ზუგდიდში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატის მტკიცებით, ბერი და საქმეზე დაკავებული მეორე პირი ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალება მათ ეკუთვნით, თუმცა, რეალურად ვის ეკუთვნის, ეს გამოსაძიებელია.
ბერ მონაზონ სვიმონ ქავთარაძის ადვოკატის, ჯიტა გულუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალის აღიარების მიზნით სასულიერო პირი პოლიციაში თავად გამოცხადდა, სამართალდამცავებმა შესაძლო მიმალვის საფრთხის გამო, ის მაინც დააკავეს.
ადვოკატის თქმით, სვიმონ (გიგა) ქავთარაძე 14 წელია ბერია და მისი წარსულიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია რატომ უნდა ჩაედინა მსგავსი დანაშაული:
"ნარკოტიკული საშუალება, მამაოს აღიარებით, ეკუთვნის მას. ამ მამაოს აქვს საოცარი წარსული. ის 32 წლისაა და 14 წელია უკვე ბერია. ეს არის დადებითი წარსულის მქონე ბერი და ის, თითქოს, ამ ადამიანმა ჩაიდინა მსგავსი რამ, გაურკვევლობას იწვევს.
ბევრი რამ არის დასადგენი. არ ვიცი რისთვის სჭირდებოდა მას ეს ნარკოტიკული საშუალება. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე. ის 2 ნოემბერს დააკავეს და ისიც ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მისია“, - განაცხადა ჯიტა გულუამ.
მისი ინფორმაციით, ორივე პირი დაკავების მომენტში ერთად იმყოფებოდა. ადვოკატი ეჭვობს, რომ სასულიერო პირმა დანაშაული თავად დაიბრალა.
"დაკავების მომენტში ერთად იმყოფებოდნენ. მამაოს ბუნებიდან გამომდინარე, რამე სიცოდვილის ფაქტორი ხომ არ იყო მამაოს აღიარება?! ორივე აღიარებს, რომ არა ჩემია, არა ჩემიაო. მამაო ამბობს, რომ მე ვიპოვე სადღაცო, ამბობს ადგილს. რომან მალანია დააკავეს 2 ნოემბერს, მამაო კი გუშინ გამოცხადდა თვითონ. ის რამდენიმე თვეა ზუგდიდშია ჩამოსული, დაახლოებით 8 თვეა. დაკავებულები თანაქალაქელები და თანატოლები არიან.
დაკავების მომენტში ეს ჩანთა ეკავა ამ პიროვნებას და ამ ჩანთაში სხვა ნივთებთან ერთად, იქნა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, ოდენობა 14.5. ექსპერტიზის დასკვნით. ვის ეკუთვნის, არ არის დადგენილი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - აცხადებს ადვოკატი.
დაკავებული ბერის ფოტოს "რუსთავი 2" ავრცელებს