15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის დედის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ ლუკას გამოკითხვის დროს მუქარის ერთ-ერთი ადრესატი მისი მეორე შვილი, ბექა იყო. ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატმა რეზი აჭარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დედის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის ნამდვილობას სკოლის უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერიც ადასტურებს, რომელსაც ლუკა სირაძესთან გამომძიებლის საუბარი ესმოდა.
„ლუკას დედის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ლუკას ძმა ბექა იყო, რომელიც გორის სამხედრო აკადემიაში სწავლობს. მას უთხრეს, რომ ბექას პრობლემები შეექმნებოდა, თუმცა რა სახის პრობლემებზე იყო საუბარი, ამას არ აკონკრეტებენ. ამის შემდგომ, როდესაც უკვე უშუალოდ უსაფრთხოების მენეჯერი გამოკითხეს, მანაც იგივე დაადასტურა, რომ როდესაც განყოფილებაში იყო, ამ ადამიანს უთხრეს, რომ მის ძმას ბექას, პრობლემები შეექმნებოდა. უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერი იმავე დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ლუკას კითხავდნენ. გვერდზე იყო, ისმენდა რასაც ლუკა ამბობდა და ესმოდა, რასაც ლუკას ეუბნებოდნენ. ლუკას დედამაც და ამ ადამიანმაც, ორივემ, ერთი და იგივე რამ თქვეს, რომ ლუკას ბექათი ემუქრებოდნენ. ეს თქვა ორივემ თავის ჩვენებაში, ანუ გამოდის, რომ დედა არ იტყუებოდა და სიმართლეს ამბობდა“,-განაცხადა გარდაცვლილი ლუკას სირაძის ოჯახის ადვოკატმა, რეზი აჭარაძემ.