ავტორი:

25 წლის დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, თუმცა მსოფლიოს აოცებს - "გათბობა არ გვაქვს და სახლში ცივა, მაგრამ ვცდილობ სულ ვიმუშაო"

25 წლის დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, თუმცა მსოფლიოს აოცებს - "გათბობა არ გვაქვს და სახლში ცივა, მაგრამ ვცდილობ სულ ვიმუშაო"

დავით დრონ - ეს ის ახალგაზრდაა, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მისი 3D დიზაინი საუკეთესო აღმოჩნდა.

დავითი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. სწავლის პარალელურად, სტუდია „ჰოლი მოტორსში“ მუშაობს გრაფიკულ დიზაინერად. ეს მისი ახალი სამსახურია. მანამდე ფრილანსერი იყო და ჟურნალ „ნეიშნლ ჯეოგრაფიკისთვის“ ილუსტრაციებს ქმნიდა.

2 წლის განმავლობაში სტუდია „პრაგმატიკაში“ ლოგოს დიზაინერად მუშაობდა, უფრო ადრე კი, ტელეკომპანია GDS-ში - მხატვრად. სხვა სტუდიებთანაც აქტიურად თანამშრომლობდა.

დავით დრონის პირველი პერსონალური გამოფენა 2013 წელს მოეწყო ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში. მაშინ დავითი მე-12 კლასის მოსწავლე იყო.

2016 წელს კი მისი მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართა ხელოვნების სასახლეში, კარგარეთელის ქუჩაზე. გამოფენის მოწყობის იდეა ცნობილ მხატვარს, რუსუდან ფეტვიაშვილს ეკუთვნოდა.

- როგორც ყველა ბავშვი, მეც პატარაობიდანვე ვხატავდი და როგორც ბიჭების უმრავლესობას, ყველაზე მეტად ავტომობილები მიზიდავდა. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ავტომანქანის დიზაინი მაინტერესებდა. 14 წლის ასაკში უკვე სერიოზულად ვიყავი გატაცებული ავტომობილების დიზაინის შექმნითა და მხატვრობით. ინტენსიურად მუშაობა სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყე. მახსოვს, ქუჩაში კარგი დიზაინის მქონე ავტომობილს თვალს რომ მოვკრავდი, ეს ჩემთვის სერიოზული ინსპირაციის საფუძველი ხდებოდა.

- ბავშვობაში ავტომობილის ახალი მოდელები თუ შეგიქმნიათ, ორიგინალურ დიზაინს ვგულისხმობთ?

- როდესაც აღმოვაჩინე, რომ გარკვეულ დონეზე ხატვა შემეძლო, უფრო აქტიურად დავიწყე მუშაობა ავტომანქანის დიზაინის შექმნაზე. შევისწავლე 3D პროგრამები, რაც მოდელის ვიზუალიზაციაში მეხმარება.

როდესაც რაიმეს „დასკეტჩავ“, სწრაფად შეგიძლია ააწყო 3D-ში და რეალური პროდუქტი მიიღო. ყველა დიზაინი, რაც ბავშვობაში გამიკეთებია, რა თქმა უნდა, შენახული მაქვს. სტუდენტობის პირველი სამი წლის მანძილზე, როცა პარალელურად, სულ ვმუშაობდი, ავტომობილის დიზაინისთვის ბევრი დრო არ მრჩებოდა. ახლა, შედარებით მეტი დრო მრჩება და შესაბამისად, დიზაინსაც მეტ დროს ვუთმობ და პორტფოლიოსაც ვამზადებ.

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე პირველად, ყველაზე ნაყოფიერად სწორედ ახლა ვმუშაობ საკუთარ თავზე. იმედი მაქვს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გაცილებით ბევრის გაკეთებას შევძლებ.

- ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

- რატომ დიზაინის საერთაშორისო სკოლა?! თავიდან, ერთი წელი სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. შემდეგ, მობილობით ტექნიკურ უნივერსიტეტში გადმოვედი და დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე გავაგრძელე სწავლა. მომეწონა აქ და დავრჩი.

პირველ რიგში - დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ინგლისურ ენაზე მიდის სწავლება და ესეც უპირატესობად ჩავთვალე. დღეს, ინგლისური ენის ცოდნის გარეშე წინ ვერ წახვალ. მე კონტაქტები მაქვს უცხოელ კოლეგებთან, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ.

უცხოური ენის გარეშე კი საქმიანი ურთიერთობის დამყარება ძალიან გამიჭირდებოდა. მეორე - დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ლექციებს კითხულობენ დიდი გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები, რომელთაც გარდა კარგი კონტაქტებისა, სამუშაო გამოცდილება საზღვარგარეთ აქვთ მიღებული. სწავლის პროცესში მათი გამოცდილება ბევრის მომცემია. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სასწავლო პროცესი არაჩვეულებრივი პროგრამით მიმდინარეობს.

ზოგადად, დიზაინის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია, საჭიროა ბევრი კვლევა, იდეების გენერირება. შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით ინფორაციის და გარკვეული მასალების მოპოვება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია - ამით წინ ვერ წახვალ. დიზაინის საერთაშორისო სკოლაში რასაც ასწავლიან და რა მეთოდებითაც ასწავლიან, სწორედ ეს არის წინსვლის გარანტი. გასწავლიან თითოეულ ნაბიჯს, ნაბიჯის სწორად გადადგმის მეთოდებს - ყველაფერს, რასაც სასურველ შედეგამდე მიჰყავხარ.

დიზაინის საერთაშორისო სკოლამ ბევრი რამ მასწავლა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დიზაინის შექმნისას ერგონომიკაა. თუკი ნებისმიერი პროდუქტი და მისი დიზაინი ერგონომიკული არ არის, ის ადამიანს დიდ ზიანს მიაყენებს.

- როგორ გესმით ერგონომიკულობა?

- ერგონომიკა ადამიანისა და მანქანის ურთიერთობას სწავლობს. ეს მეცნიერება ცდილობს შექმნას თანამედროვე ყოფის ყველაზე ოპტიმალური და კომფორტული პირობები და ამისთვის იყენებს ბიოლოგიას, ფიზიოლოგიას, ფუნქციურ ანატომიას, ფსიქოლოგიას, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მეცნიერებებს.

მაგალითად, ავიღოთ ავტომობილი. როდესაც ავტომობილების წარმოება დაიწყეს, მაშინ დიზაინი ნაკლებად იყო განვითარებული. ადრე ავტომობილი არ იყო აღჭურვილი არც უსაფრთხოების ღვედით, არც საჰაერო ბალიშებით, საჭესაც სხვაგვარი კონსტრუქცია ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი იღუპებოდა. დროთა განმავლობაში, ერგონომიკისა და ფიზიკის მეშვეობით ეს ყველაფერი დაიხვეწა. მსგავსი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინისთვის.

- ფიზიკა ახსენეთ. დიზაინერი ფიზიკაშიც უნდა ერკვეოდეს?

- კარგმა დიზაინერმა ყველა მიმართულებით ბევრი რამ უნდა იცოდეს, რადგან არასოდეს იცი, ინსპირაცია საიდან გეწვევა. მაგრამ თუ საქმე ეხება ავტომობილს ან ისეთ პროდუქტს, რაც მოძრაობს, დიზანერი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს ფიზიკაშიც. გრაფიკულ დიზაინერს კი ფიზიკა ნაკლებად, მაგრამ სხვა დისციპლინები სჭირდება, რასაც კარგად უნდა ფლობდეს.

- ერგონომიკა თუ გამოიყენეთ ფრანკფურტის ბაზრობისთვის საქართველოს პავილიონის შექმნისას?

- ფრანკფურტის შემთხვევაში ერგონომიკა საქართველოს პავილიონის ზომებს უკავშირდებოდა. პავილიონი მაქსიმალურად ერგონომიკულად იყო აგებული. ამ პროექტის არტდირექტორი დიზაინერი გია ბოხუა იყო, მე 3D დიზაინერი ვიყავი.

3D-ში ავაწყვე ყველაფერი, რაც პავილიონში იყო წარმოდგენილი. რამდენიმე ობიექტის კედლები კი ჩემი დიზაინით გაკეთდა. რა თქმა უნდა, ერგონომიკას ვითვალისწინებდით, რომ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო. ჩემი 3D ნამუშევრები არქიტექტორებს გაუგზავნეს, მათ ზომებთან მიახლოებული ობიექტები შექმნეს და შემდეგ მასალაში დაამზადეს.

ამ პროექტის შექმნას, დაახლოებით, 9 თვე მოვანდომეთ, ბევრი ვარიანტი დავამუშავეთ, ვიდრე კონსტრუქციებისა და სივრცეების საბოლოო ვერსიებამდე მივიდოდით. პავილიონის მაკეტები 3D პრინტერის მეშვეობით დავბეჭდე. რა თქმა უნდა, მაკეტის ზომა არ იყო რეალურის შესაბამისი.

- 3D პრინტერი მნიშვნელოვანია თქვენს საქმეში?

- თუ გაქვს იდეა და გინდა მისი რეალობაში გადმოტანა, ამ ტიპის პრინტერი დიდ დახმარებას გაგიწევს. ძველ ტექნოლოგიებთან შედარებით, 3D პრინტერი სისწრაფითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა, აჩქარებს პროცესს, რეალურს ხდის იდეას. მედიცინამაც დაიწყო 3D პრინტერის გამოყენება - ეს მომავლის ტექნოლოგიაა. არის ძვირადღირებული 3D პრინტერებიც და შედარებით იაფფასიანიც. ჩემი პრინტერი კი...

- სხვა რა პროექტები გაქვთ?

- ვფიქრობ, საინტერესოა ნიტრატების საზომი ხელსაწყო. ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ერთ-ერთი ქვედანაყოფი, რომელიც ისანში მდებარეობს და ამ ტიპის ხესაწყოების შექმნაზე მუშაობს. ჩემი მიზანი იყო, ნიტრატების საზომი ხელსაწყო ახალი დიზაინით შემექმნა.

- რა შედეგი მიიღეთ?

- რეალური პროდუქტი ჯერ არ შექმნილა, მაგრამ ჩემ მიერ შექმნილი დიზაინის პრეზენტაცია უკვე შედგა.

- სწავლის შემდეგი საფეხური? აპირებთ სწავლის გაგრძელებას?

_ ამჟამად ვამზადებ პორტფოლიოს ტრანსპორტის დიზაინის მიმართულებით. მინდა სასწავლებლად ჩინეთში ან იტალიაში წავიდე, თან ვიმუშაო. ზუსტად ვიცი, არ გამიჭირდება - დიზაინის საერთაშორისო სკოლაში კარგ განათლებას ვიღებ.

- ახლა სად მუშაობთ, რას ქმნით?

- გრაფიკულ დიზაინზე ვმუშაობ სტუდია „ჰოლი მოტორსში“. არ არის დიდი სტუდია, მაგრამ გამოცდილი თანამშრომლები და არტდირექტორი ჰყავს. თან ვემზადები სწავლის გასაგრძელებლად, როგორც უკვე გითხარით. სახლში ძალიან ბევრს ვმუშაობ. ახლახან „ტესლამ“ გამოუშვა პიკაპი, რომელიც კუთხოვანია და არც ერთ ავტომობილს არ ჰგავს. არავინ მოელოდა, რომ „ტესლა“ ასეთ უცნაურ დიზაინს შექმნიდა. ეს ფაქტი ჩემთვის ერთგვარ ინსპირაციად იქცა. გადავწყვიტე „სუპერქარი“ შემექმნა. თითქმის დავასრულე მუშაობა.

- გაგიმართლათ, რომ კარგი სამუშაო პირობები გაქვთ სახლში...

- ერთად ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა და დედაჩემი. დედ-მამა დიდი ხნის წინ დაშორდნენ. ჩვენ დედამ გაგვზარდა. მამა ერთი წლის წინ გარდაიცვალა. გარკვეული ასაკიდან მე და ჩემი ძმა ვინახავთ ოჯახს. ამიტომ, სწავლის პარალელურად მუშაობა მიწევს. სამუშაო პირობებს რაც შეეხება, ნამდვილად ვერ დავარქმევ კარგს. 3D პრინტერი არ მაქვს, არც რაიმე სხვა ტიპის პრინტერი. კომპიუტერი მაქვს, სკეტჩებისთვის ფურცლებიც მაქვს. გათბობა არ გვაქვს და სახლში ცივა, მაგრამ ვცდილობ სულ ვიმუშაო.

როცა კომპიუტერთან საათობით მუშაობ, სხვა პირობებია საჭირო, გათბობაც მათ შორის, მაგრამ... ხელები მეყინება, კი. ჯერჯერობით, იმდენად არ ცივა. რომ აცივდება, მერე კი ცოტა მიჭირს.

ვფიქრობ, წარმატებისა თუ წარუმატებლობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მაგალითად, როდესაც სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები სახლში, თუ საყვარელი საქმე გაქვს, მას აუცილებლად უნდა დაუთმო დრო, იმის მიუხედავად, გაქვს თუ არა შესაბამისი პირობები. საქმე ყოველთვის შენს გონებაში უნდა ტრიალებდეს და იხარშებოდეს, თან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს ოჯახის მიმართ. ყველაფერი უნდა იღონო, რომ დაეხმარო ოჯახს. სულ უნდა ცდილობდე, მეტად განვითარდე თუნდაც იმ მიზნით, რომ დედა იყოს ბედნიერი. თუ არ ეცდები ამას, თუ დასჯერდები ერთ სამუშაოს, ერთ შედეგს, არაფერი გამოგივა. რატომ ვმუშაობ ბევრს და რატომ მინდა ვიყო წარმატებული? - იმიტომ, რომ დედაჩემი იყოს ბედნიერი.

ძალიან მიყვარს ავტომობილები და როცა კარგ მოდელს დავინახავ, ვცდილობ დავათვალიერო, გავესაუბრო მის მფლობელს. ეს ემოცია მიბიძგებს შევქმნა რაღაც ახალი, განსაკუთრებული დიზაინი. შეიძლება ერთი ისტორია მოვყვე?

- რა თქმა უნდა.

- 15 წლის ვიყავი. მე და დედა „მარშრუტკით“ ვგზავრობდით, როცა ქუჩაში გაჩერებული "ფერარი" შევნიშნე - დაუვიწყარი წითელი. ავტომანქანის დიზაინზე მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. დედაჩემს ვუთხარი, ჩავიდეთ „მარშრუტკიდან“ და ვნახოთ, ძალიან მაგარი მანქანაა-მეთქი. ეს ჩემთვის პირველი "ფერარი" იყო, რომელთანაც რეალურად შემეძლო მიახლოება, დათვალიერება. დედამ უარი მითხრა - საშინლად დამწყდა გული. მაშინ ფერარი დიდი იშვიათობა იყო ჩვენს ქვეყანაში.

რამდენიმე დღის შემდეგ, მე და დედა სწორედ იმ ადგილთან ახლოს მოვხვდით, სადაც წითელი საოცრება იდგა. ვთხოვე, - წავიდეთ ვნახოთ, იქნებ ის ფერარი ისევ იქ დგას-მეთქი. დედას უხმოდ წამომყვა. შორიდანვე შევნიშნე - ისევ იქ იდგა. გული ისე ძლიერად მიცემდა, მეგონა გასკდებოდა. ეს განუზომელი სიხარული იყო. დიდხანს ვიარე ფერარის გარშემო, ვათვალიერე. იქვე ახლოს, იტალიურ კაფესთან, ერთი კაცი იჯდა, იტალიელი ბიზნესმენი აღმოჩნდა და ფერარიც მას ეკუთვნოდა. თარჯიმნის მეშვეობით მკითხა, თუ რატომ დავინტერესდი მისი ავტომობილით. ავუხსენი, რომ ვხატავდი და ძალიან მომწონდა ავტომანქანების დიზაინის შექმნა.

კარი გამიხსნა და ჩავჯექი კიდეც ფერარიში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ის შეგრძნებები არასოდეს დამავიწყდება. იტალიელი ბიზნესმენი ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდა. მობილურში რამდენიმე ნახატი მქონდა და ვუჩვენე. მოეწონა და სურვილი გაუჩნდა, სხვებიც დაეთვალიერებინა. სასწრაფოდ, სახლამდე ტაქსით მივედით, ნამუშევრები ავიღეთ და უკან დავბრუნდით. ვუჩვენეთ და... სამსახურში ამიყვანა.

- 15 წლის ასაკში?

- დიახ. იმ იტალიელი ბიზნესმენის კომპანია თამაშებს ამზადებდა, მე კი ამ თამაშებისთვის საკუთარი დიზაინით ავტომანქანებს ვქმნიდი. მოკლედ, ძალიან მაგარი იყო! ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში თუ ხდება. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე თვე ვიმუშავე, რადგამ მალევე წავიდნენ საქართველოდან. სწორედ ამ შემთხვევამ დამანახა: რეალურად თუ გიყვარს შენი საქმე, გულწრფელი თუ ხარ და საკუთარ თავს არ ატყუებ, ბოლომდე თუ იხარჯები, აუცილებლად მოგეცემა ის, რაზეც მთელი გულით ოცნებობ.

- რამდენადაც ვხვდებით, დედა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის.

- დედაჩემი - ხათუნა ბაბაკიშვილი პროფესიით ვეტერინარია. პროფესიით არასოდეს უმუშავია. ახლაც ამბობს, რომ არქიტექტორობა უნდოდა, მაგრამ იძულებული გახდა სხვა დარგი აერჩია. სხვა მიმართულებით წავიდა, რადგან მაშინ ის სპეციალობა უფრო შემოსავლიანი იყო. ასე გადაწყვიტეს ოჯახში. სამი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ. დედამ მარტო გაგვზარდა, მთელ დროს ჩვენ, შვილებს გვითმობდა.

როდესაც საქმეს იწყებ, ჩემ შემთხვევაში ხატვას, გაურკვეველია, რა მომავალი გექნება. პერსპექტივას ვერ გათვლი წინასწარ. არც მე ვიცოდი. იყო შემთხვევები, გაბრაზდებოდა ხოლმე ჩემზე დედა, მეტყოდა, „რას ჯღაპნიო“, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის გვერდში მედგა, მამხნევებდა. დილით რომ მეტყოდა „რას ჯღაპნიო“, საღამოს ამ „ნაჯღაპნებს“ მთელ უბანს აჩვენებდა - ნახეთ, ჩემი შვილი რა კარგი დიზაინერიაო. სწორედ დედაჩემის დამსახურებაა, ნიჭიერ მხატვრად რომ მიცნობენ. ზოგჯერ ვღიზიანდები კიდეც - ისეთ ადამიანებსაც აცნობს ჩემს ნამუშევრებს, საერთოდ რომ არ მინდა ანახოს.

- ეამაყება...

- კი, ასეა. და არც არაფერს ვეუბნები - დედაა. უკვე 25 წლის ვარ და ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად შემიძლია. დედასთვის კი ისევ ბავშვი ვარ! თან პროცესებს ხომ არ ჩამორჩება (იცინის). ყველა საქმეში უნდა იყოს ჩართული, ყველა დეტალი უნდა იცოდეს.

- რა მომავალი აქვს დიზაინერს?

- დიზაინის მიმართულებასაც გააჩნია და ადამიანსაც - თუ რამდენად უყვარს დიზაინის ესა თუ ის მიმართულება. სურვილსაც გააჩნია, მუშაობის რეჟიმსაც. მაგრამ ყველაზე მთავარია გარემო, სითბო, სიყვარული, მონდომება, ძლიერი სურვილი და რაღა თქმა უნდა - ნიჭი. თუ არ გიყვარს, ღირებულს ვერაფერს შექმნი. თუ არ იგრძნობ, სულს ვერ შთაბერავ, ვერ გააცოცხლებ. ძალიან მაგარი პროფესიაა, რადგან ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება დიზაინი. მასალა არის - მიდი და იმუშავე, გაახალისე, ააწყვე, გამოიგონე, შექმენი. თუ 20 წლის წინ აღწევდნენ წარმატებას, დღეს ხომ მეტად არის განვითარებული სამყარო, ხომ მეტია ტექნოლოგიები?! რატომ ვერ უნდა აკეთო შენი საქმე, რატომ ვერ უნდა გამოიყენო ყველა შესაძლებლობა?!

ცნობილ დიზაინერს, ზვიად ციკოლიას გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰქონდა ფრანკფურტში გამოფენა. იმ დროს ხომ არც ელექტროენერგია იყო, პირობებიც - საშინელი. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა ფრანკფურტში გამოფენაზე წაეღო თავისი იდეა. 70 წლის განმავლობაში არც ერთ ქართველ დიზაინერს არ ჰქონია ასეთი წარმატება. წარმატება მონდომებასა და საქმის სიყვარულზეა დამოკიდებული. დიზაინის შექმნის პროცესი პრობლემის გადაჭრას ემსახურება და რაც დრო გადის, პროდუქტი მეტად იხვეწება, ეს უსასრულო პროცესია, რადგან მსოფლიოში ახალი მოთხოვნები და გამოწვევები ჩნდება. დიზაინერები კი სამყაროს განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. დიახ, ეს მომავლის პროფესიაა.