ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე უარს აცხადებს.
„ერთხელ ორი თვის წინ და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები.
მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონი კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრების გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ. ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს.
მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ, რომლის განცხადებასაც ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თბილისში დეკემბერში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გაიგო.
როგორც აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პირადად მან შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ აღნიშნული ინფორმაციის საქმის კურსში არ იყო.
„სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს გეტყვით ამ საკითხზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ ცენტრს გახსნის თბილისში განთავსებული რუსეთის სავიზო ცენტრი, რომელიც საქართველოში 2 წელია ვიზებს გასცემს და კომერციული სტრუქტურაა. ეს კულტურის ცენტრიც იქნება კომერციულ საწყისებზე. მე შეხვედრაზე ვთქვი, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და თბილისში დაბრუნების შემდეგ გავერკვევი საკითხში,“- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ის დედაქალაქში ხვალ დაბრუნდება და სავიზო ცენტრისგან დამატებით ინფორმაციას მიიღებს.
შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.