საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ზაზა ხუციშვილი, თამარ ხულორდავა, თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, სოფიო ქაცარავა საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ.
ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ისინი "ქართულ ოცნებაში" საპარლამენტო თანამდებობებსა და უმრავლესობას ტოვებენ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
"სამწუხაროდ, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროპორციული სისტემის ჩავარდნის საკითხი არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც მე პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.
პირადად მე ვარ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი. ეს ორივე არის ძალიან მაღალი თანამდებობა და მაღალი პასუხისმგებლობა, ასეთი განცხადების შემდეგ ბუნებრივია, მე მომიწევს ორივე თანამდებობის დატოვება.
სამწუხაროდ, შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა და ამაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობას, იმიტომ რომ უდიდესი ნაწილი ხმების იყო დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენი პოზიცია იყო გუნდისთვის ცნობილი. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება იყო წითელი ხაზი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა" - განაცხადა ჩუგოშვილმა.