ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ჩემპიონატის - "Bocuse d’Or Georgia"-ს ეროვნული შესარჩევი ტური 2 ნოემბერს დაიწყო და 3 ნოემბერს დასრულდება. პროექტის ორგანიზატორი კვების დაწესებულების ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო - "გასტრონავტი" გახლავთ. კომპანიის საქმიანობასა და ჩემპიონატთან დაკავშირებით ვრცლად სააგენტოს კრეატიულ დირექტორს - ლალი პაპაშვილს ვესაუბრეთ.
“სარესტორნო კონცეფციის შემუშავება, დიზაინი, გასტრო ბრენდინგი, მარკეტინგი, პიარი და ახლა უკვე გასტროივენთების ორგანიზება შედის ჩვენი კომპანიის - "გასტრონავტის" საქმიანობაში.პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით განვახორციელეთ გახლდათ - “The ART OF FEAST”, “Bocuse d’Or” კი რიგით მეორე საერთაშორისო დონის პროექტია ჩვენთვის” - აღნიშნა ლალი პაპაშვილმა.
როგორც კრეატიულმა დირექტორმა საუბრის დროს განმარტა, Bocuse d’Or ქართული კულინარიის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალებაა და კომპანიის მისია მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე საქართველოს მონიშვნაა:
"ვფიქრობ, რომ ამ პროექტის შედეგს უფრო მკაფიოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ დავინახავთ, ეს არის ტრამპლინი. ჩვენ,ფაქტობრივად, საქართველოს გასტრონომიული იმიჯის შექმნაში ვიღებთ მონაწილეობას, რაც ძალიან გვეამაყება და დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს" - განმარტა ლალიმ.
"გასტრონავტი" სულ რაღაც 15 პროფესიონალისგან დაკომპლექტებული ორგანიზაციაა და სწორედ მათ შექმნეს - "Bocuse d’Or Georgia": "თუ ევროპის ქვეყნებს 1 წელიწადი და 4-5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი სჭირდებათ მსგავსი ტიპის პროექტის ორგანიზებისთვის, ჩვენ ეს 15-მა ადამიანმა 3 თვეში შევძელით. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, 15-ვე ადამიანს, რომლებმაც არაამქვეყნიური ძალისხმევა ჩადეს იმისათვის, რომ ნაკისრი ვალდებულება უმაღლეს დონეზე შეესრულებინათ" - აღნიშნა კრეატიულმა დირექტორმა.
3 ნოემბერს ეროვნულ ჩემპიონატზე გამოვლინდება ერთი კონკურსანტი, რომელიც ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე წარსდგება, რაც ერთერთი ყველაზე დიდი ამოცანაა საქართველოსთვის: “ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია მონაწილეობა და არა გამარჯვება. მოგეხსენებათ, ჩვენ კონკურენციას ვუწევთ ევროპის წამყვან ქვეყნებს, რომლებიც წლებია "Bocuse d’Or"-ში იღებენ მონაწილეობას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პრესტიჟული კონკურსია გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისგან, ისე კერძო სექტორისგან, რადგან მსგავსი ტიპის პროექტები ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული"
გასტრონავტი, 2011 წელს შეიქმნა და ამ დროიდან, მათი ძირითადი მიმართულება მასპინძლობის სფეროში გემრიელი თავგადასავლების ძიებაა.