ავტორი:

აქცია პარლამენტთან დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს

აქცია პარლამენტთან დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის გვერდითა შესასვლელი, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან ოპოზიციის დეპუტატებმა და მათმა მხარდამჭერებმა გადაკეტეს. ამას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პოლიციის წარმომადგენლები ოპოზიციის დეპუტატებს მოუწოდებდნენ, რომ გადასულიყვნენ ტროტუარზე და ასე გამოეხატათ პროტესტი, თუმცა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მათ განუმარტა, რომ ისინი არ აპირებენ ტროტუარზე დგომას და ქუჩის გადაკეტვით შეეცდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის დისკომფორტის შექმნას.

საბოლოოდ, პოლიციის კორდონის ზეწოლის შედეგად აქციის მონაწილეების გადაყვანა ტროტუარზე მაინც მოხერხდა.

დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის.

დაპირისპირება თავდაპირველად სიტყვიერ დონეზე დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა გიორგი ვაშაძე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს. მასთან ერთად სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან პირების დაკავებასთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

„დაკავებულები არიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე. აქციის მონაწილეებს შეეძლოთ გამოეხატათ პროტესტი, როცა იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას. შემდეგ გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც ჩვენ მოვუწოდეთ მათ, რომ გაეთავისუფლებინათ გზა და გადასულიყვნენ გზიდან, თუმცა ზოგიერთი პირი არ დაემორჩილა პოლიციას და ამის გამო დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი გააგრძელონ მშვიდ ვითარებაში, ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს. ესაა საპარლამენტო ორგანო, სადაც უნდა შევიდნენ დეპუტატები, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, მისცენ საშუალება დეპუტატებს, შევიდნენ პარლამენტში და არ შეუქმნან გადაადგილებაში პრობლემა სატრანსპორტო საშუალებებს“, - განაცხადა სირაძემ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

იატაკზე მოკალათებული იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი მოაჯირთან - "გირჩის სამეფოს" წევრების კადრები პარლამენტიდან

"არაფერ შუაშია, რომ თითქოს ქალებს ვჩაგრავთ"  - იაგო ხვიჩია პარტიის საარჩევნო სიიდან ქალების "ჩახსნის" გადაწყვეტილებას განმარტავს