მტირალას პარკთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომანქანა ხევში დღეს გადავარდა. დაღუპულები 17 წლის მოზარდები არიან. გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოიყვანეს.
გარდაცვლილები არიან ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე გიორგი არძენაძე, ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: საბა დიასამიძე, ნიკა ბეჟანიძე და გიგა ფალავანდიშვილი, ასევე ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე ლუკა ზაქარაძე.
როგორც ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, მათი სკოლის ერთ-ერთ მოსწალეს მისმა მეგობარმა გაკვეთილების შემდეგ მანქანით მოაკითხა. მისივე ინფორმაციით, მოსწავლეების სიმაღლიდან გადავარდნის მიზეზი ავტომობილის მაღალი სიჩქარით მართვა გახდა.
"მე-6 გაკვეთილის შემდეგ, სამს წუთები აკლდა, ჩემი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლისთვის მეგობარს ბიძის მანქანით მოუკითხია. შემდგომ ერთ-ერთ ხეობაში, ჩაქვის თავში წასულან და ხრამში მაღალი სიჩქარის გამო, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან, გადავარდნილან. მანქანა ამობრუნებული დავარდნილა და ყველა ადგილზევე დაღუპულა" - განაცხადა ტარიელ ქათამაძემ.
აღსანიშნავია, რომ მომხდარი ავარიის გამო ბათუმში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება.
როგორც შსს-ს პრესცენტრში განაცხადეს, მომდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ლაშა ჯავახიშვილი