სრულიად მოულოდნელი იყო, არც ველოდებოდი რომ დღეს ეს მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება, - ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ექიმი მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც მხარდაჭრას გამოხატავდა მის მიმართ.
"გუშინ მითხრეს, რომ 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლო, ჯერ ემოციებით ვართ დატვირთული და ძნელია გითხრათ რამე. პირველ რიგში, მადლობა გითხრათ ყველას ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია მთავრობა იქნება, ეს პარლამენტი, პოლიცია თუ ვინ. მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და ყველას, ვინც გვერდში მედგა, ყველას დიდი მადლობა“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ცნობისთვის, ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე საათის წინ გათავისუფლდა. იგი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.