ავტორი:

ხმაური საკრებულოში - ოპოზიცია და აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის გარიცხვას ითხოვენ

ხმაური საკრებულოში - ოპოზიცია და აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის გარიცხვას ითხოვენ

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის საკრებულოში იმყოფებოდნენ და თავმჯდომარისგან ერეკლე კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვას მოითხოვდნენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ოცნების" დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიც დაიკავეს, სადაც გაშალეს კარავი და სამუშაო კაბინეტში სტიკერებს აკრავდნენ წარწერით „შეცვალე“, „ვაჟა ექიმი“ გმირია.

სიტუაცია დეპუტატის კაბინეტში რამდენჯერმე დაიძაბა მას შემდეგ რაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ეცადნენ აქტივისტები კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაეყვანათ, რა დროსაც ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი ნადირაძეს თითი დაუზიანდა და სისხლი წამოუვიდა.

დეპუტატის სამუშაო კაბინეტიდან აქტივისტებისა და ოპოზიციონერების გაყვანას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც ცდილობდნენ.

მომხდარი დაპირისპირების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მათ მიმართ საქმის წარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოგვიანებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძესა და ოპოზიციის წევრებს შორის კუხიანიძის საკითხზე შეხვედრაც გაიმართა, თუმცა როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საკრებულოს “ქართული ოცნების" დეპუტატებისა და ასევე თავმჯდომარის მხრიდან ვერანაირი პასუხი ვერ მოისმინეს.

დეკანოიძის განმარტებით, საკრებულოს უმრავლესობა ამბობს, რომ უნდა ჩაატარონ საკრებულოს უმრაველობის სხდომა, რაზეც ოპოზიციამ შესთავაზა, რომ ეს სხდომა დღესვე ჩაატარონ და "გააგდონ ერეკლე კუხიანიძე". თუმცა, დეკანოიძის განმარტებით, ამის ლეგიტიმაცია საკრებულოს უმრავლესობას არ აქვს.

"ჩვენ ერთადერთი მოთხოვნით შევხედით საკრებულოს თავმჯდომარეს - გარიცხონ ერეკლე კუხიანიძე. როცა ამბობენ, რომ ემიჯნებიან მის განცხადებას, მაშინ, გარიცხონ პარტიიდან,დაატოვებინონ მანდატი და საერთოდ გააგდონ საკრებულოდან ადამიანი, რომელმაც შეურაცხყო ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ახალა ოკუპანტების ტყვეობაშია.თუ ამას არ იზამენ, მაშინ ეს არის ლეგიტიმაცია იმისა, რომ ოკუპანტებმა ვაჟა გაფინდაშვილი ტყვედ აიყვანეს, ლეგიტიმაცია "ქართული ოცნების" მხრიდან. ვერ გავიგე რა პასუხი ჰქონდათ",- განაცხახა დეკანოიძემ.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა მიუღებელია.

"ამ შეხვედრაზე ჩვენ, სამწუხაროდ, არათუ ვერ მივიღეთ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ პასუხი, გარდა იმისა, რომ ემიჯნებიან, არამედ, პირადი პოზიციის დაფიქსირებასაც კი მოერიდნენ - უნდათ, თუ არა,რომ პარტიიდან გარიცხონ ერეკლე კუხიანიძე. ესეც არ გვითხრეს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს, ერეკლე კუხიანიძეს ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით აგრესიული განცხადებების გაკეთების უფლება არ ჰქონდა და მან მმართველ გუნდში ამის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა დავითულიანის თქმით, ეს საკმარისი არაა.

როგორც ბექა დავითულიანმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ოპოზიციის ლიდერებთან, ელენე ხოშტარიასა და ხატია დეკანოიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება და მმართველი გუნდი შეხვედრის გამართვასა და კუხიანიძესთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და არა „ვიღაცის მოთხოვნის გამო”.

"არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა" - საია

"ვცადე ცხინვალში ჩასვლა... ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე" -  ერეკლე კუხიანიძე   საოკუპაციო ხაზთან  ჩავიდა

"უმკაცრესად დაისჯება ყველა" - 15 წლის მოზარდის საქმეზე გახარია განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და შს სამინისტროებს მიმართავს