ვარკეთილში, "ანას ბაღთან" აქციაზე დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, კიდევ 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ავტომობილებში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაარიდეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაციას ამოწმებენ.
შეგახსენებთ, ამავე აქციაზე დღეს 6 პირი დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის განცხადებით, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.
„ისინი 173-ე და 166-ე მუხლებით არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს",-განაცხადა კახა ბუხრაძემ.
ცნობისთვის, მოსახლეობის მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ 10- სართულიანი კორპუსი არ აშენდეს და ისევ გამწვანება დარჩეს.