მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას 4 ნოემბერს დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეპარქიას იგი ხვალ, ნაშუადღევს დატოვებს. მისივე თქმით, თუ სინოდის სხდომა გაიმართება და მიიწვევენ, ის დაესწრება, თუმცა მოითხოვს პირდაპირ ეთერს.
"ძალიან დიდ პატივს ვცემ პრინციპულ ადამიანებს და პრინციპულობას, რადგან თქვენ ასეთი პრინციპულები ხართ, გაგიმხელთ, რომ ხვალ ეპარქიიდან გავდივარ. სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და გაშუქდება საპატრიარქოს არხის "ერთსულოვნების" მეშვეობით, დავესწრები. თუ მიაჩნიათ წმინდა სინოდის წევრებს, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს, ერთსულოვნებისათვის ჯერ ბერში და შემდეგ ერში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის. აწ განსვენებული, ჩემთვის წმინდა ადამიანი, მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ამბობდა - ეკლესიაში არის მხოლოდ შვიდი საიდუმლოება, სხვა საიდომლოება ეკლესიაში არ არის. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, ვინაიდან მღვდელმთავრები და სინოდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ. დღეს ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლისა არის სინოდის სხდომების გამჭვირვალობა. მიმაჩნია, რომ სინოდის სხდომები საპატრიარქოს არხის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს. თუ მომიწვევენ დავესწრები, მაგრამ მოვითხოვ პირდაპირ ეთერს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრემ ჭყონდიდის რეზიდენციიდან პირადი ნივთების ნაწილი უკვე გაიტანა. მისი თქმით, რეზიდენციაში დარჩა პირადი ბიბლიოთეკა და მან უნდა გადაწყვიტოს, რომელ წიგნებს წაიღებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ სად გეგმავს ის წასვლას, ამბობს, რომ რჩება საქართველოში და რამდენიმე შემოთავაზებაც აქვს.
"ერთადერთი რაც დამრჩა, ეს არის ბიბლიოთეკა. უნდა გადავწყვიტო, რა წიგნებს წავიღებ და რას დავტოვებ. არის რამდენიმე შემოთავაზება კერძო პირებისგან, თუ სად გავჩერდები", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეუფე პეტრეს განცხადებით, " ყოველ დღეს აქვს თავისი საზრუნავი და ყოველი დღე გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ"
კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდნენ ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი სასულიერო პირების ნაწილი მეუფე გრიგოლის მიერ ჩატარებულ საკვირაო წირვას, მეუფე პეტრე ამბობს,რომ ეს არ ყოფილა მათი მხრიდან პროტესტი, არამედ ისინი დაკავებული იყვნენ ეპარქიის საქმეებით.
"ეს არ იყო პროტესტი. დედაოები მსახურობდნენ. წირვის შემდეგ მასპინძლობა იყო საჭირო. მამაოებსაც თავისი ვალდებულებები ჰქონდათ. ყველა ყოველთვის ვერ ესწრება წირვას",- ამბობს მეუფე პეტრე.
თავის მხრივ, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მონაზვნების განცხადებას, რომ ისინი არ დაესწრებიან წირვას, რომელსაც მეუფე გრიგოლი აღავლენს, პეტრე ცაავა ამბობს რომ ეს არ არის სწორი.
" ეს არ არის სწორი და თუ ეს ვინმემ თქვა, აუცილებლად დაიტუქსება", - განაცხადა მან.