პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციის დაშლისას ახალგაზრდა მამაკაცმა დაზიანება სახის არეში მიიღო - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ზაზა ლიპარტიას წყლის ჭავლის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა აქვს, დაუზიანდა თვალიც. მას ყბა-სახის ქირურგი ოპერაციას ჩაუტარებს.
„სპეცრაზმი რომ შემოვიდა, ჭავლის მეშვეობით დაიწყეს დაშლა აქციის, ჩვენმა თანამებრძოლმა სახის არეში ჭავლით დაზიანება მიიღო. მარცხენა თვალი დაუზიანდა, იქვე თვალი გადმოუვარდა და თავისი ხელით ჩაისვა,“ - ამბობს ტელეკომპანიასთან საუბრისას ერთ-ერთი თვითმხილველი.
ოფთალმოლოგის დასკვნის მიხედვით, ლიპარტიას მარცხენა თვალის კონტუზიური დაზიანება აქვს და თვალის დაკარგვის საშიშროება არ არსებობს.