"მასტერშეფის“ მეორე სეზონი, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს, გუშინ გრანდიოზული საახალწლო ფინალით დასრულდა. პროექტის ორი სეზონის ისტორიაში უკვე მეორედ გამარჯვებული გახდა 20 წლის ახალგაზრდა ქალი მზარეული.
როგორია ქვეყნის #1 მასტერშეფის ტიტული და გამარჯვება დაძაბული ბრძოლის, ბევრი ნერვიულობისა და ცრემლის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-ს ქვეყნის ახალი მასტერშეფი, ნუცა სურგულაძე ესაუბრა.
- საოცარი ბრძოლის, არაერთი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ გაიმარჯვე. როგორი შეგრძნებაა?
- ვერაფერს ვერ შევადარებ. „მასტერშეფმა“ მთლიანად ამოატრიალა ჩემი ცხოვრება. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ და ვერ ვიაზრებ, რომ ეს რეალობაა და ნამდვილად გავიმარჯვე. მე რომ მზარეულობა გადავწყვიტე, „მასტერშეფის“ დამსახურებაა, რადგან ბავშვობიდან ვუყურებ ამ შოუს. ჩემი ოცნება იყო აქ მონაწილეობის მიღება და გამარჯვება. ძალიან ვამაყობ ჩემი თავით, რომ მე ეს შევძელი და მასტერშეფის ტიტული მოვიპოვე.
- ფინალი რით განსხვავდება სხვა ტურებისგან?
- რადიკალურად განსხვავდება. თუნდაც ის, რომ ერთის ნაცვლად სამი იდეალური კერძი უნდა მოამზადო და ცხრა თეფში მიიტანო ჟიურისთან, ძალიან რთულია, ამისთვის ერთი საათი ძალიან მცირე დროა.
- არანაკლებ დიდ სირთულეს ქმნიდა ირგვლივ სტუმრების ყოფნა. ისედაც დიდი სტრესის ქვეშ ვიყავით ფინალში და ეს ამდენი ხალხი, რომელიც გაკვირდება, რაღაცებს ყვირის, შენიშვნებს გაძლევს, კიდევ უფრო მეტად მანერვიულებდა.
- როდის მიხვდი, რომ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყავი ან პირიქით - შორს?
- სტარტერით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ყველაფერი გამომივიდა და საუკეთესო შეფასებები მივიღე, მაგრამ მთავარი კერძი რომ ისეთი არ გამოვიდა, როგორიც უნდა გამოსულიყო, ავნერვიულდი. აშკარა იყო, რომ დესერტი გადაწყვეტდა ჩვენს ბედს. მეგონა დესერტს ყველაზე მარტივად გავართმევდი თავს, მაგრამ ყველაზე მეტი შეცდომა სწორედ მანდ დავუშვი. ბოლო წუთებში ყველაფერი გამიფუჭდა, კრემი არ შეიკრა, ორცხობილები ჯერ არ გამოცხვა, მერე დამეწვა... ბოლო ათმა წუთმა გადაწყვიტა ყველაფერი, იმპროვიზაციას მივმართე და ყველაფრის კეთება თავიდან დავიწყე. მე რომ 10 წუთით ნაკლები დრო მქონოდა, მასტერშეფი ვერ გავხდებოდი.
- სწორედ დესერტისთვის ლუკა ფეხზე ადგა და თავი დაგიხარა. რას გრძნობდი მაშინ?
- საოცარი შეგრძნება იყო, ლუკას ეს ჟესტი ხომ საერთოდ... ისეთი კარგი შეფასებები მივიღე ჟიურისგან, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. საუკეთესო სიტყვები იყო, რაც კი მთელი შოუს განმავლობაში უთქვამთ და ძალიან ვამაყობდი ჩემი თავით.
- ფინალის წინ რა დაუსახე შენ თავს მიზნად?
- ჩემი ერთი ნაწილი მეუბნებოდა: ნუცა, თუ ვერ მოიგებ არაუშავს, ფინალში ყოფნაც უკვე გამარჯვებაა, მაგრამ მეორე ნაწილი პირიქით, ბრძოლისკენ მომიწოდებდა. ყველაფერი წარმოვიდგინე, წამებსა და წუთებში გავწერე და ბოლოს დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდი.
- ამ პერიოდის განმავლობაში ვინ იყო შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
- პირველ რიგში, დედაჩემი. მასტერშეფში რომ მოვედი, ძალიან ბევრ ახლო ადამიანს ჩემი არ სჯეროდა, ფიქრობდნენ, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. ერთადერთი ადამიანი იყო დედაჩემი, ვინც კასტინგების პირველივე დღიდან მგულშემატკივრობდა, ჩემი სჯეროდა და 100%-ით დარწმუნებული იყო, რომ მოვიგებდი.
ასევე, ძალიან გვერდში მედგა ჩემი პროდიუსერი თაკო, რომელიც სულ მამხნევებდა და დანებების საშუალებას არ მაძლევდა. როგორც კი ნახავდა, რომ მხრები ჩამოვყარე, მაშინვე მოვიდოდა და ცდილობდა ჩემში ის ნუცა გაეღვიძებინა, რომელსაც გამარჯვება სწყუროდა.
- პირველი სეზონის მსგავსად, მეორე სეზონშიც გამარჯვებული არის 20 წლის და არის ქალი..
- ორ ძალიან ძლიერ კულინარ კაცს მოვუგე ფინალში და ძალიან მიხარია. კიდევ ბევრჯერ დავამტკიცებ მსოფლიოში, რომ ქალებს შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი კულინარები და დომინანტები ცხოვრებაში.
სხვათაშორის, ფინალზე ბავშვები მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ: ყველა ბავშვი შენკენ ვართო. ძალიან გამიხარდა, რომ ახალი თაობა ასე მგულშემატკივრობდა. ალბათ, გამოკვეთილ ხასიათს ხედავენ ჩემში; იმას, რომ გოგო შეიძლება იყოს ძლიერი, მიზანდასახული, მებრძოლი და თავისი ცხოვრება თავად განკარგოს...
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
- მინდა, სიღრმისეულად შევისწავლო ჩემი პროფესია და უნარების დახვეწა გავაგრძელო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში ვიმუშაო. ამის შემდეგ კი აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და ისეთ რესტორანს გავხსნი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
მარიამ ტურძილაძე