ავტორი:

დეკემბერში საკითხავი - ტოპ 5 წიგნი ზამთრის საღამოებისთვის

დეკემბერში საკითხავი - ტოპ 5 წიგნი ზამთრის საღამოებისთვის

ამბობენ, რომ ზამთარი კითხვისთვის საუკეთესო დროა. თბილ და მყუდრო სახლში ჩაით ხელში წიგნების კითხვა ერთგვარი ტრადიციაა, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მილიონობით მიმდევარი ჰყავს.

2019 წლის დასრულებამდე რამდენიმე კვირაღა დარჩა. თუკი ახლა ფიქრობთ, რა წაიკითხოთ დეკემბერში, არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ და გთავაზობთ ტოპ 5 წიგნს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიიდან "წლის ბესტსელერი“, რომლებმაც უკვე დაიმსახურეს უამრავი მკითხველის მოწონება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ლეონ ლეისონი - "ხის ყუთზე შემდგარი ბიჭი“

ეს წიგნი ოსკარ შინდლერის სიის ყველაზე უმცროსი წევრის, ლეონ ლეისონის თავგადასავალია. ლეონი 10 წლის იყო, როცა ომი დაიწყო. ნაცისტებმა ის და მისი ოჯახი ჯერ კრაკოვის გეტოში შეყარეს, მერე პლაშოვის საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს. შიშმა, შიმშილმა, ნაცისტების სისასტიკემ ვერ გაუნელა ლეონ ლეისონს სიცოცხლის სიყვარული და რწმენა, რომ სიკეთე დაუმარცხებელია; რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მოყვასის დახმარება და თანაგრძნობა ამქვეყნად ყველაზე დიდი ღირებულებაა.

„ლეონ ლეისონი ნამდვილად განსხვავებული და ნიჭიერი მასწავლებელი იყო. მისი მუდამ მადლიერი ვიქნები შოას ფონდისთვის გადაცემული იმ საბუთებისთვის, რომელთაც სათუთად მოვუფრთხილდებით, რათა მომავალი თაობები გაეცნონ და აღფრთოვანდნენ მისი შესანიშნავი ცხოვრებით“ - სტივენ სპილბერგი, ოსკაროსანი რეჟისორი ფილმისთვის "შინდლერის სია".

მერი-ენ შეფერი - „გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება“

სად იპოვოს გაგანია ომის დროს ახალგაზრდა მწერალმა სიუჟეტი თავისი ახალი წიგნისთვის? რა თქმა უნდა, კუნძულ გერნზის მეღორისგან მიღებულ წერილში. უფრო შთამაგონებელი რაღა უნდა მოხდეს - მეღორე საყვარელ მწერალს წერილს უგზავნის და სთხოვს, მიასწავლოს ლონდონში წიგნის მაღაზია, რომელშიც მის წიგნებს შეიძენდა.

კუნძული გერმანელებს ჰქონდათ ოკუპირებული და მოსახლეობას თავშეყრას უკრძალავდნენ. მტრის თვალის ასახვევად, რამდენიმე კუნძულელმა კითხვის სიყვარული მოიმიზეზა. ასე შეიქმნა "გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება", რომლის წევრების მიმოწერა ჯულიეტთან ქმნის ამ არა უბრალოდ კარგ, არამედ, შესაძლოა, საუკეთესო წიგნს, რომელიც ბოლო დროს წაგიკითხავთ.

"კარგი წიგნი გაფუჭებს და ცუდს ვეღარ კითხულობ", - ამბობს ამ შესანიშნავი, იუმორითა და ოპტიმიზმით სავსე რომანის ერთ-ერთი გმირი და ამაში მკითხველიც დარწმუნდება.

ელიფ შაფაქი - „ღირსება“

მდინარე ევფრატის პირას მდებარე მიყრუებული სოფლიდან დედოფლის ლონდონამდე გზა ცრემლით, ტკივილითა და იმედით არის სავსე. ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს - ვერა.

რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თავგადასავალს. ერთდროულად, უდაბნოს მწველი მზის ქვეშ და ინგლისის ნისლში კრიმინალური, რომანტიკული, ყოფითი, მაგიური დრამა თამაშდება, სადაც ყველა დამნაშავეა და ყველა -მსხვერპლი.

ელიფ შაფაქი - აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდგარი მწერალი; ორი სამყაროს ერთობასა და უცხოობაზე და იმ გულზე, რომელიც ყველაზე ულმობელ სახალხო სამართალს, წეს-განგებას, ტრადიციას, სირცხვილსაც კი არ უშინდება, როცა სიყვარულით ფეთქავს.

შაფაქის რომანი „ღირსება“„სიტყვის თავისუფლების“ პრემიის მფლობელი გახდა.

ჯილ სანტოპოლო - "დაკარგული სინათლე"

სანტოპოლო NEW YORK TIMES-ის ბესტსელერების ავტორია. ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი - ლუსი და გეიბი ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი.

გზები გაიყო - გეიბი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუსი - ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია. მონატრების, ეჭვიანობის, სინანულისა და შეხვედრების ცამეტი წელი გავიდა, სიყვარული არ გახუნებულა, მაგრამ მოუტანა კი მათ ბედნიერება? გვიან აღიარეს, რომ სიყვარული სინათლეა და როცა მას დათმობ, საზღაური მეტისმეტად მწარეა, ხანდახან სიცოცხლეც კი...

სესილია აჰერნი - "სიყვარულით, როზი"

როზი და ალექსი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ეს ყველამ იცის, მათ გარდა... ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დრო გავიდა, გაიზარდნენ და დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგნენ. ალექსი დუბლინიდან ბოსტონში გადადის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. როზისაც დიდი გეგმები აქვს - ისიც ბოსტონში ისწავლის, ბავშვობის მეგობრები ისევ ერთად იქნებიან, მაგრამ... ერთი მცდარი ნაბიჯი და ორივეს ცხოვრება იცვლება...

"სიყვარულით, როზი" გამორჩეულია არა მხოლოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი სიუჟეტით, არამედ რომანის არასტანდარტული ფორმითაც.

მთავარი გმირები წლების განმავლობაში წერენ ერთმანეთს ელექტრონულ და საფოსტონმარკიან წერილებს, უგზავნიან შეტყობინებებს, ბარათებს; ერთმანეთს უზიარებენ დარდს, წუხილს, სიხარულს...

თითქოს, რაღა შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებმაც უკვე გამოცადეს უიღბლო ქორწინება და განშორება, იმედგაცრუება და ღალატი... მაგრამ ეს მხოლოდ თითქოს...

წიგნი პრესტიჟული ჯილდოების: THE BRITISH BOOK AWARDS, IRISH POST AWARD-ისა და CORINE LITERATURE PRIZE-ის მფლობელია.

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე

„დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“  ყველასთვის  - გაზეთ  "კვირის პალიტრასთან" ერთად

სხვანაირი წიგნის 8 ალტერნატიული დასასრული გამოსულია! - რა საინტერესო თავგადასავალი ელის "ფენიქსის" მკითხველს