ამერიკელმა სამხედროებმა, ბაღდადში, საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს. თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.
როგორც CNN წერს, სოლეიმანი ირანში გმირად მიიჩნეოდა - მამაცი, ქარიზმატული და ჯარისკაცებისთვის საყვარელი გენერალი - ასე ახასიათებენ ირანელები ქასემს.
ირანელებისთვის გმირ სამხედროს აშშ-ში "ცივსისხლიან მკვლელს" უწოდებენ..
CNN-ის ცნობით, სოლეიმანი ირანში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. ის ირანული რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალი გახლდათ და ხელმძღვანელობდა ირანის საზღვარგარეთულ სამხედრო ოპერაციებს და მათ შორის, ისეთ ოპერაციებს, რომლებიც აშშ-ში ტერორიზმად მიიჩნეოდა.
ყასემ სოლეიმანის სამხედრო კარიერა ირანი-ერაყის ომის დროს ადრეულ 1980 წელს დაიწყო. სოლეიმანმა დიდი როლი ითამაშა ირანის, როგორც გავლენიანი ქვეყნის ჩამოყალიბებაში და შუა აღმოსავლეთში ქვეყნის პოლიტიკური როლისა და გავლენების გაზრდაში.
„ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მებრძოლი იყო. ჯარისკაცებს უყვარდათ. იყო მშვიდი, ამავდროულად, ქარიზმატული, სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებში გენიოსი“, - ამბობს CNN-თან საუბრისას გენერალ ლეიტენანტი, ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში, მარკ ჰერთლინგი.
„ირანის ჩრდილოვანი მმართველი“ - ასე მოიხსენიებენ გარდაცვლილ გენერალს.
პენტაგონის ინფორმაციით, სოლეიმანი და მისი ჯარისკაცები ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილზე არიან პასუხისმგებელნი.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები თვლიან, რომ ერაყის ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ სპეციალურად დამზადებულ ბომბებსა და სხვა საბრძოლო მასალას ISIS-ის მებრძოლებს სოლეიმანის ხელმძღვანელობით აწვდიდნენ. საუბარია იარაღზე, რომელსაც ჯავშნის მიღმა შეღწევა შეეძლო. ოფიციალური ირანი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
პენტაგონის ცნობით, ის ტერორისტულ ორგანიზაციებს ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა.
გასულ პარასკევს ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ სოლეიმანი ერაყში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმის გეგმას ამზადებდა. ამერიკელები სულეიმანს ადანაშაულებდნენ ერაყში კოალიციის ბაზებზე ბოლო თვეებში განხორციელებულ ორკესტრირებული თავდასხმების ორგანიზებას, მათ შორის, 27 დეკემბრის თავდასხმას, რომლის დროსაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი დაიღუპა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც, ერაყის გასამხედროებული დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულებს შორის არიან ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.