ავტორი:

"ბოდიში, რომ იმედი გაგიცრუეთ..." - მარიამ ქურდიანის ემოციური მიმართვა გულშემატკივრებს "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

"ბოდიში, რომ იმედი გაგიცრუეთ..." - მარიამ ქურდიანის ემოციური მიმართვა გულშემატკივრებს "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

"მატსერშეფის" გუშინდელმა ეპიზოდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს შოუ მოულოდნელობებით არის სავსე. პროექტს გამოეთიშა მარიამ ქურდიანი, რომელიც არაერთხელ მდგარა ლიდერებში, იმუნიტეტიც ჰქონია და ჟიური ფინალშიც კი მოიაზრებდა.

"ქართულის შემდეგ ყველაზე მეტად იტალიური სამზარეულო მიყვარს და მართლა ვერ წარმოვიდგენდი, იტალიური სამზარეულოს ტურში თუ დავტოვებდი "მასტერშეფს", თანაც იმ დესერტით, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს“ - გვეუბნება მარიამი.

როგორც კონკურსანტი აღნიშნავს, მისი ბედი ორმა შეცდომამ გადაწყვიტა:

"გადავხედე კონკურსანტებს, ყველა კერძის მომზადებას აპირებდა. მე მინდოდა განსხვავებული ვყოფილიყავი და დესერტის მომზადება გადავწყვიტე. ეს იყო ჩემი პირველი შეცდომა, რადგან დესერტი ნამდვილად არ არის ჩემი ძლიერი მხარე და ჯობდა, უბრალო, გემრიელი კერძი მომემზადებინა, როგორიც არის სპაგეტი.

ჟიურიმ კი მითხრა, არ გცოდნია ტირამისუს კეთებაო, მაგრამ, რეალურად, სხვანაირი ტირამისუს მომზადება იყო ჩემი მიზანი და ორცხობილა დავწვი. ალბათ, სწორედ ეს იყო ჩემი მეორე შეცდომა. უგემური ნამდვილად არ იყო, მაგრამ შოუს ამ ეტაპზე უკვე პატარა შეცდომაც არ მეპატიებოდა და ამიტომ პროექტი დავტოვე" - ამბობს შოუდან წასული მარიამი.

"მასტერშეფის" 15 დეკემბრის ეპიზოდი იმითაც იყო გამორჩეული და მოულოდნელობებით სავსე, რომ აუთსაიდერებში მარიამთან ერთად მისი მეგობარი და ერთ-ერთი ლიდერი, გაგა ვარდანიძე აღმოჩნდა.

"მოვიტყუები, რომ გითხრათ, არ მწყდება გული, რომ ფინალში არ ვარ-მეთქი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემ გვერდით იდგა გაგა, რომელიც არის ფანტასტიკური მზარეული და ჩემი მეგობარი, ჯობდა ისევ მე დამეტოვებინა პროექტი და არა მას.

სხვა კონკურსანტი რომ მდგარიყო ჩემ გვერდით, შეიძლება, გული დამწყდენოდა, მაგრამ რადგან გაგა იდგა, ორმაგად მოხარული ვარ, რომ მე წავედი და ის დარჩა. მე მოყვარული მზარეული ვარ, გაგასთვის კულინარია ცხოვრებაა, "მასტერშეფი" კი შანსი, რომ უფრო წინ წავიდეს თავის საქმეში" - ამბობს მარიამი.

მარიამს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და სწორედ იმაზე სწყდება გული, რომ მათი იმედები ვერ გაამართლა და ფინალში ვერ მოხვდა:

"უღრმესი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, რადგან თითოეული შეტყობინება, კომენტარი თუ გულები, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და მაძლიერებდა. ბოდიშს გიხდით, რომ თქვენი იმედები ვერ გავამართლე და ფინალში ვერ მოვხვდი.“

მარიამ ქურდიანის კერძის ჩავარდნით გაოცება ვერც ჟიურიმ დამალა. ლუკა ნაჭყებიას თქმით, მას ერთ-ერთ ძლიერ კონკურსანტად მიიჩნევდა: „შენ იყავი ყველაზე დიდი სიურპრიზი „მასტერშეფში“, არაერთი გემრიელი კერძი გვახსოვს შენგან, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი შეცდომის დრო არ იყო".

მარიამი მაყურებელს დაემშვიდობა და სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა:

"მასტერშეფი“ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი თავგადასავალი იყო - ძალიან ემოციური, სტრესული, ამავე დროს, სასიამოვნო, ახალი გამოცდილება და შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადამეხედა ჩემი შესაძლებლობებისთვის და გამეაზრებინა, რისი კეთება მინდა. დიდი სურვილი მაქვს, კულინარიაში ბაზისური განათლება მივიღო. ძალასა და მოტივაციას შეფების დადებითი შეფასებებიც მაძლევს.

მანამდე კი გაგიმხელთ, რომ სახლში ვიდეობლოგების ჩაწერას ვაპირებ. იმ კერძებს მოვამზადებ, რომლებიც ვიცი და მიყვარს, ასე რომ, შემომიერთდით ინსტაგრამზე" - ამბობს "მასტერშეფის" ყოფილი კონკურსანტი.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს