პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილის ნათესავების ინფორმაციით, დაპირისპირებას პოლიციელები შეესწრნენ. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს ახმეტის კლინიკასთან განუცხადეს, სადაც მუთოშვილი პანკისიდან მიიყვანეს.
"მუთოშვილს რომ მოხვდა...პოლიციელები მისულები იყვნენ, გაჩერდითო და იმ მომენტში მოხვდა იარაღი“, - აცხადებს მოკლულის ერთ-ერთი ნათესავი, რომელმაც დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ პოლიციელები მომხდარის თვითმხილველები არიან.
ჟურნალისტების კითხვაზე, პანკისში დაპირისპირებისა და გარჩევის შესახებ იცოდა თუ არა პოლიციამ, მუთოშვილის ნათესავი პასუხობს: “პოლიციამ ყველაფერი იცოდა“.
სხვა კომენტარი მათ ჟურნალისტებთან არ გაუკეთებიათ.
"ქისტები ვართ და ჩვენ საქმეს მოვაგვარებთ ჩვენი ადათებითა და წესებით“, - განაცხადეს მოკლულის ნათესავებმა.
ცნობისთვის, პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი. მოკლულია ვისი მუთოშვილი, დაჭრილები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.