უახლოეს წარსულში ჩვენი კოლეგა იყო, "პალიტრამედიაში" მუშაობდა, ამჟამად ანი სპარსიაშვილი პორტუგალიაში ცხოვრობს და სწავლობს. მეუღლე ჟოზე ანტონიო დე ბაროს როდრიგესთან ერთად. თავიანთი სიყვარულის დასტურად, ბაღის გაშენება გადაწყვიტა, ასე რომ, პორტუგალიელების ქართველი რძალი შრომითა და სიყოჩაღით თავს მართლაც იწონებს.
ანი სპარსიაშვილი: - წელიწად-ნახევარზე მეტია, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე ვცხოვრობ. პორტუგალიაში 9 თვით უნდა წამოვსულიყავი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით "იბერია - აღმოაჩინე საერთო ფესვები" და წამოსვლამდე ერთი დღით ადრე გავთხოვდი. ჩემი მეუღლე მადეირელია.
პორტუგალია ძალიან რომანტიკული ქვეყანაა - ამას ადამიანები და ფადუს ჰანგები მაფიქრებინებს, ჩვენი კუნძული კი პორტუგალიისგანაც განსხვავდება - პატარაა, ხალხი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს, ტრადიციებს მისდევს და ყველა დღესასწაულს აღნიშნავს. ემოციების გამოხატვა არ ერიდებათ, გიჟდებიან ფეხბურთზე, უყვართ ოჯახური შეკრებები, ღვინო და ჭამა-სმა.
- მოგვიყევი, როგორ შეეჭიდე ბაღის გაშენებას.
- სოფელში გავიზარდე და ყვავილებით, ხეხილითა და ბოსტნეულით სავსე ეზო გვქონდა. პატარა რომ ვიყავი, ბებიასა და დედას ვეხმარებოდი. მერე სოფლიდან წამოვედით, ეზო და ყვავილებიც უპატრონოდ დარჩა. სტუდენტობისას ქალაქში საკუთარ ბაღზე აღარც მიოცნებია. ანტონიომ რამდენჯერმე სცადა ბაღის გაშენება, მაგრამ წარუმატებლად. ბოლო ცდა განსაკუთრებით სევდიანი აღმოჩნდა - ყვავილების ბაღი, რომელიც საერთო საცხოვრებლის ეზოში გააშენა, პარკინგად გადააკეთეს და ასფალტი დაასხეს.
ბაღის გაშენების იდეა ერთად გაგვიჩნდა, როცა შარშან სახლის ყიდვა გადავწყვიტეთ. ამისთვის ბანკის ვალი ავიღეთ. ამასობაში ჩვენმა ორგანიზაციამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გრძელვადიანი პროექტი "ახალგაზრდა მებაღეები" წამოიწყო. ბაღის გასაშენებლად პერსპექტიული ადგილი შევარჩიეთ - ცენტრიდან არც ისე შორსაა და მიწაც ნაყოფიერია. ამჟამად გვაქვს ყვავილები, ყურძნის ხეივანი და ცოტა ბოსტნეული. გვინდა სხვადასხვა ჯიშის ყვავილებიც გავახაროთ.
ერთი წლის განმავლობაში ვისწავლით მებაღეობას. ტრენინგი ხორვატიის კუნძულ ველიჟზე ჩაგვიტარდება, შემდეგ გვექნება საშინაო დავალება, ლას-პალმასში კი ჩვენს გამოცდილებას შევაჯამებთ და დეკორატიულ მებაღეობას ვისწავლით.
ბუნებასთან ურთიერთობა საუკეთესო თერაპიაა და თანამედროვე კომპიუტერულ სამყაროში ეს ორივეს ძალიან გვჭირდება. გარდა ამისა, სუპერმარკეტებში იშვიათად თუ იყიდი ცელოფანის გარეშე რამეს, ბოსტნეულიც და ხილიც, ძირითადად, შეფუთულია. ჩვენი ხილ-ბოსტნეულის მოყვანით შევეცდებით ჯანსაღი ცხოვრების წესს გავუწიოთ პოპულარიზაცია. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ გარემოზე ზრუნვა და ნაგვის ხელოვნებად გარდაქმნაა.
- რამხელა ნაკვეთი გაქვთ?
- სახლის წინ მიწის პატარა ფართობი გვაქვს, დაახლოებით 100 კვმ. მოვლაში მეგობრები და მოხალისეებიც დაგვეხმარებიან. ბაღში შრომა ყოველდღიური დაძაბულობისგან მათავისუფლებს. ჩემთვის ეს განტვირთვა უფროა. რომელიმე ყვავილი რომ ხარობს, საოცრად მიხარია.
- უმეტესად რა ხარობს და მიწა მოსავლიანია თუ არა?
- აქ ყველგან ბანანის პლანტაციებია, ბევრია ვენახი და აქაურები ძალიან ამაყობენ მადეირული ღვინით. კარგი მიწაა, მოსავლიანი, თუმცა იშვიათად წვიმს და ამიტომ განსაკუთრებული სარწყავი სისტემა აქვთ - კუნძულის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გამოყვანილი სარწყავი არხები, რომლებსაც ლევადას უწოდებენ. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ყველაფერი თავისით მოჰყავს, და მუნიციპალიტეტში გლეხებისთვის ხილ-ბოსტნეულის ბაზრობა ეწყობა.
ჩვენ ამჟამად ავოკადოსა და მანგოს ხეები გვაქვს, მარაკუიასა და პაპაიასაც დავრგავთ. აქ ძალიან პოპულარულია ტკბილი კარტოფილი - ბევრი მოდის და სწრაფად მრავლდება. თუ გამოვძებნეთ ადგილი, გაზაფხულზე ვგეგმავთ დათესვას.
- გეგმები როგორია?
- თავიდან ჩვენი ბაღი გადამხმარი და მოუვლელი იყო. ბევრი ლამაზი მცენარე ამოსაძირკვი გაგვიხდა. ახლა ვრწყავთ და ახალი მცენარეებით ვცვლით. გვინდა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული მოვიყვანოთ და ბაღი დეკორატიულადაც გავალამაზოთ. მივიღებთ მოხალისეებსაც, რომლებიც ჩვენთან ერთად ისწავლიან მებაღეობას. ჩვენი ბაღი ტურისტებისთვისაც ღიაა.