საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყლის კურთხევის წესი აღასრულა. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა.
პატრიარქმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ "მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან".
"გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი!", - აღნიშნა პატრიარქმა.
ქადაგების შემდეგ პატრიარქმა სურამ-ხაშურის და რუსთავის ეპარქიებიდან ნორჩი ჩოხოსნები დალოცა.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ტარდება.