ნიკა შუბითიძე მეგაშოუ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია. თუმცა ფართო მაყურებელი რატომღაც როგორც საჩხერელს, ისე იცნობს, არადა მასთან საუბრისას გაირკვა, რომ რუსთავშია დაბადებული, გაზრდილი და ახლაც იქ ცხოვრობს.
"თავიდან შოუში რომ მივედი, ილო ბეროშვილს რაღაც გავეხუმრე, საჩხერელი ვარ-მეთქი და მერე ასე დარჩა. საჩხერელი წარმოშობით ვარ, რუსთავში ვცხოვრობ, რუსთავის 21-ე სკოლაში ვსწავლობდი... მესამე კლასიდან მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი, ვუკრავ სიმებიან და დასარტყამ ინსტრუმენტებზე (თვითნასწავლი ვარ), ფორტეპიანოზე. ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. მუსიკალური რომ დავამთავრე, იმის მერე აღარ მიმღერია, ერთადერთი - ტაძარში ვგალობ... გარდატეხის პერიოდში, მუტაცია მქონდა და ამის გამო სიმღერა შვწყვიტე" - გვეუბნება ნიკა შუბითიძე, რომელიც სხვა კონკურსანტებისგან იუმორის განსაკუთრებული გრძნობით გამოირჩევა. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობისას "კავეენის" თამაშით დაინტერესდა და როგორც ამბობს, საქართველოს ნაკრების წევრია. "კავეენს" ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. გარდა იმისა, რომ ნაკრებში ვარ, გავაკეთე "საჩხერის ნაკრები გუნდიც". ამ საქმეს დიდი მონდომებით მივყვები" - აღნიშნავს ნიკა.
- ხარ მხიარული, ენაკვიმატი, ამ თვისებების გამო სიტუაციიდან ადვილად გამოდიხარ და მგონი, იმასაც ახერხებ, გულთან არ მიგაქვს რაღაც-რაღაცები. რას იტყვი?
- ყველაფრი სწორად თქვით, ოღონდ, ერთს შევასწორებდი. ძალიან მინდა, გულთან ნაკლები წყენა მივიტანო, რადგანაც ასეთი დამოკიდებულება ადამიანს ბევრ რაღაცაში ადგება, თან ყველაფერი სანერვიულო არ არის, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი რამ მაღიზიანებს, ისეთი ნიუანსებიც კი, რომელიც შეიძლება ბევრისთვის არაფერს ნიშნავდეს. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, საკმაოდ ემოციური ვარ, მაგრამ ჩემი სამსახიობო ნიჭის წყალობით, რაღაცებს მაინც მარტივად ვუდგები.
- თეატრალურ უნივერსიტეტში რატომ არ ჩააბარე?
- მქონდა ეგ იდეაც, მაგრამ რადგან ტექნიკურ უნივერსიტეტში მოვხვდი, მერე "კავეენის" თამაშიც დავიწყე და ეგ სურვილიც გამიქრა. თან "თეატრალურში" სხვა გამოცდები იყო ჩასაბარებელი, რომლის მომზადებაც იმ პერიოდში ვერ მოვასწარი. ამასთან, აქეთ მეტად გადმოვერთე. ნიკა მახვილაძის მადლობელი ვარ, იქ ჩვენი "მანსანკანის" პრეზიდენტია. მან ბევრი რამ მასწავლა, გამზარდა...
- როგორ ფიქრობ, ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა?
- არა - სიტუაცია უნდა გვიწყობდეს ხელს, რომ ვიხუმროთ. სამწუხაროდ, მაგის შანსი არ არსებობს, რომ კაცმა სულ და ყველაფერზე იხუმროს. იუმორთან დაკავშირებით კიდევ იმას დავამატებ, რომ დედა ქუთაისელი მყავს და იუმორში ბევრი რამ მისგან მომდევს... დღეს ადამიანს ბოღმა თან სდევს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, გავანეიტრალოთ ის. ვერ გეტყვით, რომ ჩემ გარშემო ბევრია ასეთი სიტუაცია, მაგრამ თუ მსგავს რამეს შევამჩნევ ხოლმე, განეიტრალებას აუცილებლად ვცდილობ.
- ისე, "კავეენის" წყალობით, როგორც ჩანს, აუდიტორიასაც შეჩვეული ხარ, მაყურებლის აყოლიება შეგიძლია...
- გეტყვით, რომ ჩემი შესაძლებლობების არათუ მაქსიმუმი, ალბათ მინიმუმიც ჯერჯერობით არ გამომივლენია. მართლაც მეტი შემიძლია. მაყურებელზე გავლენის მოხდენის უნარი შეიძლება მქონდეს, მაგრამ გეტყვით, რომ ამ უნარის გამოვლენის საშუალება ჯერ არ მომცემია იმის გამო, რომ რეპერტუარი არასდროს ემთხვევა ჩემს ხასიათს და თუ ეთხვევა, ის ვარიანტი მაინც არ არის, რა ვარიანტის სიმღერაც მე მინდა... ამაში კონკურსანტები, ჩემი აზრით, შეზღუდულები ვართ, რადგანაც ეს კონკურსია. მეტი რეიტინგი, ხალხის სიყვარული მაშინ მექნება, თუ ისე მოვიქცევი სცენაზე, როგორც მე მინდა, მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს კონკურსია და ამას არ ითვალისწინებს.
- ამ პროექტში რატომ მოხვედი და რა მოლოდინი გაქვს?
- თავიდან კასტინგზე მეგობარს წავყევი, აკომპანიმენტი უნდა გამეკეთებინა... მოკლედ, მის საგულშემატკივროდ მისული ბოლო-ბოლო თვითონაც ჩავერთე ამ ამბავში და კასტინგზეც აღმოჩნდი. სამი "კი" მივიღე - გიტარით ვიყავი მისული, ჩემივე კომპოზციები შევასრულე.
- ორშაბათს ნინო ქათამაძი ტური გექნებათ. ამ მუსიკოსის შენი ვერსია უნდა შესთავაზო მაყურებელს?
- ამ ტურის მომზადებაში ნინო ქათამაზე გვეხმარება. რეპეტიციებზე ჩვენთან დადის და მთავარი მითითება ისაა, რომ უნდა იყოს ჩვენი ვერსია. მთლად ნინოს გავლენას ალბათ ვერ გავექცევით, რადგანაც „ქათამაძე“ ყურშია უკვე გამჯდრი... ყველას პირობას ვაძლევ, რომ იმ ვერსიას, რომელსაც შევასრულებ, ნინო ქათამაძისას არ ემსაგავსება, რადგანაც მინდა, ბევრმა ადამიანმა კარგად გამიცნოს. მათი აზრი კი ჩემთვის მნიშვნელოვანია.