გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გალდავას ინფორმაციით, გუდაურში წყლის მომარაგების აღდგენას დღეს, საღამოს საათებში ელოდებიან, ხოლო ბაკურიანში წყალი შეფერხებით მხოლოდ 10%-ს მიეწოდება და პრობლემის მოსაგვარებლად ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, ახალი დასახლების გარდა, გუდაურის სხვა ნაწილში წყალმომარაგების პრობლემა არ ყოფილა და ამჟამად წყალი ახალი გუდაურის 4 კორპუსს მიეწოდება.
„გუდაურში პრობლემის მოგვარებაზე ვმუშაობდით, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა და 24 საათი ვიმუშავეთ დღე-ღამის განმავლობაში. გვჭირდება მხოლოდ წნევის რეგულირება და მცირე შიდა სამუშაოები იმისათვის, რომ გუდაურის ახალ დასახლებას მიეწოდოს წყალი საღამომდე, ცენტრალური წყალმომარაგების ქსელის მეშვეობით. ახალი დასახლების გარდა გუდაურის სხვა ადგილას წყალმომარაგების პრობლემა არ ყოფილა. რაც შეეხება ახალ გუდაურს, მათ აქვთ შიდა რეზერვუარი რომლის შევსებაზეც მუდმივად ვმუშაობდით და მათ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ წყალი, ამჟამად ახალი გუდაურის 4 კორპუსს წყალი მიეწოდება. ვეცდებით, საღამომდე მთლიანად ჩაირთოს გუდაური,“ - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თქმით, დაბა ბაკურიანში, წყალი შეფერხებით მიეწოდება აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს, ტაქაძის ქუჩის ნაწილსა და კოხტა-მიტარბის მიმდებარედ არსებულ რამდენიმე სასტუმროს.
„რაც შეეხება ბაკურიანს, მშრალი ყინვებისა და უთოვლობის გამო, არსებული დებიტი ყოველთვის პრობლემურია, დეკემბერში ვიმუშავეთ და ის წარმადობა, რომელიც გვქონდა 120 ლ/წმ - ში გავზარდეთ 190 ლ/წმ - მდე. სადაც რამე წყარო არსებობს ვცდილობთ სათავე ნაგებობებში მოვათავსოთ. ბაკურიანის მოსახლების 90%-ს წყალი ნამდვილად აქვს. წყალი შეფერხებებით მიეწოდება მხოლოდ 10%-ს: აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს, ტაქაძის ქუჩის ნაწილსა და კოხტა-მიტარბის მიმდებარედ არსებულ სასტუმროს, რასაც ვცდილობთ ოპერატიული სამუშაოებით გავუმკლავდეთ,“ - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.