რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსის სეზონი დაიწყო, თუმცა მისი რეალიზაცია ადგილობრივებს წელს ბევრად უფრო უჭირთ, ვიდრე წინა წლებში.
abkhaz-auto.ru-ს ცნობით, ფსოუს საზღვარზე დაახლოებით 10 ტონა ციტრუსის გადატანა ფიქსირდება, რაც შარშანდელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.
გამოცემა წერს, რომ ფსოუს საბაჟო პუნქტის ხელმძღვანელის თემურ ლასურიას თქმით, ციტრუსის ექსპორტი მთლიანობაში 5-ჯერ შემცირდა.
"მანდარინი, რაზეც ძირითადი მოთხოვნაა, ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა წლებში იყო" - აცხადებს ლასურია.
ადგილობრივების ცნობით, ამის მიზეზი აზიური ფაროსანაა, რომელსაც აფხაზეთში წლებია ებრძვიან, გარდა ამისა, მათ არ უღირთ ფსოუზე ტვირთის გადატანა, რადგან ახალი წესით ფიზიკურ პირს ერთ ჯერზე მხოლოდ 25 კილოგრამი ციტრუსის გადატანა შეუძლია. ამას ემატება ტრანსპორტირება, დოკუმენტაცია, “სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი”, რომლის გარეშეც რუსეთში პროდუქტის შეტანა აკრძალულია - მთლიანობაში კი, ხარჯი იმდენად დიდია, რომ მოგება არც რჩებათ.
იმის გათვალისწინებით რომ, ადგილობრივ გლეხებს “სერტიფიკატი” არ აქვთ, მათი ციტრუსის ექსპორტს რუსეთში, შუამავალი კომპანია ახორციელებს, რომელიც პროდუქტს მიზერულ ფასში იბარებს. აფხაზების თქმით, არის შემთხვევები, როდესაც იურიდიულ პროცედურებს რამდენიმე დღეც კი სჭირდება, ამ დროში კი, ციტრუსი რეალიზაციისთვის უვარგისი ხდება.
აფხაზების ცნობით, ე.წ. სერტიფიკატი გაიცემა მათზე, ვინც დიდ ფულს იხდის. "ფული კი, სომხურ კლანს აქვს, რომლებიც მშენებლობისა და ნარკოტიკების ბიზნესს ლობირებენ და ახლა ციტრუსის ბიზნესიც მათ ხელში გადავიდა, რის შემდეგაც ფასსაც თავად აწესებენ..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.
ადგილობრივები ჩივიან, რომ ვიდრე მოსახლეობის ნაწილი ციტრუსის, მიმოზებისა და ზღვის სეზონზე შემოსული თანხით ცდილობს თავის გატანას, რეგიონში ნარკობიზნესი წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს.
რამდენიმე დღის წინ, ფსოუს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადატანის მცდელობისთვის, გუდაუთის სოფელ ფსირცხაში მცხოვრები 24 წლის გოგონა ადელინა პილოსიანი დააკავეს. აფხაზები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ის ერთ-ერთ მსხვილ “ბიზნესჯგუფს” წარმოადგენდა და მის უკან “სოხუმური სომხური ლობი” დგას. აფხაზები მუდმივად აპროტესტებენ სომხური ლობის გაძლიერებას ბიზნესში, რომელთაც ადგილობრივების თქმითვე, დასაყრდენი აქვთ კრემლში, შესაბამისად, რეგიონში ყველა გზა ხსნილი აქვთ.
ვნებათაღელვა აფხაზეთში კიდევ ერთი საკითხის ირგვლივაა - ექსპერტთა ფონდ “Ахьыпшымра"-ს დირექტორმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ 20 წელიწადში “ქვეყანაში აფხაზურად მოსაუბრე აღარ დარჩება", რასაც აფხაზები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ 20 წელში არათუ აფხაზურად მოლაპარაკე, აფხაზიც კი არ დარჩება რეგიონში.
ჩირიკბამ გამოცემა Апсадгьыл-инфо-სთან განაცხადა, რომ კვლევის თანახმად, სოხუმში ბავშვების უმეტესობამ აფხაზური არ იცის. აფხაზების თქმით, მშობლებს და მასწავლებლებსაც თავიანთ ენაზე საუბარი დაბალ დონედ მიაჩნიათ და უპირატესობას რუსულს ანიჭებენ:
“აფხაზეთში რუსული სულ იყო გავრცელებული ენა, რადგან აფხაზები, სომხები, ქართველები და ბერძნები ერთმანეთს ამ ენაზე ესაუბრებოდნენ, თუმცა, აფხაზური ენა მაშინაც კი არ იდგა გაქრობის წინაშე, როგორც ახლა...” - წერენ აფხაზები.
ჩირიკბას თქმით, ბოლო წლებში, აფხაზეთში აფხაზურ ენას უფრო რიტუალური დანიშნულება აქვს, ვიდრე საკომუნიკაციო. მისივე თქმით, სახელმწიფო ამ პრობლემით დაინტერესებული რომ იყოს, საჯარო სამსახურში მუშაობის მსურველებს მშობლიური ენის ზედმიწევნით ცოდნას უნდა სთხოვდეს.