იღუმენია თამარ გაყრელიძე სოციალურ ქსელში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ადრესატია ხელისუფლება.
„ხელისუფლებას! ქუდზე კაცი-საქართველოს გადასარჩენად. ნუ გაგვიჭირდება იმის აღიარება, რომ ერსა და ბერში არსებული კრიზისი ფარისევლობისა და არაქრისტიანული აზროვნების შედეგია! მთელი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დადებული პირობა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია გადავაბრალოთ რამდენიმე დეპუტატის ახირებას, ისევე როგორ „გავრილოვის ღამის“ შემთხვევაში, რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამართლიანი პროტესტი. როგორც უფალი ბრძანებს: თავის ამონთხეულს მხოლოდ ძაღლი უბრუნდება...
ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას, სადაც „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ პრინციპმა აღარ იმუშავა და ჩვენდა საუბედუროთ ახალგაზრდების სისხლის ცოდვა დაგვედო კისერზე. ვფიქრობთ, ერთადერთი გამოსავალია გონს მოვეგოთ და გამოვიყენოთ კანონის ფარგლებში არსებული ყველა საშუალება, რათა განიმუხტოს სამართლიანი პროტესტი დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების პირობითა და მოლოდინით. გვახსოვდეს, დღეს სამოქალაქო დაპირისპირება მხოლოდ დამპყრობლისა და ჩვენი საძაგელი მტრის ინტერესებშია და მის ოცნებას წარმოადგენს - რომლისგანაც გვიხსნას უფალმა, ამინ!“, - აცხადებს მეუფე პეტრე.