ავტორი:

რა ხდებოდა ბაგრამის ბაზაზე ტერორისტული აქტის დროს და როგორ შეძლეს ქართველებმა მტრის მოგერიება - "ლიკვიდირებულია 9, დაკავებულია 1 ტერორისტი"

რა ხდებოდა ბაგრამის ბაზაზე ტერორისტული აქტის დროს და როგორ შეძლეს ქართველებმა მტრის მოგერიება - "ლიკვიდირებულია 9, დაკავებულია 1 ტერორისტი"

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმისას დაშავებული ქართველი სამხედროები თავს კარგად გრძნობენ.

მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს: კაპრალებს - გოჩა მურადაშვილს, სოსო კვინიკაძეს და რომან გიუნაშვილს, რიგით ილია თაყაძეს და უფროს სერჟანტ დავით ბახურაულს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ და ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში კოალიციურ ძალებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

AMBEBI.GE ავღანეთში მყოფი მე-12 ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძეს ესაუბრა, რომელმაც გვიამბო, როგორ ჩაატარეს კოალიციურმა ძალებმა ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაცია:

"ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. სწრაფი რეაგირების ქართულმა ქვედანაყოფმა ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა. ქართველი სამხედროების ადგილზე დროული მისვლითა და ბლოკირებით, მოწინააღმდეგემ ჩანაფიქრი ვერ განახორციელა.

კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 9, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი

ამ ეტაპისთვის სამხედრო ბაზაზე მდგომარეობა სრულად კონტროლირებადია. არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ არის ჰოსპიტალიზირებული, რაც ნიშნავს, რომ არცერთ მათგანს არ მიუღია სერიოზული დაზიანება..." - უყვება AMBEBI.GE-ს ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე.

ავღანეთში მყოფი მე-12 ბატალიონის მეთაური იმასაც იხსენებს, სად და როგორ მოხდა ტერორისტული აქტი:

"არსებობს შიდა და გარე პერიმეტრი, მათ შუაში იყო კორეელების მიერ შექმნილი სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც სამოქალაქო პირებსაც ემსახურებოდა, თუმცა ამჟამად გაუქმებული იყო. სწორედ მის კედელს დაეჯახა დანაღმული მანქანა და აფეთქების წნევისა და ტალღისგან მიიღეს სამხედროებმა მცირედი დაზიანებები.

მის გარშემო არსებული სრული პერიმეტრი მთლიანად ჩვენი, ქართველების კონტროლის ქვეშ არის და ამ ეტაპზე უსაფრთხოების ზომები სრულად დაცულია" - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომელზეც ასახულია ტერორისტული აქტის შემდეგ, ბაგრამის ბაზის გარშემო ტერორისტებისგან გაწმენდითი ოპერაცია).

ჩვენი ინფორმაციით, კოალიციური ჯარის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ქართველი სამხედროები ყველაზე ოპერატიულად მოქმედებდნენ.

“სწრაფი რეაგირების ბიჭები, ძალიან სწრაფად მოვიდნენ მზადყოფნაში... ამის შესახებ, მეთაურობამ არაერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე პირველი ქართველი სამხედროები მივიდნენ, თანაც ძალიან ზუსტად, უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებით მოქმედებდნენ და გააძლიერეს უსაფრთხოება.

ამის მოსმენამ ძალიან დიდი ძალა შეგვმატა... როდესაც სამხედრო ფორმას იცვამ და მისიაში მიდიხარ, ყველაფრისთვის, მათ შორის ტერორისტების თავდასხმისთვისაც მზად ხარ... თითქოს, გულმა უგრძნოო, ჩვენი კაპელანი წინა დღეს მოვიდა და ყველა ოთახი აკურთხა, ყველანი დაგვლოცა. თითქოს მისი ლოცვის ძალამ გადაგვარჩინა... გუშინაც, მთელი დღე ჩვენთან კავშირზე იყო. მისი თანადგომა ძალიან დიდ ძალას გვაძლევს" - ყვება AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი სამხედრო.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი “მტკიცე მხარდაჭერის” სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა

"რუსეთმა იცის, რომ მიგრანტთა ახალი ნაკადი თურქეთს და ევროპას ტვირთად დააწვება..." - საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა ღია სამხედრო დაპირისპირების ზღვარზეა

ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე, თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს