კონკურსში მონაწილეობა მისთვის უცხო არ არის, „X ფაქტორის“ ნახევარფინალისტიც იყო, რამაც დიდი გამოცდილება მისცა. ამბობს, რომ სცენაზე თამამად და თავდაჯერებულად დგომა სწორედ კონკურსებში ისწავლა.
მარიამ შენგელია 17 წლისაა, ჯერ სკოლის მოსწავლე, უნდა რომ „საქართველოს ვარსკვლავი“ გახდეს და შემდეგ „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველო წარადგინოს.
- ორივე ლაივი ჩემთვის ურთულესი იყო იმიტომ, რომ ვიყავით 10 გადარჩეული კონკურსანტი და მტკივნეულია, როცა პროექტიდან, ყოველ ჯერზე ერთი უნდა წავიდეს. არადა, ბავშვები ოჯახივით შევიკარით. თუმცა რას ვიზამთ? ასეთია შოუ - მონაწილეებიდან ზოგს დარჩენა გვიწევს და ზოგი მიდის. თუმცა პროექტის კონკურსანტობა კარგია, დიდ გამოცდილებას ვიღებთ თითოეული.
- „X ფაქტორის“ ნახევარფინალისტი ხარ... ძალიან პატარა იყავი, რომ მონაწილეობდი...
- კი, 14 წლის ვიყავი... ძალიან რთული იყო მაშინ, პირველად გავედი კონკურსში და საერთოდ არაფერი ვიცოდი. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ნელ-ნელა თავდაჯერებულობა მომემატა... ახლა უკვე ცხოვრების სხვა ეტაპია, მეტად თავდაჯერებული ვარ. „საქართველო ვარსკვლავი“ ისეთი კარგი პროექტია, რომ იმის საშუალებას გაძლევს, რომ საკუთარი თავი ყველანაირად გამოაჩინო.
- მოკლედ, პატარა ასაკიდან მიჩვეული ხარ კონკურსის სტრესს, განცდებს და ჯერ კიდევ არ ხარ სრულწლოვანი. აბიტურიენტი ყოფილხარ...
- აბიტურიენტი ვარ. მუსიკის მიმართულებით მინდა ისევ სწავლის გაგრძელება. მეუბნებიან, იქნებ ძალები სხვაგან გეცადა, სხვა რამ აგერჩიაო, მაგრამ გული მაინც აქეთ, მუსიკისკენ მომიწევს და ამას ბოლომდე მივყვები. ალბათ კონსერვატორიაში ჩავაბარებ ჯაზ-ვოკალის განხრით.
ზუგდიდელი ვარ, ერთი წელია, ოჯახი ჩემ გამო საცხოვრებლად აქეთ გადმოვიდა, სკოლაში აქ დავდივარ. არ დამიჯერებთ, მაგრამ სხვა არნაირი გატაცება არ მაქვს - ასე გამოვიდა. ბენდთან ერთად ვმუშაობ კორპორატიულ საღამოებზე, მყავს მენეჯერები...
- რა მოლოდინი გაქვს „საქართველოს ვარსკვლავისგან“? რამდენად დაძლევ იმ ბარიერებს, რომელიც ფინალამდე გელის?
- თავიდანვე, როცა მოვედი ამ პროექტში, ყველაფრისთვის მზად ვიყავი... ნებისმიერი კონკურსანტისთვის ყველაზე რთული ის ბოლო 5 წუთია ხოლმე, რომელიც სცენაზე მორიგი ნომრის წარსადგენად უნდა გავიდეს. სანერვიულოა, თუმცა დიდი მოლოდინები მაქვს. ჩემს ნომრებს დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს და იმედი მაქვს, რომ ფინალშიც მიხილავთ.
- „ევროვიზიაზე“ რას ფიქრობ?
- რა თქმა უნდა, ძალიან მინდა წასვლა, მაგრამ ნებისმიერ ჩვენგანს, ვინც კონკურსში ვართ, ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარდგენა შეგვიძლია. მოკლედ, მინდა, „ევროვიზიაზე“ წავიდე, მაგრამ ხალხზეა დამოკიდებული, ყველაფერს მაყურებელი ირჩევს...
- დარჩენილი რვა მონაწილე, ამბობთ, რომ მეგობრები ხართ, არადა, რეალურად კონკურენტები...
- კონკურსების ისტორიაში პირველი ათეული ვართ, რომლებიც მართლა ვმეგობრობთ. კონკურსი თუა, ამას ვერც ვგრძნობთ, იმდენად ახლო ურთიერთობა გვაქვს და იმდენად ერთნაირები ვართ. ყოველი კონკურსანტის პროექტიდან წასვლა და თითოეული ლაივი ჩვენთვის უსაშინლესი გრძნობაა.
- ჟიურის როგორ აფასებ, რომელმაც აგარჩიათ და ამ 10 ადამიანს თავი ასე ერთად მოგიყარათ.
- თბილები და უკარგესები არიან. კარგ რჩევებს გვაძლევენ. უზომოდ მიყვარს თითოეული.
- შენთვის ვისი შეფასება უფრო მნიშვნელოვანია?
- ყველასი, მაგრამ დათო ევგენიძეს ანგარიშს ვუწევ. პროექტებში რომ გამოვდიოდი, ყველგან დათო იყო ჟიურის წევრი, კარგად ვიცნობ და ძალიან მიყვარს.
- ბოლოს - ვის უძღვნი სცენიდან ყოველ შენს ნამღერს?
- ბაბუას, ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ეს იყო ადამიანი, ვის გამოც სიმღერა აქტიურად გავაგრძელე. ყველაზე მეტად ის მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ უნდა მემღერა, რომ ეს შემეძლო, სცენაზე უნდა ვმდგარიყავი! ამიტომ, ყველა გამოსვლას მას ვუძღვნი. ის ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანია!
- გულშემატკივარს რას ეტყვი?
- იმას, რომ იაქტიურონ, ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი. ძალიან თბილ კომენტარებს წერენ, რაც მიხარია და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ამიტომაც, არ მაქვს უფლება, ცუდად ვიმღერო!