ჩვენ, ჩვენი თვალით დავინახეთ ორი ქალბატონი "ევროპული ნაციონალური მოძრაობიდან“, ერთს შალის ქვეშ და მეორეს ჯიბეში ჰქონდა ჩამალული რაღაც. შემდეგ დაიქცა გარკვეული სითხე - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, სუნს აყენებს.
"ამ დივერსიის სამართლებრივი, სამედიცინო თუ ქიმიური კვალიფიკაცია არ ვიცი რა არის. გამიჭირდება ამის თქმა და ამას ექსპერტიზა დაადგენს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ეს არის სასოწარკვეთა და ისტერიკა. ანუ სასოწარკვეთასა და ისტერიკაშია ჩავარდნილია ოპოზიცია და ხედავთ, რომ ასეთი მდარე და აბსოლუტურად იაფფასიანი ჟესტით სცადეს მათ ყურადღების მიქცევა,“ - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.
ამასთან, პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.