ავტორი:

"ისრაელიდან ტურისტმა მომწერა, მსოფლიოს დედა ხართო..." - 69 წლის მსახიობის მეურნეობა სოფელ გორდში

"ისრაელიდან ტურისტმა მომწერა, მსოფლიოს დედა ხართო..." - 69 წლის მსახიობის მეურნეობა სოფელ გორდში

გულიადა სანოძე ხონის თეატრის წამყვანი მსახიობია, მაგრამ ფერმერობაც მშვენივრად გამოსდის.

რამდენიმე წლის წინ, მეუღლის სოფელ გორდში მამაპაპეულ სახლს დაუბრუნდა ოჯახი. ხელი მიჰყვეს მეურნეობას და ხის ძველი, ორსაუკუნოვანი სახლ-კარი საოჯახო სასტუმროდ აქციეს, სადაც ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან სიხარულით ჩამოდიან.

"თეატრში ლიტერატურული წრის ხელმძღვანელიც ვარ, ამასთან, სოფელ გორდში ლიტერატურული სალონი დავაარსე, სადაც ცნობილ მწერლებსა და პოეტებს ვხვდებით.

მონიჭებული მაქვს ღირსების მედალი და ღირსების ორდენი, ვარ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოების საპატიო წევრი და ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი", - გვეუბნება გულიადა სანოძე, 69 წლის ქალბატონი.

ჩვენს რესპონდენტს უამრავი როლიდან, 50 მთავარი როლი აქვს შესრულებული. მათ შორის არის მაია წყნეთელი. მსახიობი ამ როლის საუკეთესო შემსრულებელთა სამეულშია.

- ჩვენი ხის სახლი თავის მარნით ორ საუკუნეს ითვლის. მეურნეობის წამოწყება მინდოდა, რადგან შეუძლებელი გახდა მცირე ხელფასით ცხოვრება. გავაშენე თხილის პლანტაცია, მოვაშენე ფუტკარი, მოგვყავს სიმინდი, ლობიო, მზესუმზირა, კარტოფილი, თითქმის ყველა სახის ბოსტნეული.

მყავს საქონელი, ქათმები... ბაზარზე არაფერი გაგვაქვს, მხოლოდ ჩვენთვის საკმარის სარჩოს საკუთარი შრომით მოვიპოვებთ და შვილებსაც ვეხმარებით. ამასობაში ჩვენი სოფელი ტურისტულ ზონადაც გამოცხადდა და ჩემი მეუღლის ამ მამაპაპეულ სახლში საოჯახო სასტუმროს გაკეთებაც გადავწყვიტე...

სახლი ხუთი ოთახისგან შედგება, მაგრამ პროგრამით "აწარმოე საქართველოში" 5 000-ლარიანი გრანტი მოვიგე და ორი ოთახი გავარემონტე, სველი წერტილები გავაკეთე.

ჩემს ოჯახში ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ნახავთ...

მეურნეობის პარალელურად კვლავ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ - კვირაში ოთხჯერ 20 კილომეტრის გავლა მიწევს და უკან დაბრუნება. ხომ ამდენ ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ გული არ გამიტეხია. ორი შვილი გავზარდე.

ერთი ხატმწერია, სამების მთავარანგელოზთა ეკლესია მოხატა ამირან გოგლიძესთან ერთად. მისი თამარ მეფის ხატი უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით პირველად იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ჩააბრძანეს. მეორე შვილი, პოეტი ედუარდ უგულავა, გალაკტიონის პრემიის ლაურეატი და რამდენიმე კრებულის ავტორია.

- რა მოსწონთ სტუმრებს თქვენს ეზო-კარში?

- ჩვეულებრივი სოფლის ეზოა. შესაძლოა, ცოტა მოუწესრიგებელიც. წარმოიდგინეთ, არც უცხო ენა ვიცი, მაგრამ როგორც მითარგმნიან, საიტებზე ძალიან საინტერესო გამოხმაურებებია - ენა არ იცის, მაგრამ მასთან ურთიერთობა ძალიან იოლიაო.

კანადელები განსაკუთრებულად გაოცდნენ - ამ ქალბატონის ოჯახში ძველი და ახალი კულტურა ვნახეთო. სიყვარულით მემშვიდობებიან. აქედან ადამიანი არ წასულა, თვალზე ცრემლი რომ არ ჰქონოდა. მერე მწერენ, დავტოვეთ ოჯახი, სადაც თითქოს ჩვენი ბებია-ბაბუა ცხოვრობდაო და იმედი აქვთ, რომ მეორედაც აუცილებლად ჩამოვლენ.

ისრაელიდან იყო ტურისტი და დაწერა - მსოფლიო შემოვიარეთ, მაგრამ ასეთი პოზიტიური ადამიანი არ გვინახავს, მსოფლიოს დედა ხართო... წაიკითხეთ ვრცლად

საქართველოში ექვს ექიმს საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა  -  რა დარღვევები გამოვლინდა 500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად

საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული

ლევან სურგულაძე - დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს