ფსიქოლოგის ინსტიტუტი საქართველოში ბოლო წლებში ძალიან პოპულარული, შეიძლება ითქვას, მოდურიც გახდა. დეპრესიის, ფობიებისა და სხვადასხვა ტიპის ნერვული დარღვევების დროს, ბევრი პაციენტი მიმართავს ფსიქოლოგს და გულახდილად საუბრობს მათთან.
ძირითადად რა პრობლემებით აკითხავენ საქართველოში ფსიქოლოგებს - ამ თემით AMBEBI.GE დაინტერესდა და შეკითხვებით კლინიკურ ფსიქოლოგს ირმა კვაჭაძეს მივმართეთ:
"ზოგადად ქალების მომართვიანობა უფრო მეტია, თუმცა ადრე თუ ძირითადად ბავშვებისა და მოზარდების პრობლემების გამო გვაკითხავდნენ ფსიქოლოგებს, ბოლო ორი წელია, ქალებმა საკუთარი პრობლემებზეც დაიწყეს საუბარი.
რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათი მომართვიანობა ნაკლებია. ჩემი სუბიექტური აზრით, შეიძლება საკუთარ პრობლემებზე საუბარს სისუსტედ მიიჩნევენ. ისინი უფრო მაშინ მიდიან ფსიქოლოგთან, როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა და საქმე თამაშზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ეხება.
- ქალებს რა პრობლემები აწუხებთ?
- ქალებისთვის ფსიქოლოგთან მისასვლელად წამყვანი ასაკია 33-40 წლამდე. ამ დროს ეწყებათ ყოველდღიურობის გაუფასურება. ფიქრობენ: ვმუშაობ, ვაკეთებ, ვიღლები და რა აზრი აქვს ამ დროს ცხოვრებას?! ყველაზე მეტად ქალებს ამ ასაკში სჭირდებათ თავისი მნიშვნელობის დამტკიცება, ის, რომ რაღაცას წარმოადგენენ ან შეუძლიათ.
- ღალატის შემთხვევაში რამდენად ხშირად მოგმართავენ ქალები?
- დიახ, არის ასეთი შემთხვევები, ამ დროს, აინტერესებთ, როგორ იპოვონ საკუთარ თავში დაშორების ძალა, ან პირიქით - როგორ დაიბრუნონ მეორე ნახევარი, რადგან უღირთ ამ ადამიანთან ყოფნა.
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ძირითადად, ამ დროს ქალებს სურთ ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ აქვთ ყოფითი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლით. არ აქვთ ცხოვრებისთვის ის პირობები, რომელიც საშუალებას მისცემთ, დამოუკიდებლად იცხოვრონ. ასევე, პირველ რიგში უნდათ საკუთარი რწმენა დაიბრუნონ, რადგან ქალი ღალატს პიროვნების გაუფასურებამდე მიჰყავს.
- არის შესაძლებელი ღალატის შემდეგ ჰარმონიის აღდგენა მეუღლესთან?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ გააჩნია ადამიანის მიზანს, ღირებულებებს. უნდა იმუშაო ამ შემთხვევაში პაციენტზე. ქალებს პრობლემები აქვთ მშობიარობის შემდეგაც, პოსტმშობიარობის სინდრომი, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. ქალს ამ დროს ჰგონია, რომ ემოციურად მდგრადი უნდა იყოს და პირიქით, აღმოჩნდება, რომ ასე არ არის.
- მამაკაცების შემთხვევაში რა ხდება?
- ყოფილა შემთხვევები, როდესაც მამაკაცს მოუმართავს ღალატის პრობლემით, მაგრამ ამ შემთხვევაში თავად უღალატა ცოლს და ამის გამო ჰქონდა დანაშაულის განცდა...
ასევე, მამაკაცებსაც აქვთ ეგზისტენციალური პრობლემები, ფიქრობენ - რა აზრი აქვს ცხოვრებას, ყველაფერს ცდილობს და არაფერი გამოსდის.
საერთოდ, მამაკაცებს დაოჯახებამდე აქვთ ცხოვრებისეული სიცარიელის პრობლემა და აზრს ვერ პოულობენ, ქალებს კი პირიქით - დაოჯახების და ბავშვის გაჩენის შემდეგ სჭირდებათ დახმარება.
- ქალები უფრო მარტივად უმკლავდებიან ფსიქოლოგიურ პრობლემებს თუ კაცები?
- ამ დროს გენდერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ფსიქიკური მდგომარეობა პაციენტის. მე საერთოდ არ ვმუშაობ წყვილების თერაპიაზე, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა, რომ წყვილი ერთად მივიდეს ფსიქოლოგთან, მაგალითად, როდესაც ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და ძალიან კარგია, რომ გაჩნდა ეს კულტურა საქართველოში.
- სექსუალური პრობლემებით თუ მოგმართავენ?
- ამ პროფილით არ ვმუშაობ, მაგრამ კოლეგებისგან გამიგია, რომ ამ კუთხითაც არის მომართვიანობა. ჩემს პრაქტიკაში იყო ჩემთხვევა, როდესაც სექსუალურმა შეუთავსებლობამ გამოიწვია პაციენტის პიროვნული დაკნინება და სწორედ ამის აღდგენას ცდილობდა.
- დღეს, ადამიანები დიდ დროს ატარებენ სოციალურ ქსელში, რამდენად ახდენს ეს გავლენას წყვილების ურთიერთობაზე?
- სოციალური ქსელი ძალიან დიდი თემაა და ერთმანეთის მესიჯების კითხვა, სწორედ ადამიანის საზღვრების დარღვევას უკავშირდება და ამ დროს უნდობლობა ყალიბდება ადამიანებს შორის. როდესაც ღალატზე ვსაუბრობ პაციენტებთან, ქალები ამბობენ - დიახ, ზუსტად ვიცი რომ ასეა, მიმოწერა წავიკითხე... ამ დროს ქმრები უარყოფენ...
- შეიძლება ვთქვათ, რომ მეუღლეები ერთმანეთის ღალატის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით იგებენ?
- დიახ, ასეა. უბრალოდ, როდესაც სოციალური ქსელით იგებ ღალატს, ეს მეუღლის ქცევაზეც აისახება, ურთიერთობები მანამდეც გაციებულია, შეცვლილია ამ დროს ცოლ-ქმარს შორის დამოკიდებულება. უბრალოდ, სოციალური ქსელი იძლევა საშუალებას, რომ ფაქტი ნახო. მანამდე თუ არ უტყდება ქალი საკუთარ თავს, რომ რაღაც ისე არ არის, მიმოწერის წაკითხვის შემდეგ იძულებულია, რეაგირება ჰქონდეს.
- ყველაზე ხშირად მამაკაცები როდის ღალატობენ ქალებს?
- მაშინ, როდესაც პატივისცემა და სიყვარული არ აქვთ. არ არის ასე, რომ ორსულობის პერიოდი იწვევს ღალატს ან ბევრი შვილი, ოჯახური ვალდებულებები, რა დროსაც შესაძლებელია ქალი გაუცხოვდეს. ამ დროს მამაკაცი პირიქით, ვალდებულია, გვერდში დაუდგეს. თუ თავს ღალატით შველის, არასწორია და უბრალოდ, მარტივი გამოსავალია. ამ დროს უნდა დასხდნენ და გულახდილად ისაუბრონ.
- ბავშვებსა და მოზარდებს რა ტიპის პრობლემები აქვთ?
- მშობლებს ხშირად 3 წლის ასაკის ბავშვები მოჰყავთ, რადგან მანამდე თუ იყო დამჯერი, მშვიდი, იცავდა წესებს, ახლა შეცვლილები არიან, აქვთ პროტესტის გრძნობა. ეს ბავშვის პრობლემა არ არის და მშობელი უნდა იყოს ამ დროს თანმიმდევრული, დამოკიდებულება შეცვალოს შვილის მიმართ.
ის რომ ბავშვი აგრესიას გამოხატავს, არ ნიშნავს რომ მშობელი ცუდია. 3 წლის ასაკში ბავშვი საკუთარი თავის აღქმას იწყებს, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი და გამოეყოფა მშობელს. ამ დროს აგრესია ჩვეულებრივი ამბავია და უნდა დაუთმოს მშობელმა, თუმცა უნდა იყოს რიგი რაღაცების მიმართ პრინციპულიც.
ამ დროს ძალიან კარგად მუშაობს წამახალისებელი დაფა - მშობელმა კარგი საქციელისთვის უნდა გაუკეთოს ბავშვს საჩუქრები, თუმცა რაც უფრო მშვიდია მშობელი, ბავშვის განვითარებაც უფრო კარგად მიდის. მოზარდისთვის შემდეგი რთული ასაკია 6 წელი, როდესაც სკოლაში ადაპტაციას იწყებს და მესამე - თინეიჯერობის ასაკი, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია თანატოლების წრე და გარემო, სადაც უწევს ყოველდღიურად ცხოვრება.