ნათქვამია, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ამ სირთულეების ფონზე, რაც გასული ორი კვირის განმავლობაში იყო, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობაძე აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი განშტოებებით თავი წარმოაჩინა, როგორც „ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა, ანტიეკლესიურმა პოლიტიკურმა ძალამ და ამის კულმინაცია იყო შტურმი ეკლესიაზე, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა საშუალებით, „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული მედიასაშუალებების თუ აქტივისტების გამოყენებით და ასე შემდეგ“.
„ამ სირთულეების ფონზე, რაც გასული ორი კვირის განმავლობაში იყო, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ყურადღებაა საჭირო, უნდა დავიცვათ ეკლესია და მასთან ერთად ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან.
როგორც კობახიძე აცხადებს, გასული ორი კვირა იყო ლუსტრაციის გაგრძელების ორი კვირა. მისივე თქმით, ეს პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება.
„ვიხილეთ აბსოლუტურად ლუსტრირებული ოპოზიცია. ერთ მხარეს იდგნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე მხარეს უწოდებენ რუსეთის აგენტებს, მეორე მხარეს ძალები, რომლებსაც ის მხარე უწოდებს ძალადობრივ და დანაშაულებრივ პარტიებს და ეს ორი ძალა ერთმანეთის მხარდამხარ იდგა. ასეთი დესტრუქციული და უნიათო ოპოზიცია საქართველოს ალბათ, დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, მომავალშიც არ ეყოლება.
დაიწყო მარგინალიზებული და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება. იმედი მაქვს, როგორც დღეს არ ზის არცერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება მომავალ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული პარტიები“, - აღნიშნა კობახიძემ.