ავტორი:

თემა დახურულია - 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება - რაზე შეთანხმდა უმრავლესობა

თემა დახურულია - 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება - რაზე შეთანხმდა უმრავლესობა

„ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, ოღონდ 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს.

შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებას არაერთგზის მკაფიოდ გააცნეს საკუთარი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომელიც საარჩევნიო სისტემის საკითხის გარშემო განვითარდა.

„თუმცა, ვინაიდან ამ თემის გარშემო კვლავ არ წყდება პოლიტიკური სპეკულაციები, მსურს საზოგადოებას ჩვენი პოზიცია, რამდენიმე გზავნილით კიდევ ერთხელ გავუზიარო: პირველი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პილიტიკური ინციატივა იყო. მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა სამწუხაროდ კანონპროექტმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. აღნიშნული შედეგი მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებებაც განაპირობა. მეორე - ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. თემა დახურულია - 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება, აქედან გამომდინარე პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა, არჩევნებისთვის მზადებასა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებისკენ უნდა მიმართოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძე აცხადებს, "მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი".

მისივე თქმით, შედეგად, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.

„გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კანონმდებლობით, პლებისციტი არის ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე.

ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან - ირაკლი კობახიძე

"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს

თბილისში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან