ავტორი:

36 წლის ქართველი ქირურგი, რომელიც შვეიცარიის წამყვან კლინიკაში მუშაობს და ათასობით ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნის

36 წლის ქართველი ქირურგი, რომელიც შვეიცარიის წამყვან კლინიკაში მუშაობს და ათასობით ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნის

36 წლის ქართველი ექიმი - თორნიკე სოლოღაშვილი, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში გულის ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას 2900-მდე ოპერაცია აქვს ჩატარებული, ამასთან, მონაწილეობას იღებს აფრიკის ქვეყნებსა და კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარულ მისიებში.

ახალგაზრდა ექიმი ამჟამად აფრიკის კონტინენტზე, სენეგალის დედაქალაქ დაკარში იმყოფება, სადაც გულის მანკის მქონე ბავშვების დიაგნოსტიკისა და განკურნების, ასევე, ადგილობრივი კადრების მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ჰუმანიტარულ მისიას ხელმძღვანელობს.

მისია ორგანიზაციის "პლანეტა ყველასთვის" მიერ 10 წელია ხორციელდება, თორნიკე სოლოღაშვილი სამი წელია ხელმძღვანელობს გულის პრობლემების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამას.

AMBEBI.GE ქართველ ქირურგს სწორედ სენეგალის დედაქალაქში დაუკავშირდა, რათა მკითხველისთვის მისი საინტერესო ცხოვრების დეტალები გაეცნო.

სოლოღაშვილი გვიამბობს, რომ ჰუმანიტარული მისიით აფრიკის ქვეყნებსა და კონფლიქტურ რეგიონებში 6 თვეში ერთხელ ჩადის და 10 მედიკოსისგან შემდგარი ჯგუფი ცდილობს, ასობით ბავშვს შეზღუდულ დროში დაეხმაროს.

თავდაპირველად, მისიას ქართველი ექიმის კოლეგა ხელმძღვანელობდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი, მისია თორნიკე სოლოღაშვილს გადააბარა და დღეს, სწორედ მისი პასუხისმგებლობაა, ათასობით ბავშვს, რომელსაც გულის მძიმე დაავადებები აწუხებს, სიცოცხლე შეუნარჩუნოს.

"მედიცინა და ცოცხალი ორგანიზმები სულ მაინტერესებდა. მოზარდობის ასაკში, როცა 13-14 წლის ვიყავი, ჩემი მშობლების მეგობარმა გერმანიაში გაიკეთა შუნტირება, რაც მაშინ საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყო. როცა დაბრუნდა, ეს ამბავი მოვისმინე და მედიცინის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივდა“, - იხსენებს თორნიკე სოლოღაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

თავდაპირველად, თბილისის 171-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ბოლო კლასები კი კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გაიარა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების სურვილმა კიდევ უფრო იმატა.

"გამიმართლა მაშინდელ ანატომიის კათედრის ხელმძღვანელში. ის იმ პერიოდის ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც საქართველოში პირველი კარდიოქირურგიული განყოფილება იყო. ვთხოვე, ოპერაციებს დავსწრებოდი და ყველაფერი აქედან დაიწყო. აღნიშნული განყოფილება კლინიკა „ღია გულად“ გარდაიქმნა, სადაც პრაქტიკანტად ვმუშაობდი, რეზიდენტურის პირველი წლიდან კი ჯოენის კლინიკაში ვიყავი“, - აღნიშნავს ის.

სწორედ რეზიდენტურიდან დაიწყო ახალგაზრდა ქირურგის ევროპული გამოცდილება მედიცინაში. 2008 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად პოლონეთში წავიდა, საიდანაც შვეიცარიაში აღმოჩნდა:

"სწავლის პროცესი ძალიან რთული და ხანგრძლივია. კონკურენცია ძალიან დიდია - რაც უფრო მაღლა და მაღლა ავდივართ, კიდევ უფრო იზრდება კონკურენცია. ბევრი დაბრკოლება მხვდებოდა ყველგან, ყველა ეტაპზე, თუმცა ამ სირთულეს არასდროს არ შევუშინებივარ. პირიქით, რაც უფრო მეტი დაბრკოლება მხვდებოდა, ეს უფრო მიღვივებდა მოტივაციას იმისთვის, რომ ეს დარგი კარგად ამეთვისებინა და ჩემი საქმის პროფესიონალი ვყოფილიყავი.

ასე რომ, ყველა იმ წინაღობას და ხალხს, ვინც მათ მიქმნიდა, გარკვეულწილად, მოტივაციის შექმნისთვის ვუმადლი კიდეც“ - განმარტავს ის.

კარგად ახსოვს პირველი ოპერაციაც, როცა პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა. შემთხვევა რთული იყო, ის კი ჯერ კიდევ სტუდენტის რანგში ეხმარებოდა უფროს კოლეგებს.

"მე-5 კურსზე სტუდენტი ვიყავი, როცა რესპუბლიკური საავადმყოფოს საოპერაციოში ჩემს უფროს კოლეგებთან ერთად აღმოვჩნდი. პაციენტი 18 წლის ბიჭი იყო, რომელსაც გულის ჭრილობა ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. სახეზე იყო მწვავე სისხლდენა. ჩემს უფროს კოლეგებთან ერთად დავიწყეთ ოპერაცია. პირველად მაშინ მომეცა საშუალება, ადამიანის გულზე დამოუკიდებლად გამეკეთებინა ნაკერი და პირველი სიცოცხლე გადამერჩინა.

ძალიან შთამბეჭდავი იყო, ახლაც მახსოვს ის წამები, რაღაც წარმოუდგენელი შეგრძნება. ეს იყო 2005 წელს“, - იხსენებს თორნიკე სოლოღაშვილი.

გულის თანდაყოლილი მანკის პირველი ოპერაცია პოლონეთში 25 წლის ასაკში ჩაატარა. ამბობს, რომ ეს ოპერაციაც ძალიან შთამბეჭდავი იყო და ყველაფერი დეტალურად ახსოვს.

"საბედნიეროდ, ჩვენს დარგს, ბავშვთა კარდიოქირურგიას, მიუხედავად სტრესული ხასიათისა და უდიდესი პასუხისმგებლობისა, ძალიან დიდი კმაყოფილება მოაქვს და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ყველა წარმატებული შემთხვევა“, - განმარტავს ახალგაზრდა ქირურგი.

განსაკუთრებით რთული შემთხვევების შესახებ დასმული კითხვის პასუხზე დიდხანს ფიქრობს. ამბობს, რომ ისინი არასდროს ელევა და მათ „იზიდავს“ კიდეც. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ შვეიცარიაში, ლოზანას საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაატარა ოპერაცია, რომელიც ბავშვთა კარდიოქირურგიაში ურთულესად მიიჩნევა. ეს იყო სისხლძარღვების ორმაგი დატრიალება, რომელიც წარმატებით დასრულდა.

"ოპერაციაზე შესვლამდე მე ვფიქრობ გეგმაზე და ის ოპერაცია, რომელზეც უნდა შევიდე, გონებაში უკვე გაკეთებული მაქვს. მიმდინარეობის დროს არ ვიწყებ ხოლმე დაგეგმვას, რა გავაკეთო. იშვიათად გვიწევს გეგმის შეცვლა.

ბავშვთა კარდიოქირურგია საკმაოდ რთული დარგია, გულში არის კომუნიკაციები, კავშირები, სისხლძარღვების არასწორი განლაგება და გვიწევს მისი კორეგირება. გული გაჩერებულია და ოპერაციის დროს ყველა წუთი მნიშვნელოვანია. იმაზე ფიქრისა და იმის აღმოჩენის დრო, რა სად არის, არ გვაქვს. ამიტომ ოპერაციაზე შესვლის წინ, ყოველთვის ვუყურებთ კვლევებს და ჩვენს გეგმას ვაყალიბებთ, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი“, - განმარტავს ქართველი ქირურგი.

თორნიკე სოლოღაშვილი ქირურგიული საქმიანობის პარალელურად, სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა. როგორც AMBEBI.GE-ს განუმარტა, საუნივერსიტეტო კლინიკებში მუშაობა სწორედ იმიტომ მიიჩნევა პრესტიჟულად, რომ პრაქტიკული და სამეცნიერო საქმიანობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

სოლოღაშვილს საქართველოდანაც ხშირად უკავშირდებიან. როგორც თავად გვიამბო, მუდმივად სწერენ "ფეისბუქით", უკავშირდებიან მშობლები და აცნობენ შემთხვევას.

"შემდეგ ბავშვს საქართველოში ვნახულობ და იმის მიხედვით, თუ რა სირთულესთან გვაქვს საქმე, ვიღებ გადაწყვეტილებას, სად გაკეთდეს ოპერაცია" - აღნიშნავს ქირურგი.

სოლოღაშვილი წელს საქართველოში 4-ჯერ ჩამოვიდა, რათა ქართველ ბავშვებს დახმარებოდა და კოლეგებისთვის გამოცდილება გაეზიარებინა.