ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციის განყოფილების მორიგე ექიმმა, ნინო ბურდულმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ღამის განმავლობაში არ გაუარესებულა, თუმცა სტაბილურად მძიმეა.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე რჩება სამკურნალო დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა და დინამიკაში გამოჩნდება, ჩარევის მოცულობა შეიცვლება თუ არა სამედიცინო თვალსაზრისით.
დინამიკაში არსებითი ცვლილებები არ გახლავთ, დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო წინა ეტაპზე“, - განაცხადა ბურდულმა.
ექიმის თქმითვე, მორიგი ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება.
ცოტნე გამსახურდია 19 ნოემბერს დაჭრეს. სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.