ტაქსის მძღოლი ქალი ჩვენ ცხოვრებაში სიახლე არ არის, თუმცა დამეთანხმებით, რომ მათი ქალაქის ქუჩებში გამოჩენა ყურადღებას მაინც იქცევს, რადგანაც არც ისე ბევრნი არიან. ახლა ერთ ქართველ გოგონაზე უნდა მოგითხროთ, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, მუსიკალური რადიოს დიჯეია, მაგრამ ტაქსის მძღოლობასაც ითავსებს. როგორც გავიგეთ , ბოლო პერიოდში მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა..
"უკვირთ კიდეც და ბოლომდე ვერ უშვებენ, რომ ტაქსისტი ვარ. მოკლედ, ამ ყველაფერში განსაკუთრებული არაფერია, გარდა იმისა, რომ ქალ ტაქსის მძღოლებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსი ვარ. რომ მხედავენ, მეუბნებიან, განა ტაქსის მძღოლი ქალი გვიკვირს, უბრალოდ, ძალიან პატარა ხარ ამისთვისო“ - გვიყვება ნანკა ქოქიაშვილი, რომელიც თავის თავს ძალიან ფუსფუსა ადამიანს უწოდებს, უყვარს სიახლეები და რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა.
"ისეთი პროფესია მაქვს, შორ მანძილზე მიწევს წასვლა. მანქანის მიმართ დიდი ინტერესი არასდროს მქონია, მაგრამ ძალიან დამჭირდა და განვადებით შევიძინე... ჩემი სტაბილური სამსახური რადიო "არ დაიდარდოა", მუსიკალური წამყვანი ვარ, რაც ამის საშუალებას იძლევა. ეს არის საქმე, რომელზეც უარს ვერასდროს ვიტყვი. ამიტომ, მირჩევნია, პარალელურად სხვადასხვა რამ შევუთავსო. ასე გაჩნდა ტაქსის იდეაც" - განმარტავს რესპონდენტი.
- ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?
- დედასთან, დასთან და დისშვილთან ერთად ვცხოვრობ. მუშაობა 14 წლიდან დავიწყე. მას შემდეგ, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ. დედა, რა თქმა უნდა, ყოველთვის საქმის კურსშია, რას და როგორ ვაკეთებ, მაგრამ ხელს არ მიშლის. პირიქით, სულ მგულშემატკივრობს და გვერდში მიდგას. ის რომ არა, ასეთი ძლიერი ვერ ვიქნებოდი. თავიდან ცოტა ინერვიულა, მაგრამ უკვე მიეჩვია, ექვსი თვე გავიდა, რაც ტაქსზე ვმუშაობ და იმდენი რამ მოხდა, ცოტა გაოცებული ვარ, არ მეგონა, თუ ამხელა ინტერესს გამოიწვევდა.
- ტაქსმა შენი მოლოდინი როგორ გაამართლა?
- მეტ-ნაკლებად... ისე, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დიდი მოთმინება, ენერგია და მუდმივად კარგი განწყობა გჭირდება...
- ტაქსისტები ჩვენში ცოტა სახუმარო თემაა, მათზე უამრავ სასაცილო ამბავს ჰყვებიან. ეს სტერეოტიპი როგორ დაამსხვრიე?
- სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ვარ. ჩემი მგზავრების შესახებ პატარა ისტორიებს ვწერ ხოლმე. ამან საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მგზავრებიც ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ძალიან დასაფასებელია შრომა, მით უმეტეს, ასეთი ტიპის და ძალიან ახალგაზრდა გოგონასგან. შესაბამისად, თუ გოგოს მუშაობა ტაქსის მძღოლად დასაფასებელია, რატომ არ უნდა იყოს მამაკაცი დაფასებული?! ამიტომ, ყველანაირი პატიოსანი შრომა საზოგდოებისთვის მისაღები უნდა იყოს!
- ტაქსი გაათეთრე? რომელ საათებში გიწევს მუშაობა?
- არ გამითეთრებია. "ბ" კატეგორიის ლიცენზია მაქვს, რომელიც აპლიკაციაზე მუშაობას ითვალისწინებს და მაქვს უფლება, მანქანა არ შევღებო... სამუშაო საათები კი დამოკიდებულია რადიოზე. როდესაც იქ დილით ვმუშაობ, შემდეგ ტაქსზე ვაგრძელებ, როცა საღამოს ვარ რადიოში, ამ შემთხვევაში დილით გავდივარ ქალაქში სატაქსაოდ...
- მგზავრებთან ურთიერთობა არ არის რთული?
- ძალიან იშვიათად, რომ გაბრაზებული ან შემაწუხებელი მგზავრი შემხვდეს. პირიქით, ყველას მადლობელი ვარ. ძალიან მგულშემატკივრობენ. საკუთარ ამბებს მიზიარებენ... მეც ახლო მეგობარივით რჩევებს ვაძლევ. ეს ყველაფერი სამუშაო პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. ერთი ასეთი შემთხვევა იყო, მას შემდეგ რაც გია ჯაჯანიძის გადაცემა გავიდა ეთერში, რომელშიც მიწვეული ვიყავი, ერთი ახალგაზრდა ჩამიჯდა და მეუბნება, პირველად ვმგზავრობ ტაქსიში გოგონასთანო. ცოტა ხნის წინ ვუყურეთ გადაცემას, სადაც გოგონა ტაქსისტი თავის ამბავს ყვებოდა და გადავიხარხარე. მიხვდა, შენ ხომ არ ხარო?. ახლა გავგიჟდები, ღმერთო ეს რა ბედი მაქვს, გთხოვ, სელფი გადავიღოთ ჩემ ძმაკაცებს უნდა ვაჩვენოო... მოკლედ, ბედნიერი წავიდა.. იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მამაკაცმა ავარიით ფეხი დაკარგა) ჩამიჯდა, მაგრამ ამ მდგომარეობით დამძიმებული რომ იყო, ამას არ ავლენდა, თავის თავზე თვითონ ხუმრობდა. მეც ძალიან გავმხიარულდი. კაცმა ჩემი ქება-დიდება დაიწყო, მერე საწვავი უნდა ჩაგისხაო. მე წინააღმდეგი ვიყავი. მას გოგონა ახლდა, რომელმაც უთხრა, რას ეუბნები, გააჩერებინე და ჩაუსხიო. მოკლედ, საწვავიც ჩამისხა და ცალკე მგზავრობისაც გადაიხადა. დამლოცეს და წავიდნენ. ერთხელაც ახალგაზრდა გოგონა ჩამიჯდა, ბიძაშვილისთვის უნდა მიეკითხა რესტორანში. მას ტელეფონი დაუჯდა და ვერ დაუკავშირდა. მოკლედ, მივედით რესტორანში, მეც გავყევი და დავიწყეთ ძებნა. ეს გოგო მეუბნებოდა, რას წარმოვიდგენდი ასეთი ტაქსის მძღოლი თუ შემხვდებოდა და ჩემთან ერთად ბიძაშვილის ძებნას დაიწყებდაო. ვიპოვეთ და მერე მხიარულად მივაბრძანე სახლში.
- მოკლედ, საინტერესო ამბები ბევრი გქონია... სხვა ტაქსისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ჩვენს ოფისში ყოველთვის იკრიბებიან მძღოლები, რომლებიც ძალიან კარგი ხალხია. ისე მგულშემატკივრობენ, ისე მეხმარებიან, ვერ წარმოიდგენთ. მარიგებენ, მასწავლიან ბევრ რამეს...
- აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რადიო დიჯეი ხარ. ამას როგორ ათავსებ ტაქსის მძღოლობასთან?
- რადიო ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია. იქ სხვა ცხოვრება მაქვს. ეს არის ადგილი, სადაც ყველანაირი ყოფითი პრობლემა მავიწყდება. ჩემი კოლეგები განსაკუთრებულად მგულშემატკივრობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მადლიერი ვარ.
- თან, შენს რადიოს თავად ტაქსისტები დიდად სწყალობენ. ისინი ხომ მისი აქტიური მსმენელები არიან...
- კი, 15 წელია, ერთ-ერთი მოწინავე რადიოა, აუარებელი მსმენელი ყავს. ვერ წარმოიდგენთ, რა თბილები არიან. გჯერათ? - ჩვენით ცხოვრობენ. მეც თითოეული თავისი ისტორიით მიყვარს...
- ჟურნალისტი ხარ, შენი პროფესიით თუ გიმუშავია?
- კი, ჩემს კარიერაზე და განვითარებაზე განსაკუთრებულად ვზრუნავ. უამრავ ადგილას მიმუშავია ჟურნალისტად, რედაქტორად, ტელე-წამყვანად... ამაჟამად ღონისძიებები მიმყავს, ღია კონცერტები, სხვადასხვა კორპორატიული და გასართობი საღამო. მოკლედ, მოუსვენარი ცხოვრება მაქვს. თან, ახლა მეტად აქტიური გახდა ჩემი ცხოვრება. ბევრი საქმიანი შემოთავაზება მაქვს და მინდა, ყველაფერი მოვასწრო.
- სამომავლოდ როგორია შენი გეგმები?
- ხშირად აღვნიშნავ, რომ ის გზა, რაც გავიარე, წინასწარ ვიცოდი. ახლაც ვიცი, წინ რა მელოდება. ამისთვის, ვმუშაობ და მჯერა, გამოვა კიდეც. როდესაც ადამიანი ბევრს შრომობ და ხარ გულწრფელი, ყველაფერი კარგად არის!