აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დღეს დილით სროლის ხმა ისმოდა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ე.წ. შს მინისტრი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ "პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან" სროლა არ ყოფილა.
"მე აქ ადგილზე ვარ. არც ერთხელ გამიგია სროლის ხმა" - აცხადებს რაულ სმირი.
მისივე თქმით, სამართალდამცველების მთავარი დავალებაა, არ დაუშვან ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციისა და „მთავრობის“ მომხრეებს შორის.
„ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ. ჩვენი საქმეა, არ მოხდეს დაპირისპირება, არ დავუშვათ სისხლისღვრა“,- აცხადებს სმირი.
სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო. მათი თქმით, „არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.
„თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ამჟამინდელ მთავრობასა და ოპოზიციას წავიდნენ კომპრომისზე და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადეს ე.წ. სამინისტროს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით ისინი შენობაში შეიჭრნენ.
აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.
მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ მიმართავენ „სახელმწიფოს მეთაურის“ თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგეს, თუმცა რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.
მობეზრდა რა ამ ხალხსაც რუსეთის მათხოვრობაში ყოფნა. აფხაზეთი საქართველოსია და გეკითხებით როგორ შეიძლება დედას შვილი ჩამოაშორო? მიდით აფხაზებო მიაწექით. ჩვენ ძმები ვართ და საერთოდ რაშუაშია რუსეთი ჩვენს შორის?
ამ აფსუებმა 25 წელიწადია ვერ გაიგეს, რა ქნან, ვის დააბრალონ თავიანთი სავალალო მდგომარეობა. კიდევ კარგი, ქართველებს რომ არ გვაბრალებენ(ისე, კია პუტჩისტების ბრალი რაც იქ 1992-93 წწ მოხდა)..ღმა ჩიხში არიან შესულები და ხაჯინბას არძინბათი და კვიწინიებით შეცვლა მაგათ არ უშველით..