ერთ-ერთი პოლიციელი ლაპარაკის დროს, თვალებში მიყურებდა და ჟურნალისტებს რომ არ დაენახათ, ისე წვივებში მწარედ მირტყამდა წვეტიან ფეხსაცმელებს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ვერის ბაღში“ განაცხადა.
ვასაძემ პოლიციელების ნაწილს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი საზოგადოების მიმართ არადამიანური დამოკიდებულების გამო პასუხს აგებენ.
„ჩვენდა სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, იქ იყვნენ არაადამიანური ქცევის პოლიციელები. ერთ-ერთი მათგანი, არ გეწუწუნებით, ლაპარაკის დროს, თვალებში მიყურებდა, ღიმილით შეურაცხმყოფდა და ჟურნალისტებს რომ არ დაენახათ, ისე წვივებში მწარედ მირტყამდა წვეტიან ფეხსაცმელებს. რომ ვუთხარი, რატომ მირტყამ, ხომ ხედავ, ხელს არ გირტყამ, რა გვარის ხარ-მეთქი, ამიქნია ხელი, გაიქცა და მერე თავისი ძმა-ბიჭების დასანახად იქიდან იქაჩებოდა ჩემზე, როგორც შეუმდგარი „ძველი ბიჭი“. ასეთ პოლიციელებს მინდა ვუთხრა, რომლებიც რამდენიმე იყვნენ იქ - თქვე, მიშა სააკაშვილის ეპოქის გადმონაშთო სირცხვილო სამართალდამცავებისა, მოვა დრო და თქვენ პასუხს აგებთ ამ თქვენი არაადამიანური დამოკიდებულებისადმი ადამიანების მიმართ. ჩემთვის ცხადია, რომ ადამიანი, ვისაც ასე სიამოვნებს უაიარაღო, მშვიდობიანი ხალხის-ცემა ტყეპა, დაცინვა და ქვეშქვეშად, არაკაცურად შეურაცხყოფა, ის იმისთვის არ არის მისული, რომ სამართალი დაიცვას“, - განაცხადა ვასაძემ.
ამასთან, ვასაძემ აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც 50 წლის ადამიანისთვის, გუშინდელი აქცია უდიდესი დატვირთვა იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, 50 წელს მიტანებული კაცისთვის ეს უდიდესი ფიზიკური დატვირთვა იყო, ერთი-ორჯერ კინაღამ ძვალი მოვიტეხე, უდიდესი სიმძიმე ვიგრძენით ყველამ იმ ჭყლეტაში და გაწევ-გამოწევაში. ჩემთვის ყველზე უფრო მძიმე ამ პროცესში რა თქმა უნდა, სულიერი განსაცდელი იყო და ის შეურაცხყოფა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოგვაყენა. როცა აქედან დავიძარით მშვიდობიანი მსვლელობით, ამ „გრატოს“ შენობის სახურავიდან ვიღაც ჭინკებმა გადმოგვანთხიეს თავზე ფეკალური მასები და რამდენიმე ათეული კაცი დაისვარა ამ ფეკალური მასებით. მიუხედავად იმისა, რომ ჭინკის საქმეა სახურავზე აძვრეს და თავისი შიგთავსი გადმოგანთხიოს, ღირსეული ადამიანი ასე არ მოგექცევა, ეს იყო რაღაც სიმბოლო ამ ადამიანების მსოფლმხედველობისა. მათ ეგონათ, ჩვენ შეურაცხგვყოფენ ამ დასვრით“, - განაცხადა ვასაძემ.