სამარცხვინო, უპასუხისმგებლო და მავნებელი - ასე აფასებენ ქართველი ექსპერტები ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს "არც ჯარი აქვს, არც იარაღი და არც ექნება".
სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება, მორიგი ხმაურის და სკანდალის მიზეზი გახდა. ექსპერტების, საზოგადოების ნაწილის, ოპოზიციის მოსაზრებით, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები სიცოცხლეს ებრძვიან.
"აბა ის ბიჭები ვინ არიან 2008 წელს რომ იბრძოდნენ? ან ისინი საზღვრებს რომ იცავენ და სამშვიდობო მისიაში დადიან? დააფასეთ და დაინახავთ, როგორი ჯარი გყავთ ქ.ნ "პრეზიდენტო"
"თუ ჯარი არ გვაქვს, შენ რას მთავარსარდლობ?!"
"ზის თავისთვის ფუფუნებაში, დროდადრო კრემლიდან მოაწვდიან ფრაზებს, რომელსაც ახმოვანებს თავისი ჩიქორთული ქართულით და არის ბედნიერი, რა სამშობლო, რის სამშობლო, სამშობლო ვირსაც კუდზე გამობმია"
"ქვეყნის მთავარსარდალი, ასე რომ დააკნინებს საკუთარ არმიას, მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა უნდა გაჩნდეს, მაგრამ ვისგან?!"
"ჯარი და იარაღი რომ არ აქვს ქვეყანას, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი ხმამაღლა ამბობს?! გააფარჩაკა სახელმწიფო!" - წერენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები პრეზიდენტის განცხადებაზე.
ზურაბიშვილსაც და "ქართულ ოცნებასაც" კიდევ ერთხელ მოუხდა თავის მართლება განცხადების გამო. პრეზიდენტს დეპუტატი სოფო კილაძე გამოესარჩლა და განცხადება ზურაბიშვილის "ქართული ენის ცუდად ფლობით ახსნა". თავად პრეზიდენტი კი, თავს ბულინგის მსხვერპლად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელეს:
"პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება? იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი, რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ „ლობიოს ჭამაზე”) ხდება საქილიკო.
ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით, რაზედაც შემდეგ ითხოვენ პრეზიდენტისგან განმარტებას და ასევე სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარის გაკეთებას არასწორედ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რათა შეიქმნას განცდა დაშორების თუ დაპირისპირების. ამით უნდათ გააჩინონ საზოგადოებაში გაუგებრობა და უნდობლობა" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები" - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ კომენტარს. "როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით, საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით, რეგიონში ერთ-ერთი სერიოზული ძალაა.
AMBEBI.GE-სთან საუბარში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ამ განცხადებით მტკიცდება, "მას არ სჯერა ქართული სახელმწიფოსი":
"ძალიან სამწუხარო განცხადებაა და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი გახლავთ ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის გამოვლინება იმისა, რომ არ სჯერა ქართული სახელმწიფოსი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ის იყო მისი კანდიდატი.
ის ფილოსოფია, რასაც ეს ქალბატონი განასახიერებს არის „ოცნების“ აზრიც. არც მათ სჯერათ ქართული სახელმწიფოსი. უბრალოდ, ეს ადამიანი ამბობს პირდაპირ, ისინი კი ირიბად. ზურაბიშვილი არის“ ოცნების“ პრეზიდენტი, რომელიც არჩეული იქნა საქართველოში ყველაზე ცუდი არჩევნებით, ყველაზე მეტი დარღვევებით. მას არ სჯერა, რომ საქართველო არის სახელმწიფო სწორედ ეს არის ამ განცხადების მიზეზი.
საქართველოს შეირაღებული ძალები თავსებადია და NATO-ში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი ხაზი გადის თავდაცვის რეფორმაზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სამხედროებს ნატოს უამრავ ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულად იბრძოდნენ რუსეთ-საქართველოს ომში. ჩვენ გვყავს ჯარი, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ“, - ამბობს სიხარულიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი კი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადების შემდეგ, ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტი გადადგებოდა.
"სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის პირველი პირი, უმაღლესი მთავარსარდალი და ვალდებულია, მისი საუბარი ეფუძნებოდეს იმ კონკრეტულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო ხედვას, მიდგომას, რომელიც არსებობს თავდაცვასთან, შეიარაღებასთან თუ სხვა საკითხებთან დაკაშირებით. ეს განცხადება არის სამარცხვინო, არა მარტო ქართული ჯარისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.
ერთადერთი, ვისაც გაუხარდებოდა მსგავსი განცხადების მოსმენა, არის რუსეთი. ჩვენი ქვეყნის მეგობრები კი, იქნებიან შოკირებულნი და ძალიან იმედგაცრუებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ იცის ჯარის და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფასი. ნორმალურ სახელმწიფოში ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტი უნდა გადამდგარიყო“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს მაჭავარიანმა.
ქვეყნის მთავარსარდლის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესთვისაც. მისი აზრით, პრეზიდენტი ასეთ საკითხებს საჯაროდ არ უნდა განიხილავდეს.
"საკმაოდ მოულოდნელი და უჩვეულო განცხადებაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა გვარწმუნებს, მათ შორის „ქართული ოცნება“ და ყველა მინისტრი, რომ ქართული შეიარაღებაც გვაქვს და ჯარიც, მომარაგებაც კარგია. ახლა კი, ასეთი განცხადება სრულიად გამაოგნებელია. რამდენად სწორია როდესაც ამას პრეზიდენტი აკეთებს?! ყველა ქვეყანაში შეიარაღებას, სამხედრო საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. განცხადება, რომ არც ჯარი გვაქვს და საერთოდ არავინ არ ვართ, არათუ არასწორია არამედ მავნებლური.
როგორ შეიძლება ასეთი განცხადების გაკეთება საჯაროდ? თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ საკითხი მთავრობის წინაშე უნდა დაეყენებინა. ჩვენ რომ გვეუბნება რა ვქნათ, რა უნდა ვიმოქმედოთ? საღ აზრს მოკლებულია ასეთი განცხადებების გაკეთება, კატასტროფაა", - უთხრა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.
"ქართველ ხალხს ასეთი პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს" - ასე ეხმაურება ზურაბიშვილის განცხადებას ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე და დასძენს, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ქართულ ჯარს არ იცნობს.
"ზურაბიშვილის ეს განცხადება არის მავნებლური და აბსოლუტურად არაკომპეტენტური. სამხედრო ნაწილში სულ ორჯერ არის ნამყოფი გახსნა-დახურვის ცერემონიალზე და არანაირად არ იცნობს ქართულ ჯარს, არც სტრუქტურას და არც მის შესაძლებლობებს.
ასე რომ, ერთის მხრივ ეს შეიძლება იყოს უცოდინრობა, მეორეს მხრივ - მავნებლობა. არ არის გამორიცხული ორივე ერთად. ქართველ ხალხს ასეთი პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს. განსაკუთრებით კი ჯარს, რომელსაც მიაყენა ამხელა შეურაცხყოფა", - გვითხრა ხარშილაძემ.