ავტორი:

რა ხდებოდა პარლამენტში ცვლილებების ჩაგდების შემდეგ - "სირცხვილიას" და "შეცვალეს" აქტივისტები  მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

რა ხდებოდა პარლამენტში ცვლილებების ჩაგდების შემდეგ - "სირცხვილიას" და "შეცვალეს" აქტივისტები  მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

„ქუდზე კაცი. ყველანი უნდა მიხვიდეთ პარლამენტის შენობასთან, რადგან მერე იქნება გვიანი", - ამის შესახებ აქცია „სირცხვილიას" ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

მოძრაობა „სირცხვილიას" და „შეცვალეს" ორგანიზატორები პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ.

აქტივისტებმა 19:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს.

„დავიწყებთ, როგორც მინიმუმ ცენტრალური გამოსასვლელის პიკეტირებას. ყველანი უნდა მოხვიდეთ პარლამენტის შენობასთან, ახლა გვაქვს შანსი, რომ დავბრუნდეთ ევროპის ორბიტაზე. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ არ წავიდეთ რუსეთისკენ", - განაცხადა მაქარაშვილმა.

აქციები დააანონსა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკა მელიამაც. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მთელ საზოგადოებას გააწნა სილა.

„ყველა, ვინც ახლა ტელევიზორებთან არის და უყურებს მათ უთხრეს: თქვენ ხართ არარაობაო. ამათ უნდა გაეცეთ ადეკვატური პასუხი. კონსულტაციები გაიმართება და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი და რაღაც დროში გაწელილი ეპოპეა, მალე უნდა დასრულდეს დასასრულებელი ამბავი. სიმართლე არის ჩვენ მხარეს და შესაბამისად, საზოგადოებამ, რომელიც მართალ პოზიციაზე არის, როგორ შეიძლება თვალი გაუსწოროს ამ უნამუსობას? მაშინ შევთანხმდეთ, რომ ეს ადამიანის არის თბილისი, საქართველო და რასაც უნდა აკეთებს, ნამდვილი ფეოდალია. მე მგონი ამას არავინ მიიღებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაძაბული სიტუაციაა. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ინციდენტში მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი. საბოლოოდ სიტუაცია მანდატურებმა გაანეიტრალეს.

გარდა ამისა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრების მიმართულებით ფურცლები ისროლა, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება მოჰყვა.

დეპუტატები სხდომათა დარბაზში რჩებიან.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.