რამდენიმე დღის წინ პანკისში მომხდარი მკვლელობა ძალოვნებმა გახსნილად გამოაცხადეს და ორი პირი - 21 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი დააკავეს.
შეგახსენებთ, უმძიმესი ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სავარაუდოდ, "ხადორი 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება. მკვლელობის კიდევ ერთ ვერსიად - პირად კონფლიქტს განიხილავენ, ამბობენ, რომ დუისელ ქავთარაშვილებსა და ჯოყოლოელ მუთოშვილებს შორის, ჰესთან დაკავშირებულ პრობლემამდეც არსებობდა დაპირისპირება...
ორმხრივ სროლას პანკისში ბევრი თვითმხილველი ჰყავს. ადგილზე გარდაიცვალა 37 წლის ვისური მუთოშვილი, ასევე დაიჭრა მისი ნათესავი რუსლან მუთოშვილი. დაჭრილია ამ გვართან დაპირისპირებული მურად ქავთარაშვილიც. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ატეხილ ორმხრივ სროლას შეესწრნენ პოლიციელები, მაგრამ დანაშაულის დროულად აღკვეთა ვერ შეძლეს.
დაჭრილებიდან ერთ-ერთი პანკისის ხეობაში "ქართული ოცნების" კოორდინატორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის მერაბ ქავთარაშვილის ძმა, მურად ქავთარაშვილია, სწორედ მას ადანაშაულებენ მოკლულის ნათესავები მომხდარში, ამბობენ, რომ თითქოს მან გაისროლა პირველმა.
მოკლულის ოჯახი და მისი გვარის წარმომადგენლები სისხლის აღებაზე ალაპარაკდნენ და ვიდრე სამართალდამცავები ამ პირების დაკავებაზე გაავრცელებდნენ ინფორმაციას, მანამდე, 1-ლ დეკემბერს პანკისში მუთოშვილების გვარის შეკრება შედგა.
ლუიზა მუთოშვილი, მოკლული ვისური მუთოშვილის ნათესავი:
"პირველ დეკემბერს შეიკრიბა ჩვენი გვარი და მძიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მომხდარ ტრაგედიაში მონაწილე ოთხივე გვარს მოეთხოვება პასუხი სისხლის აღებით. მათი გვარის უხუცესებს ეს ამბავი უკვე შეატყონინეს.
- კონკრეტულად რომელ გვარებს დაედოთ ეს სასჯელი?
- ამ საქმეში მონაწილე ოთხივე გვარს: ქავთარაშვილს, დუიშვილს, ხანგოშვილს და ალდამოვს. ამას მარტო გვარი არ წყვეტს, წყვეტენ უხუცესები. ისინი იღებდნენ ამაში მონაწილეობას. საერთოდ, თემი მონაწილეობს ასეთ დროს და ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება.
- უხუცესები ამბობდნენ, სურდათ რომ სისხლის აღება აცილებული ყოფილიყო, ეს რატომ ვერ მოხერხდა?
- არავის უხარია დღეს ასეთი რამე. ჩვენებისთვისაც ძალიან მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოჯახის პოზიციაც, ეს ის შემთხვევაა, როცა გადაწყვეტილებაში ყველა ერთსულოვანი იყო. ასეთი რამე ხეობაში არ მომხდარა ადრე, ეს იყო გამიზნულად ჩადენილი მკვლელობა.
სასწაულად გადარჩნენ სხვები, განწირული იყო 8 ადამიანი მუთოშვილების გვარიდან. ჩვენი მხრიდან ყველას კლავდნენ, ეს არის რეალობა, სრულიად დაუცველია ეს ხეობა ამ ჯგუფისგან!
ამისწინათ ზუსტად იგივე გააკეთეს შენგელი ტოღოსაშვილის მიმართ, ისიც სასწაულად გადარჩა. ეს არის ბანდა, დაჯგუფება. მოსულები იყვნენ ყველა რომ მოეკლათ და სასწაულის წყალობით მარტო ერთი ადამიანი ემსხვერპლა ამ ამბავს. მეორე დაჭრილიც ჩვენი ბიძაშვილია, რუსლან მუთოშვილსაც ორი ჭრილობა ჰქონდა, საბედნიეროდ,მისი მდგომარეობა სტაბილურია წაიკითხეთ ვრცლად
მთავარ ფოტოზე: მარცხნივ - მკვლელობაში ბრალდებული არბი ქავთარაშვილი, მარჯვნივ - მოკლული ვისური მუთოშვილი