სოფიო ბოჯგუას მიმართა:
- სოფო, სქესობრივი გზით გადამდები რომელი ინფექციებით ავადდებიან ქალები ყველაზე ხშირად?
- ბაქტერიების, ვირუსების და სოკოვანი დაავადებების გარდა, სასურველია ვიცოდეთ ტორჩ-ინფექციების არსებობის შესახებაც, რომელშიც შედის: ტოქსოპლაზმოზი, წითელა, ციტომეგალოვირუსული და ჰერპეს ინფექციები.
ძალიან გავრცელებულია პაპილომა ვირუსი, რომლის ორასამდე სახეობა არსებობს და აქედან ცხადია ყველა არ არის ონკოაგრესიული ტიპი. ზოგადად, აქამდე ითვლებოდა რომ ძირითადი გადამდები წყარო მამაკაცია, მაგრამ ასე ხელაღებითაც ვერ ვიტყვით, შეიძლება სხვადასხვა სახის გზით მოხდეს დაინფიცირება, კანით-კანთან კონტაქტიტაც გადაგვედოს. ასევე, ბოლო პერიოდის კვლევებით აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია დედიდან-შვილზეც გადავიდეს ინფექცია, თუნდაც მშობიარობის პროცესში.
- რამდენად მძიმე დაავადებებად ითვლება ინფექციები?
- მაგალითად, რომ ავიღოთ ჰერპეს ვირუსის შემთხვევა, ცხადია ცუდ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. მისი გააქტიურება შეიძლება დაერთოს სტრესს, გაციებას, გადახურებას. ასევე, ძალიან ცუდია ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა ვირუსების დროს, შესაბამისად მდგომარეობაც უარესდება.
წყვილი მეტნაკლებად დაცულია ინფექციებისგან, თუ ერთი და იგივე პარტნიორი ჰყავს, პაპილომას და სხვა სქესობრივად გადამდები დაავადებების არსებობის რისკი იზრდება მრავალი სქესობრივი პარტნიორის დროს. ამდენად, კონდომის გამოყენება რეკომენდირებულია, მიუხედავად იმისა, რომ კონდომი ყველაფრისგან ვერ იცავს.
- ორალური სექსი თუ შეიძლება იქცეს რისკის წყაროდ?
- ორალური სექსის შედეგად გადადებულმა პაპილომა ვირუსმა, შეიძლება საყლაპავის და ხორხის კიბოც კი გამოიწვიოს. მსგავსი შემთხვევები არის კვლევებში აღწერილი. საერთოდ, პირის ღრუში ძალიან დიდი რაოდენობით ბაქტერიაა და შეიძლება ნებისმიერი სხვა ინფექციის გადაცემაც მოხდეს პარტნიორზე. პირის ღრუ ერთ-ერთი სახიფათო და კარგად მოსავლელი ორგანოა.
ასევე, სქესობრივი ინფექციებისგან თავის დასაცავად, რეკომენდაცირებულია, რომ არაა მიზანშეწონილი ახალგაზრდა ასაკში დაწყებული სქესობრივი ურთიერთობა - უმჯობესია 18 წლიდან ზევით.
- სიცოცხლისთვის სახიფათო რომელი ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს?
- ყველაზე სახიფათოა შიდსის ვირუსი, რომლის გადადების შემთხვევაში შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეს ადამიანი. გასულ საუკუნეში ეგონათ, რომ ჰერპეს ვირუსი კიბოს იწვევდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თუმცა, თუ ქალი გეგმავს დაორსულებას, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ზემოთხსენებულ ტორჩ-ინფექციებს.
ხშირად გვესმის, რომ ქალს აქვს უბრალო გამონადენი და თითქოს ეს არაფერია. ამ დროს, შეიძლება ეს მიგვითითებდეს, ქრონიკულად მიმდინარე ანთებით პროცესზე მცირე მენჯის ღრუში. ასევე ტკივილი და მუდმივი დისკომფორტი, არ არის მხედველობის მიღმა დასატოვებელი, ვინაიდან შეიძლება მიგვიყვანოს კვერცხსავალი მილის (ფალოპის მილი) ანთებებამდე, რაც შემდგომში შექმნის შვილოსნობის პრობლემებს.
- სოკო, რომელიც ბევრ ქალს აქვს, რამდენად საშიშია?
- კანდინას ტიპის სოკო, ეს არის ჩვენთვის ნორმალური, თუმცა თუ ის გამწვავდა და მოგვცა კლინიკური გამოვლინება, აუცილებელია მივმართოთ გინეკოლოგს. კლინიკურ გამოვლინებაში ვგულისხმობ: წვას, დისკომფორტს, გამონადენს ჭარბი რაოდენობით, სუნს, სიწითლეს და ა.შ.
- ხშირად ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა სოკო ქალს ან მამაკაცს გადაედოს ზღვიდან, აუზიდან, ან საერთო მოხმარების უნიტაზიდან?
- როდესაც ზღვაზე და აუზზე მივდივართ, ჩავხტებით ცივ წყალში და შემდეგ ამოვდივართ მზეზე, ამ დროს შეიძლება ოდნავ შეგვცივდეს ან დაგვცხეს. ეს უკვე ორგანიზმისთვის სტრესია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენშივე არსებული ბაქტერიებისა და ინფექციების გაღვიძება, ასევე ჰერპეს ვირუსის და ამ დროს გამწვავდეს სოკო, შემდეგ ცხადია ამ ყველაფერს ვუკავშირებთ ზღვას.
რაც შეეხება უნიტაზს, მითია, რადგან არავინ არ დაჯდება ისეთ უნიტაზზე, რომელიც ძალიან ბინძურია.
ზოგადად საშოს ლორწოვანი არის ძალიან ნაზი, ისედაც სულ ჩახურებულ მდგომარეობაშია და ზედმეტი ფაქტორები არ არის სასარგებლო, თუნდაც საფენები. მაგალითად, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ყოველდღიური საფენები, ამწვავებს სოკოვან დაავადებებს.
რაც შეეხება მენსტრუაციის დროს გამოსაყენებელ საფენებს, ძალიან კარგია თუ მას მენსტრუალური ჭიქით შეცვლით, რაც ასევე ჰიგიენურია, თუ ქალს შეუძლია კომფორტულად ჩაიდგას და გენიტალიები არ დაიზიანოს. ის ნაკლებად იწვევს გადახურებას და ბაქტერიების გამრავლებას არ უწყობს ხელს.
- რამდენად იცავს მამაკაცს ინფექციებისგან წინადაცვეთა?
- მეცნიერებას ამ თემაზე დღემდე ომი აქვს. აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი. არგუმენტი, რომ ამ დროს მამაკაცის სასქესო ორგანოზე დამატებითი ინფექციები არ გროვდება, მავანნი ამბობენ, რომ ეს ქალებს იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს არათუ წინადაცვეთა, არამედ ჩუჩის გადაწევაც დაუშვებელია ბავშვებში, რაც დღეს ძალიან პოპულარულია საქართველოში. აქვე გეტყვით, რომ მამაკაცები მოზრდილ ასაკშიც კი მოსულან და ექიმისთვის უთქვამთ, რომ რეალურად, ამ პროცედურის შემდეგ ინფექციებისგან დაისვენეს.
არიან მამაკაცები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მკურნალობენ შარდასქესო დაავადებებს და ბოლოს, მხოლოდ წინადაცვეთა შველით. მეტსაც გეტყვით, ევროპაში არსებობს „ასოს კლინიკა“, სადაც წინდაცვეთა კეთდება სამედიცინო თვალსაზრისით და აქ არაფერ შუაშია რელიგია.
- რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ კახეთში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა არსებობს, რაც შოკისმომგვრელი იყო საზოგადოებისთვის...
- დიახ, ეს იყო საშინელი ფაქტი, ეს არ ჯდება არანაირ ჰიგიენურ, ანატომიურ და მორალურ ჩარჩოში. ქალებისა და კაცების სქესობრივი ორგანოები არის სრულიად განსხვავებული. ამ შემთხვევაში წინადაცვეთა კი არ ხდებოდა, ქალებს აჭრიდნენ კლიტორს, რომ არ მიეღოთ სექსის დროს სიამოვნება და ორგაზმი. ეს არის უბრალოდ ადამიანის წამება!
საქართველოში მხოლოდ ერთი პაციენტი მყავს ნანახი, არ იყო ქართველი. კლინიკაში მოვიდა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. აღმავალი ინფექცია ჰქონდა, გართულებული ტემპერატურული რეაქციით, რა თქმა უნდა არ შეეძლო სექსი, მუდმივი ანთებითი პროცესის გამო, ცხადია შეხორცებაც რთულად მიმდინარეობდა. ეს არანაირ სამედიცინო მანიპულაციას არ მიეკუთვნება, ეს არის სადიზმი. ვისურვებდი, რომ ეს არსად ხდებოდეს.
ადამიანებს კი მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და ჯანსაღი ურთერთობები - გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ერთმანეთის ჯანმრთელობას!