11 დეკემბერს სამტრედიაში გამართული საფეხბურთო მატჩი კლუბისთვის „სამტრედია“ წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
ბოლნისის „სიონთან“ შეხვედრა „სამტრედიის“ სასარგებლოდ, 4:1, დასრულდა. სწორედ ამ შედეგმა განაპირობა კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება.
„სამტრედიამ“ უმაღლეს დივიზიონში დამსახურებული ადგილი მოიპოვა.
„ჩვენთვის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა. ჩვენი ბიჭების დაუღალავმა შრომამ ფლეი-ოფში გამართულ შეხვედრაზე შესანიშნავი შედეგი მოგვცა.
მინდა მადლობა გადავუხადო „სამტრედიის“ ფეხბურთელებსა და, რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრების დიდ ჯგუფს. უღრმესი მადლობა ასევე კომპანია არქის, რომელიც ჩვენი გენერალური სპონსორია და „სამტრედიის“ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის“, - ამბობს მიშა ხუციშვილი, ს.კ. „სამტრედიას“ დირექტორი.
„ვულოცავთ კლუბ „სამტრედიასა“ და მის გულშემატკივარს ამ არაჩვეულებრივ გამარჯვებას. სამტრედიელებმა უმაღლეს ლიგაში ღირსეული გადასვლით დაამტკციეს, რომ ფეხბურთი ნამდვილად მათი სპორტია.
არქი, როგორც „სამტრედიის“ გენერალური სპონსორი და დიდი გულშემატკივარი, ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ არაჩვეულებრივ კლუბს. მოხარულები ვართ, რომ ქართული სპორტის განვითარებაში მონაწილეობას ასე აქტიურად ვიღებთ“, - ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.