ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებმა 26 წლის ტატო შეითნიშვილმა, რომელიც პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს, AMBEBI.GE -სთან პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, მას შემდეგ რაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსი გაიარა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა პერიოდულად თავბრუსხვევებს მაინც უჩივის.
ტატო შეითნიშვილმა რამდნეიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და გაავრცელა საკუთარი ფოტოები, სადაც მისი ფიზიკური დაზიანებები და დახეული ქურთუკი ჩანდა.
შეითნიშვილი სამართალდმცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და იმ პოლიციელების ვინაობას ასახელებს, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ძნელია იმის გახსენება, თუ როგორ დაუნდობლად გამისწორდნენ... სულიერი და მორალური ტკივილის მიყენების შემდგომ დაუნდობლად მცემდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად ეს პიროვნებები თავისუფლად დანავარდობენ. ესენი არიან მ. კ., გ.კ. და ბ.მ. მეოთხე პიროვნებაა ილო, რომლის გვარიც არ მახსოვს და ვიცი ამავე პოლიციელებისგან, რომ ახალი კადრია, თელაველი. ეგ ძალზედ კარგი და სამართლიანი ადამიანია, რომლის ხმაც ჩამესმოდა, როდესაც ცემით მკლავდნენ - კარგი, გეყოფათ, ნუ მოკლავთო! როგორც სამართალდამცავს შეეძლო, ისე იზიარებდა ჩემს ტკივილს" - ამბობს AMBEBI.GE -სთან ტატო შეითნიშვილი.
აღნიშნულ ფაქტან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ შეითნიშვილი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.
პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება.