ავტორი:

პროექტის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულთა წიგნები უკვე გამოიცა

პროექტის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულთა წიგნები უკვე გამოიცა

გამომცემლობა "პალიტრა L" -მა 2019 წელს მესამედ ჩაატარა სახალხო და მასშტაბური ლიტერატურული კონკურსი: "გახდი ბესტსელერის ავტორი". კონკურსმა, რომლის მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა, საზოგადოებისაგან იმთავითვე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა - ავტორებს, რომლებიც წარმატებულ სამწერლო კარიერაზე ოცნებობდნენ, კონკურსმა ყველა შესაძლებლობა მისცა, რომ ოცნება რეალობად ექციათ, მათ შორის წიგნების პრეზენტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტერვიუები სხვადასხვა მედიასაშუალებაში, ნაწარმოებების სხვადასხვა ენაზე თარგმნა.

გამომცემლობა "პალიტრა L "-ის ამ მასშტაბურმა პროექტმა 2019 წელს კიდევ მეტი პოპულარობა მოიპოვა - გამარჯვებულების გამოსავლენად ხმა 110 000-ზე მეტი უნიკალური ნომრიდან შემოვიდა. წლევანდელ კონკურსში 5 ახალგაზრდა ავტორი გამოვლინდა გამარჯვებულად. მათგან ჟიურის რჩეულები გახდნენ: არჩილ ფირიაშვილი ("ფეხბურთის მოთამაშე") და ნიკოლას მაჩაბელი ("ჩაინა კონტრასტებიდან"), ხალხის რჩეულები კი: თინათინ ბერიძე ("მოპარული სიყვარული"); ნანი მანველიშვილი: ("ოდისევსის სინდრომი"); თამარ გოდერიძე ("ყვავილები სახლთან ახლოს").ჟიურის წევრები იყვნენ ლიტერატორები: ლევან ბერძენიშვილი, რამაზ ჭილა-ია, ივანე ამირხანაშვილი, რომლებიც უკვე მე-3 წელია ტრადიციულად თანამშრომლობენ კონკურსთან, ასევე ლიტერატორი მაკა ჯოხაძე და მწერალი ტორესა მოსი.

აღსანიშნავია, რომ წელს ჟიურის წევრებს არჩევანის გაკეთება გასულ წლებთან შედარებით, უფრო გაუჭირდათ. რამაზ ჭილაიას თქმით, თუკი წინა წლებში ამპლიტუდა იყო ნულიდან უსასრულობამდე, წელს ნაწარმოებების დონე დაახლოებით თანაბარი იყო, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. მისივე თქმით, გამარჯვებულები წერის მაღალი კულტურითა და ტექსტის აგების თვალსაზრისით გამოირჩეოდნენ.

გამარჯვებული კონკურსანტები თავიანთი წიგნებით არაერთ პრეზენტაციაზე წარდგნენ, მათი წიგნები უკვე იყიდება მაღაზიათა ქსელში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონკურსზე რამდენიმე ავტორი სრულიად ახალი და საზოგადოებისთვის აუცილებელი თემით მოვიდა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საზოგადოებაში სულიერ გარდატეხას სწორედ მწერლობა იწყებს. კონკურსს წელს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე აქვს - კიდევ ერთი დებიუტანტი მწერალი, თინათინ ბერიძე, ამჯერად მაღალმთიან აჭარაში, ქედაში გამოვლინდა ძალიან საინტერესო რომანით "მოპარული სიყვარული".

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები კონკურსსა და საკუთარ ნაწარმოებებზე თავიანთ შეხედულებებს გვიზიარებენ:

ნანი მანველიშვილი: - რა შეიძლება ითქვას ასეთ მასშტაბურ კონკურსზე? მხოლოდ მადლიერების სიტყვები. ამ უნიკალური პროექტით გამომცემლობა "პალიტრა L" არა მარტო ავტორებს გვაძლევს უნიკალურ შანსს, რომ სამწერლო ასპარეზზე გამოვიდეთ, კარგ საქმეს აკეთებს საზოგადოებისთვისაც. ყოველი ნაწარმოები, რომელიც მკითხველის წინაშე წარდგება, არის სიახლე და მოწოდება, რომ უკეთესები ვიყოთ.

ბედნიერებაა, რომ დამწყებ მწერლებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, წიგნების გამოცემის შესაძლებლობა არა აქვთ, "პალიტრა L" აძლევს შანსს. ეს უიშვიათესი შემთხვევაა ჩვენს სინამდვილეში. კონკურსის პირველივე დღეებიდან ყველაფერი კეთდებოდა, რომ ჩვენი შემოქმედება ხალხს გაეცნო. უფრო მეტიც, პირადად ჩემი წიგნი და ვფიქრობ, არაერთი სხვა გამარჯვებულის წიგნიც, არ იქნებოდა, რომ არა ეს კონკურსი.

ამაზე ოცნებასაც ვერ გავბედავდით. ამ კონკურსმა ყველა მონაწილეს საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა.

- მართლაც, კონკურსის ბევრი მონაწილე, მათ შორის გამარჯვებულებიც, ამბობს, რომ არა კონკურსი და მისი პირობები, წიგნის დაწერაზე არც ფიქრობდნენ.

- სწორედ ამიტომ არის ეს კონკურსი უნიკალური. თავდაპირველად ნაწარმოების მხოლოდ ნაწილი უნდა წარგვედგინა და თუკი საზოგადოებას მოეწონებოდა, წერას გავაგრძელებდით. მეც მათ შორის ვარ, ვისაც წიგნის დაწერაზე არ უფიქრია. პატარა ნოველებს ვწერდი. ამჟამინდელი საკონკურსო თემაც პატარა-პატარა ამბებად მქონდა ათენში ჩაწერილი. ამ ქალაქში მაგისტრატურაში ვსწავლობდი, ემიგრანტებთან ვცხოვრობდი და სწორედ მათ ცხოვრებას ვიწერდი. შემდეგ კონკურსის შესახებ გავიგე და ეს პატარა ამბები წარვადგინე. ჩემს წიგნში ემიგრანტი ქართველი ქალების ტკივილიანი, რეალური ამბებია მოთხრობილი. ეს თემა ხშირად შუქდება მედიაში, ვფიქრობ, მწერლობაში, წიგნის სახით, პირველად გამოჩნდა. ვწერ, რომ საქართველოდან ბევრად შელამაზებულად ვხედავთ ყოფას, ვიდრე სინამდვილეშია. უმეტესობისთვის ემიგრაციაში ყოფნა ნიშნავს გაუცხოებას შვილებთან, განშორებას მეუღლეებთან და რუტინულ, მძიმე შრომას, რომელზეც უარს იმის გამო ვერ ამბობენ, რომ საქართველოში მათი ოჯახები სწორედ ამ რუტინით ნაშოვნ ფულს ელოდებიან. შედეგად ნელ-ნელა კვდება იმედი, რომ ოდესმე შექმნიან იმას, რისთვისაც მძიმე შრომისთვის გაწირეს თავი. კვდება ის იმედიც, რომ შინ ღირსეულად დაბრუნდებიან.

თინათინ ბერიძე: - სრულიად განსხვავებულ, ფინანსურ სფეროში ვმუშაობ და რომ არა ეს კონკურსი, წიგნზე არც ვიფიქრებდი. წერის იდეა გაცილებით ადრე, უბრალოდ, ინტერესისთვის მოვიდა - მე და ჩემს მეგობრებს სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავი "შემოგვეყარა" და შემაგულიანეს, შენ ხომ დიდი ფანტაზიის უნარი გაქვს, ეს ამბავი გააგრძელეო. ასე ჩავუჯექი ამ თემას, რომელიც კონკურსზე წარვადგინე. ასე რომ, ზღაპარივით აეწყო ყველაფერი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ "ზღაპარი" მარტივად შედგა. კონკურსმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემი წიგნი დაწერილიყო. პროფესიონალი მენტორი და რედაქტორი მაძლევდნენ რჩევებს, საკუთარი თავის რწმენას მმატებდნენ. კონკურსის პროფესიონალმა ჟიურიმ ჩემი ნაწერი იმდენად დადებითად შემიფასა, რომ მეორე ტურში გადავედი. მეხმარებოდა იმ ადამიანების თანადგომა და შთაბეჭდილებები, რომლებიც სიამოვნებით კითხულობდნენ ჩემს ტექსტს. ეს რომ არა, არ იქნებოდა ჩემი წიგნი, რომლის თემა მარადიულია - სიყვარული და ადამიანური ურთიერთობების ასახვა. და კიდევ: ყველა მეუბნებოდა, შენს წიგნზე საუკეთესო კინოსცენარი დაიწერება, თითქოს მოვლენები კინოკადრებივით არისო. გამიხარდება, თუკი ეს მოხდება. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ წიგნში საკუთარი თავის დანახვა ყველას შეუძლია.

არჩილ ფირიაშვილი: - ჩემი საქმიანობა იმდენად განსხვავდება ლიტერატურულისგან - ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი ვარ - ასეთ წარმატებაზე როგორ ვიფიქრებდი? თურმე ყველაფერი ხდება.წერა შარშან დავიწყე იმ პროტესტის გამოსახატავად, რაც ადამიანებს გვიგროვდება ხოლმე. ჩემი წიგნის თემაც ამბოხია - იმ ადამიანის ამბოხი, რომელიც ვეღარ იტანს სიყალბეს და გაურბის მას. უფრო სწორად, კი არ გაურბის, თავიდან იშორებს და ახალ ცხოვრებას იწყებს, სხვა ადამიანი ხდება.

- ცხოვრების შეცვლის სურვილი შეიძლება ყოველ ჩვენგანს გაუჩნდეს, მაგრამ რეალობად გადაქცევა ძნელია. რომანში ამტკიცებთ, რომ შეიძლება?

- შესაძლებელია, თუმცა დიდი სულიერი დრამის გავლით. რადგან დავწერე, ესე იგი, ეს შესაძლებლობა მეც დავინახე. მადლობა ამ კონკურსს, რადგან მკითხველისთვის ამის გაზიარების საშუალება მომეცა. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი წიგნები მკითხველთან მისულიყო.

თამარ გოდერიძე: - პატარ-პატარა ჩანაწერებს ვწერდი, მაგრამ არასოდეს არც ერთ კონკურსზე არ გამიგზავნია. ეს იყო ჩემთვის პირველი კონკურსი და არც ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება მისი ორგანიზატორების მიმართ.

ჩემი წიგნის თემა სიყვარულია, რომელსაც არა მარტო წიგნში, არამედ ცხოვრებაშიც ყველა სირთულის დამარცხება შეუძლია. ჩემი წიგნის პერსონაჟები მისი წყალობით ამარცხებენ უმძიმეს სენს. წიგნში სამი თაობის განცდებია გადმოცემული და ვიცი, რომ სამივე თაობა სიამოვნებით წაიკითხავს. ამიტომაც იყო, რომ უთბილესი განცდებით მავსებდა კონკურსის მიმდინარეობისას მკითხველების ნათქვამი, როცა ვკითხულობდით, ზოგჯერ ვტიროდითო. მსგავსი ბედნიერებისთვის როგორ არ უნდა ვუთხრა კონკურსის ორგანიზატორებს მადლობა. მით უფრო, რომ წიგნებიც დაგვიბეჭდეს.

ნიკოლას მაჩაბელი: - ჩემი ნოველები ადრეც იბეჭდებოდა, კონკურსებზეც იმარჯვებდა. თუმცა ჩემთვის "პალიტრა L" -ის კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" როლი განუზომელია. რომ არა ეს კონკურსი და მისი პირობები, ცხადია, ჩემი წიგნიც არ იქნებოდა. სათქმელი კი, ვფიქრობ, საინტერესო მაქვს - ეს არის ამბავი ქართველ ახალგაზრდაზე, რომელიც უცხოეთში გარბის, ისევე როგორც გარბის დღეს ყველა ახალგაზრდა. თუმცა სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ იცის, რისკზე მიდის, ამიტომ საკუთარ თავს უსვამს კითხვას, ღირს თუ არა წასვლა.

- მაგრამ სხვა გამოსავალი არა აქვს და მაინც მიდის.

- მიდის... და არა ევროპაში ან ამერიკაში, არამედ ჩინეთში, სადაც სხვა, მძაფრ რეალობას ეჩეხება. ეს მომენტები მკითხველს უსათუოდ გააოგნებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ქართველი ბიჭი ყველაფერს, რასაც ხედავს, სამშობლოს ადარებს და მძაფრად აგრძნობინებს უმისობას. ასე რომ, როდესაც დედასთან რეკავს, ეუბნება, ჩვენი უბნის ჩიტების ჭიკჭიკი მომასმენინეო. საბოლოოდ, სამშობლოში ბრუნდება, რითაც საკუთარ თავს უბრუნდება.

- ფაქტია, ეს თემა აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო ქართულ მწერლობაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა სანახევროდ დაიცალა.

- მეც ასე ვფიქრობ. მოხარული ვიქნები, თუკი მკითხველიც ასე იფიქრებს, როდესაც ჩემს წიგნს გადაშლის.

რას წავიკითხავთ „ბიბლია განმარტებებით“ მეოთხე ტომში - პროექტის ავტორის ბლოგი

12 დეკემბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი სპეციალურ ფასად

Stamba Books • სტამბის წიგნებში გილიან ფლინის "ბასრი საგნების" წარდგენა გაიმართება