საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილს, ელენ კარერ დ’ანკოსს (ელენე ზურაბიშვილი) საფრანგეთსა და რუსეთში კარგად იცნობენ. მას ლენინის, სტალინის, ხრუშჩოვის ბიოგრაფიებისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის შესახებ უამრავი ნაშრომი აქვს დაწერილი.
დანკოსს „სოვეტოლოგთა დედოფალს“ უწოდებენ.
„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ სამეცნიერო წრეებში მისი დიდი აღიარების ნიშნად, 1990 წელს კარერ დ’ანკოსი საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს, ხოლო 1999 წელს - მუდმივ მდივნად, რის შედეგადაც საფრანგეთის აკადემიას, მისი რამდენიმესაუკუნიანი არსებობის მანძილზე პირველად, სათავეში ქალი მოექცა.
ელენ კარერ დ’ანკოსი დაიბადა პარიზში გიორგი ზურაბიშვილის ოჯახში, მას დედა რუსი ჰყავდა. ელენი სალომე ზურაბიშვილზე ბევრად უფროსია, თუმცა პრეზიდენტი რამდენიმე წლის წინ მედიასთან აღნიშნავდა, რომ ბიძაშვილთან ყოველთვის ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. რადიო თავისუფლებასთან მან განაცხადა, რომ ელენი მშობლების განქორწინების შემდეგ რუს დედასთან იზრდებოდა და კულტურული და ენობრივი თვალსაზრისით მისი გავლენის ქვეშ იყო.
"ის იყო ჯერ საბჭოთა კავშირის სპეციალისტი და მერე, რუსული ენის გამო, გახდა უფრო რუსეთის სპეციალისტი. მაგრამ საქართველოზეც, როცა საბჭოთა კავშირი იყო, ბევრი აქვს დაწერილი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
90 წლის დ’ანკოსს მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსულ სამეცნიერო წრეებთან, მუდმივად საქმის კურსშია რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
რამდენიმე თვის წინ კი ტელეკომპანია „როსიასთვის“ მიცემული ინტერვიუში მან სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა. დ’ანკოსის თქმით, ბიძაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გადაწყვიტა, რომ აღარ ისაუბრებდა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი „არავის მტერი არ არის“.
“მოგეხსენებათ, ყველა ოჯახში არიან განსხვავებული ადამიანები და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მიაჩნიათ, რომ ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ - თქვენ ერთი, სხვას კი - სხვა. მე კარგად მიცნობენ რუსეთშიც და საფრანგეთშიც. მიმაჩნია, რომ რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი. ხშირად ვამბობ, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ რაც ჩემი ბიძაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, გადავწყვიტე, რომ არასდროს არსად ვილაპარაკებ არც საქართველოს და არც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე“, - განაცხადა ელენ კარენ დ’ანკოსმა.
P.S. აღსანიშნავია რომ, სალომე ზურაბიშვილის "სალობიეს სკანდალში" ელენ კარენ დ’ანკოსის გვარიც ფიგურირებდა. რამდენიმე მედიასაშუალებამ და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალობიეში სტუმრობის დროს 90 წლის ბიძაშვილი ახლდა თან. სინამდვილეში, დ’ანკოსი საქართველოში არ ყოფილა, სალომე ზურაბიშვილი სალობიეში საფრანგეთიდან ჩამოსულ მეგობართან, ლია ვოდე-გოგიტიძესთან ერთად იმყოფებოდა.